„პრავდის“ 8 ივნისის ნომერში დაიბეჭდა პროფ. პლეტნიოვის - ადამიანის ქურქში გახვეული მხეცის, სადისტის მამხილებელი წერილი.
პროფ. პლეტნიოვმა, გათახსირებულმა და გარყვნილმა, ისარგებლა პაციენტი-ქალის მოქ. ბ-ს ნდობით, მოახდინა მასზე აღმაშფოთებელი ძალადობა, დაუკბინა მკერდი, დაავადმყოფა განუკურნებელი სენით.
მოქ. ბ-მ 1934 წელს გადაიტანა მძიმე ავადმყოფობა - ტიფი, რის შემდეგაც იგი დასნეულდა გულის მოქმედების მოდუნებით. ერთ საღამოს მოქ. ბ. წავიდა პროფ. პლეტნიოვთან, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტიან მკურნალად იყო მიჩნეული. გათახსირებულმა პროფესორმა ავადმყოფი ქალი დაიბარა ღამის 12 საათისათვის. ქალი მივიდა. პლეტნიოვმა ავადმყოფი შეიყვანა სამუშაო კაბინეტში და მოახდინა მასზე სადისტური ძალადობა.
პროფ. პლეტნიოვმა, რომელსაც სურდა ამ თავისი დანაშაულის მიჩქმალვა, თვითვე დაუწყო ქალს დაკბენილი მკერდის მკურნალობა, თუმცა ეს მისი სპეციალობა არ იყო. ბოლოს მოქ. ბ-ს დაკბენით მიყენებული ჭრილობა გაურთულდა. იგი ქრონიკულ იარათ გადაექცა და ქალმა შრომის უნარი დაჰკარგა.
გათახსირებულმა პლეტნიოვმა მოინდომა როგორმე თავიდან მოეშორებინა თავისი მსხვერპლი. დანაშაულის გამოსასყიდად მას ფულიც კი შეაძლია და როდესაც ამით მიზანს ვერ მიაღწია, გადასწყვიტა შეშლილთა სახლში მოეთავსებინა იგი. პლეტნიოვი მოქ. ბ-ს არწმუნებდა, რომ მისი გადარჩენა არ შეიძლება და უმჯობესია თავი მოიწამლოს.
გაწამებულმა და გაუბედურებულმა ქალმა გაამჟღავნა სადისტი პროფესორის ველურობა.
საბჭოთა კავშირის პროკურორის ამხ. ვიშინსკის განკარგულებით დაწყებულია პროფ. დ. პლეტნიოვის მხეცური საქციელის გამოძიება.
სადისტ დ. პლეტნიოვის დანაშაულებამ უდიდესი აღშფოთება გამოიწვია მოსკოვისა და მთელი საბჭოთა კავშირის სამედიცინო მუშაკებს შორის.
გათახსირებული „მეცნიერის“ - პლეტნიოვის სადისტურმა დანაშაულებამ უაღრესად აღაშფოთა თბილისის მედმუშაკებიც.
საქართველოს მედმუშაკთა ცენტრალურ კომიტეტში, კავშირის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა თანდასწრებით შემდგარი აქტივის კრება, გაეცნო რა სადისტ პლეტნიოვის დანაშაულობებს, დაგმო ამ ბილწის ბნელი საქმენი და მოითხოვა მისი სამაგალითოდ დასჯა.
- საბჭოთა ექიმების შემრცხვენელს, ჩვენი, საზოგადოებრივობის სახელის გამტეხს, ბილწსა და გათახსირებულ პლეტნიოვს, - ნათქვამია აქტივის რეზოლუციაში, - ჩვენ ვაკრავთ სამარცხვინო ბოძზე და მოვითხოვთ საბჭოთა მოქალაქის ღირსების შეურაცხმყოფელის სასტიკად დასჯას.
აქტივმა დაავალა ექიმთა სექციის ბიუროს ფართოდ დაამუშაოს პლეტნიოვის დანაშაულობათა საკითხი ექიმთა სპეციალურ კრებებზე.
გადაგვარებული პლეტნიოვის საზიზღარ დანაშაულობათა განსახილველად 13 ივნისს შესდგა საქ. ჯანსახკომის სამეცნიერო-კვლევითი სანიტარულ-ჰიგიენური ინსტიტუტის თანამშრომელთა საერთო კრება.
- ეს უმსგავსოება, - ნათქვამია კრებაზე მიღებულ რეზოლუციაში, - მხეცური შეურაცხყოფა საბჭოთა მოქალაქისა, ახასიათებს პლეტნიოვს, როგორც კლასობრივ მტერს, გადაგვარებულსა და გახრწნილს, რომელიც შმორის სუნით სწამლავს საბჭოთა მედიცინის ჯანსაღ ატმოსფეროს. ინსტიტუტის თანამშრომელთა კრება მოითხოვს - მოეწყოს პლეტნიოვის საჩვენებელი გასამართლება.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას