ნეტფლიქსს ტრაგედიით მანიპულაციაში ადანაშაულებენ, რადგან ტიტანიკის ჩვენება დაიწყო

ნეტფლიქსს ტრაგედიით მანიპულაციაში ადანაშაულებენ, რადგან ტიტანიკის ჩვენება დაიწყო

ნეტფლიქსმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, თუ რისი ნახვა შეეძლებათ პლატფორმის მომხმარებლებს პირველი ივლისიდან. სხვადასხვა ფილმისა და სერიალის სათაურში ერთ-ერთი ჯეიმს კამერონის ტიტანიკია, რასაც მომხმარებელთა მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია OceanGate-ის ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელიც ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემგზავრებოდა, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე მყოფ 5 ადამიანთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. ცოტა ხნის წინ აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა და კომპანია OceanGate-მა დაადასტურეს, რომ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია.

სოციალურ მედიაში ნეტფლიქსის კრიტიკა დაიწყო, რადგან წყალქვეშა ნავის ტრაგედიიდან ძალიან მალე კომპანიამ ჯეიმს კამერონის ტიტანიკი პლატფორმაზე განათავსა. სოციალური ქსელები მომხმარებლები ნეტფლიქსს წყალქვეშა ნავზე მყოფი ადამიანების სიკვდილის კაპიტალიზაციასა და ტრაგედიით მანიპულაციაში ადანაშაულებენ.

"ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ და ახლა მაყურებლების მისაზიდად ტიტანიკის ჩვენება მომენტის უხეშად გამოყენებაა", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი. "ნეტფლიქსი ამ მომენტში წესიერების ყველანაირ საზღვრებს სცდება", — ვკითხულობთ კომენტარებში.

კრიტიკას ნეტფლიქსის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ და მათი განცხადებით, ტრაგედია და პლატფორმაზე ტიტანიკის გამოჩენის დრო უბრალოდ დამთხვევაა. ნეტფლიქსის განცხადებით, წყალქვეშა ნავის ტრაგედიის შესახებ 22 ივნისს გახდა ცნობილი, ხოლო პლატფორმა იმას, თუ რას იხილავს მაყურებელი პირველი ივლისიდან, თვეებით ადრე გეგმავს. ნეტფლიქსმა ისიც აღნიშნა, რომ ტიტანიკის ჩვენების შესახებ სალიცენზიო ხელშეკრულება წყალქვეშა ნავის გაუჩინარებამდე რამდენიმე თვით ადრე გააფორმა და ეს წინასწარ იყო დაგეგმილი.