რუსთავში მანიაკი დადის - ეს ფრაზა წლების წინ ხშირად ისმოდა. არაერთი მკვლელობაც მოხდა. გოგონების მკვლელობებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ და რამდენიმე მამაკაცი კიდეც დააკავეს.
ყველას კარგად ახსოვს დაკავებულ სხირტლაძის ბედი, იგი კარგა ხანს ამ უმძიმესი ბრალდებით იჯდა ციხეში, სადაც პატიმრები სასტიკად გაუსწორდნენ - ყური მოაჭრეს.
დიდი ხნის შემდეგ ადვოკატების დაუღალავი შრომის შედეგად გაირკვა, რომ პაატა სხირტლაძე უდანაშაულო იყო და ციხიდანაც გაათავისუფლეს.
შემდეგ იმავე ბრალდებით მარტვილში ვინმე პირტახია დააპატიმრეს. აცხადებდნენ, რომ დაკავებული ბრალს აღიარებდა, მაგრამ არც ამ საქმეზე დასრულებულა გამოძიება. პირტახია თბილისში სპეციალური ეტაპით გადმოიყვანეს, მეორე დილით კი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ითქვა, რომ თავი მოიკლა.
რუსთაველი მანიაკის თემა ამით დაიხურა. ამ დღეებში კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 წლის ახალგაზრდა ანალოგიური ბრალდებით დააკავა. ადრე ნასამართლევ დავით პილპილაშვილს ძარცვასა და გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური კავშირის დამყარებაში დასდეს ბრალი.
ძალოვანთა მტკიცებით, ეჭვმიტანილი თავს ესხმოდა მსხვერპლს, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ძარცვავდა და აუპატიურებდა. გამოძიება აცხადებს, რომ რამდენიმე დაზარალებული გოგონა უკვე დაკითხულია. სისხლის სამართლის საქმე დავით პილპილაშვილის წინააღმდეგ 178-ე მუხლის მეორე ნაწილით და 138-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული და მას სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა.
გამოძიების მტკიცებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მისგან ამოღებულია ნაძარცვი მობილურიც.