ცნობილ ინგლისელ მსახიობ ედრის ელბაზე წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ფილმში აგენტი 007-ის როლს მოირგებდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ელბამ თქვა, რომ ფილმში მონაწილეობა დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, თუმცა როლის მიმართ ინტერესი დაკარგა, როდესაც ამ თემაზე დისკუსია მხოლოდ მისი რასის გარშემო წარიმართა — მსახიობს ეუბნებოდნენ რომ კანის ფერის გამო როლისთვის შეუფერებელი იყო. ელბას თქმით, ამ ყველაფერმა გულისამრევი სახე მიიღო.
"როდესაც ჯეიმს ბონდის როლის თამაშზე ვფიქრობდი, ვამბობდი რა სიგიჟეა-მეთქი. ეს როლი ყველა მსახიობისთვის საოცნებოა. თუ ჯეიმს ბონდში მოხვდი, ამბობ 'აი, ახლა ნამდვილად მივაღწიე მწვერვალს'. ამაზე მე მგონი, მთელი მსოფლიო თანხმდება", — აღნიშნავს მსახიობი.
ელბას თქმით, საზოგადოება რასის იდეით შეპყრობილია, რაც ადამიანების მისწრაფებებსა და ზრდას აფერხებს.
"ცხადია, რასიზმი ძალიან დიდი პრობლემაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა, ჩემი აზრით, მას შეუძლია იმდენად დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენზე, რამდენადაც ამის საშუალებას მივცემთ. ჩემი თავის შავკანიან მსახიობად მოხსენიება შევწყვიტე, უბრალოდ მსახიობი ვარ. ამ იარლიყმა ჩარჩოში ჩამსვა. უნდა გავიზარდოთ, ეს აუცილებელია. ჩვენი კანის ფერი მხოლოდ კანის ფერია და სხვა არაფერი",— ამბობს ელბა.
2018 წელს ვრცელდებოდა ხმები, რომ ჯეიმს ბონდის შემქმნელები შემდეგ ფილმში მთავარ როლზე სწორედ ელბას განიხილავდნენ. 2019 წელს კი მსახიობმა თქვა, რომ გულსატკენია დამოკიდებულება, რომ ჯეიმს ბონდის როლს მხოლოდ კანის ფერის გამო ვერ ითამაშებს.