გრეტა გერვიგის

გრეტა გერვიგის "ბარბი" ვიეტნამში პოლიტიკური მიზეზით აიკრძალა

ვიეტნამში ბარბის ახალი ფილმი პოლიტიკური მოტივით აიკრძალა. მიზეზი ერთ-ერთი სცენაა, სადაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სადავო ტერიტორიების რუკა ჩანს. ვიეტნამი კი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს არ ცნობს. თუმცა, უცნობია, ბარბის რომელ სცენას მოიხსენიებს ვიეტნამის ხელისუფლების წარმომადგენელი "შეურაცხმყოფლად".

პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვის ხელოვნურ კუნძულებზე უკვე წლებია, სამხედრო ბაზებს აგებს და საზღვაო დაცვას აყენებს. 2016 წელს ჰააგის ტრიბუნალმა ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები არასამართლებრივად ცნო, მაგრამ პეკინმა გადაწყვეტილება უგულებელყო.

თუმცა, ბარბი ერთადერთი ფილმი როდია, რომელიც ვიეტნამში ჩინეთთან ტერიტორიული დავის გამო აიკრძალა. 2019 წელს ანიმაცია Abominable-ის ჩვენება ქვეყანაში იმავე მიზეზით არ დაუშვეს. გასულ წელს ასევე აიკრძალა ფილმი Uncharted. ხოლო ორიოდე წლის წინ ავსტრალიური სერიალი Pine Gap სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიების ჩვენებისთვის წაიშალა ვიეტნამში ნეტფლიქსიდან.

სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიებზე პრეტენზიას ჩინეთის და ვიეტნამის გარდა ფილიპინები, ტაივანი, მალაიზია და ბრუნეი გამოთქვამენ.

რაც შეეხება ბარბის, გრეტა გერვიგის ამ ფილმს წლის კინომოვლენის სტატუსს უწინასწარმეტყველებენ. ბარბის თოჯინას ისტორიის შთაგონებით შექმნილ ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი თამაშობენ. კინოსურათის პრემიერა 21 ივლისსაა დაგეგმილი.