დენი ვილნევის დიუნის მე-2 ნაწილის კიდევ ერთი ახალი ტრეილერი გამოვიდა. როგორც ნავარაუდევი იყო, დიუნის მე-2 ნაწილში მეტ ბრძოლას ვიხილავთ. ფილმის გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ტიმოთი შალამესა და ზენდეიას პერსონაჟები ერთმანეთს სიყვარულში უტყდებიან.
უკვე ცნობილია იმ ახალი მსახიობების ვინაობაც, რომლებიც დიუნის მე-2 ნაწილში მიიღებენ მონაწილეობას. პირველი, ვინც დიუნის სამსახიობო გუნდს შეემატა, ლეგენდარული მსახიობი კრისტოფერ უოლკენია, რომელიც იმპერატორის როლს მოირგებს და ამ ისტორიის მთავარი ანტიგმირი იქნება.
როგორც ტრეილერში ვხედავთ, ტიმოთის პერსონაჟმა ფრემენების ნდობა მოიპოვა და ახლა მათთან ერთად აპირებს ბრძოლას. ემოციური მიმართვის შემდეგ კი, საინტერესო და დაძაბული სანახაობა იწყება.
დიუნის მე-2 ნაწილში ასევე ვიხილავთ ფლორენს პიუს, რომელიც პრინცესა ირულანს განასახიერებს. ვარსკვლავური შემადგენლობის სხვა წევრები არიან ოსტინ ბატლერი და ლეა სეიდუც.
დიუნის მე-2 ნაწილის მსოფლიო პრემიერა 3 ნოემბერს იგეგმება.