კოკა ყანდიაშვილი საქართველოში უმუშევარი ტელეაკადემიკოსია. ის იყო მეორე არხის გენერალური დირექტორი. ტელეკომპანია "იმედის" პირველი გენერალური დირექტორი. თუმცა "იმედში" დაბრუნება არ უნდა, რადგან ვერ წარმოუდგენია იქ იმუშავოს და მისი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე იყოს.
კოკა ყანდიაშვილი:
- ძალიან წესიერი მოსწავლე ვიყავი ყოფაქცევითაც და სწავლითაც. თუმცა ყველა შატალოს ორგანიზატორიც და სკოლის ბუნტის ორგანიზატორი მე ვიყავი. რაც ვსწავლობდი დედაჩემი სკოლაში სულ ერთხელ იყო დაბარებული. კარგი მოსწავლე რომ ვიყავი, მე არ მბრალდებოდა. ერთხელ "შატალოზე" თბილისის ზღვაზე წავედით, გზაში ბევრი კუ შეგვხვდა. ეს დაახლოებით 24 წლის წინანდელი ისტორიაა. ჩვენი "შატალო" იმით გავამართლეთ, რომ მეორე დღეს ბიოლოგიის მასწავლებელს ორი კუ გადავეცით. მერე აღმოჩნდა, რომ ეს ორი კუ ცოლ–ქმარი იყო. მერე მთელ სკოლას მათთვის საჭმელი მოჰქონდა. კომბოსტო, სტაფილო და ა.შ.
ცხოველები გიყვართ?
- კი მიყვარს და მყავს კიდეც ძაღლი, კუბა ჰქვია. სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ძაღლი კვდება. მერე სხვა ძაღლი მოგვყავს. რა თქმა უნდა, ამას განვიცდი და ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბავშვებისთვის. ჩვენ გვყავდა ნიკი, რომელიც ინფარქტით გარდაიცვალა. ბავშვები დასასვენებლად იყვნენ. ჩამოვიდნენ და დავკრძალეთ წყნეთში. რამდენიმე თვის შემდეგ ვიყიდეთ ლაბრადორი კუბა. სახლში რომ მივდივარ ისე უხარია, რომ მგონი ტირის.
სკოლის პერიოდშიც ფიქრობდით ჟურნალისტობაზე?
- ჟურნალისტობა სულ მინდოდა. ჩემი პირველი სტატია გაზეთ "გაზაფხულში" დაიბეჭდა. 12 წლის ვიყავი. ეს გაზეთი დღემდე მაქვს შენახული. შემდეგ ჟურნალისტის სკოლაში ვსწავლობდი ერეკლე ||–ის მოედანზე იყო. ლექციებს პროფესორი ნოდარ ტაბიძე კითხულობდა. ძალიან საინტერესო იყო და ერთი სული მქონდა ლექციის დღე როდის მოვიდოდა. ამ ლექციებზე გავიგე, რომ შემიძლია ნებისმიერ გაზეთში მივიდე და წერილი მივიტანო. მახსოვს, როცა ჩემი წერილი ვინმესთან მიმქონდა, სულ აჭრელებული და გადაკეთებული იყო.
ჟურნალისტობის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?
- ჩემს წრეში არავინ იყო ჟურნალისტი. ძირითადად ტელევიზორს ვუყურებდი. ვხედავდი ჟურნალისტების მომზადებულ რეპორტაჟებს. ვფიქრობ უფრო ტელევიზორის და არა რადიოს ან გაზეთის გამო გაჩნდა ჩემში ეს სურვილი.
ახლა ხარ ტელევიზორის აქტიური მაყურებელი და პრესის მკითხველი?
- სახლში ტელევიზორი არ მაქვს და გაზეთებს არ ვკითხულობ. ოფისში ტელევიზორიც არის და გაზეთებიც მოდის. შეიძლება იქ ჩავრთო. მაგრამ ბოლო 2 წელია თითქმის არ ვკითხულობ, ძირითადად ინტერნეტით ვნახულობ საინფორმაციო სააგენტოების, ინფორმაციებს. როცა გადაცემა მიმყავდა აქტიური მკითხველი ვიყავი.
პრესის ჟურნალისტი რამდენ ხანს იყავით?
- 13–იდან 20 წლამდე სხვადასხვა გაზეთებში ვწერდი, ყველგან შტატგარეშე კორესპონდენტად.
ტყუილი დაგიწერიათ?
- ტყუილი? რა ვიცი. მიზანმიმართულად ტყუილი არასოდეს მითქვამს. შეიძლება შემილამაზებია რამე. როცა ვინმე რესპონდენტი უფრო მომწონს, ვიდრე სხვა, მასზე უფრო კარგად ვწერდი.
მიკერძოება გახასიათებდათ?
- კი, რა თქმა უნდა, ახლაც მახასიათებს. მე ხომ ადამიანი ვარ. სიმართლეც პირობითი განმარტებაა. სადაა სიმართლე? ყველას თავისი სიმართლე აქვს, სამწუხაროდ. ობიექტური ჟურნალისტები დიდი იშვიათობაა. მე უფრო სუბიექტური ვარ, მაგრამ ისეთი არასდროს არ გამიკეთებია, რომ ვინმესთვის მევნო.
როცა გადაცემა მიგყავდათ, მაშინ შევარდნაძის კაცად ითვლებოდით და თითქოს იმიტომ ხართ ახლა უმუშევარი, ახლა ამ ხელისუფლებამ ამიტომ არ მიგიღოთ?
- სააკაშვილი უბრალოდ ცუდი პრეზიდენტი რომ იყოს, ეს იქნებოდა მეტნაკლებად საინტერესო სასაუბრო თემა. ამიტომ მაგაზე საუბარს აზრი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. რევკომს ხემძღვანელობდა უზენაესი სასამართლოს ახლანდელი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. იქ იყვნენ ბევრი ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს მთავრობაშია, მათ შორის დავით პაიჭაძე, გამოვიდნენ და თქვეს ყანდიაშვილისნაირი ადამიანი პირველ არხზე არ უნდა მუშაობდესო და აღარც ვმუშაობ, უბრალოდ გამომაგდეს.
შესაძლებლობა რომ იყოს დაბრუნდებოდით ეთერში?
- ამ სიტუაციაში დაბრუნებას აზრი არ ექნება, როცა ეთერი სრულიად კონტროლდება, ის თავისუფლებაც არ არის ეთერში, რაც იგივე შევარდნაძის დროს იყო. შეიძლება პირველ არხზე არ იყო თავისუფლება მაღალი, მაგრამ თავისუფლება იყო "რუსთავი 2-ზე". დღეს ეს ყველაფერი არ არსებობს. თუ მაგრად მიყიდეს, მაშინ ალბათ გამოვალ და შემეტყობა რომ მიყიდეს.
ბატონო კოკა, "რტრ"–ის კორესპონდენტი რომ იყავით, ის დრო გაიხსენეთ.
- ძალიან საინტერესო ხალხთან მიწევდა მუშაობა. ეს ის დროა, როცა რუსეთის პრეზიდენტი არის ელცინი. ეს არის ის დრო, როცა საქართველოში იწყება ომი ჯერ სამაჩაბლოში, მერე აფხაზეთში. ვმუშაობ რუსეთის ტელევიზიაში და ჩვენი სიმართლის თქმას მაინც რაღაცნაირად ვახერხებ. პარალელურად ვხდები "რტრ"–ის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელი. საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ემირატებსა და ირანში. მაშინ ერთადერთი ტელევიზიაა და კიდევ რაღაცნაირად მუშაობს "იბერვიზია" ძალიან ცოტა საშუალება აქვს, რომ ომი გადაიღოს, მე მეტი საშუალება მაქვს, ამიტომ ამ დროს მჭიდრო თანამშრომლობას ვიწყებ საქართველოს ტელევიზიის | არხთან. მაშინ ტელევიზიას არჩილ გოგელია ხელმძღვანელობდა და ძალიან ბევრ მასალას, რომელიც ომიდან მოდის ვაძლევდი უსასყიდლოდ. სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის კადრები სულ რამდენიმე ადამიანის გადაღებულია. ერთ–ერთი მათგანი მე ვარ.
შეგიძლიათ, ომში მუშაობის პერიოდი გაიხსენოთ?
- ეს არის განსაკუთრებული გადაღებები. რამდენიმე ოპერატორი ვინც ომში მოდის, ესენი არიან ზურა ვაწაძე, საქართველოს ტელევიზიის რამდენიმე ძველი ოპერატორი, რომელებიც ძირითადად დღეს ტელევიზიიდან ყველა გაყრილია. ეს ბიჭები სიცოცხლის ფასად, ყველანაირი პირობების გარეშე, მივდივართ სამაჩაბლოში. ამ დროს საქართველოში უკვე ყაჩაღობაა, სამაჩაბლომდე ჩასვლა უკვე პრობლემაა, იმიტომ, რომ არ იცი გზაში წაგართმევენ მანქანას თუ არა. საწვავი არსად იყიდება და ამიტომ ან გია ყარყარაშვილი დაგეხმარება და რაიმე საწვავს მოგცემს, ან სადმე უნდა იშოვო რომ უკან დაბრუნდე. უნდა მიაგნო შტაბს. ერედვში თუ ერგნეთში (ზუსტად არ მახსოვს), როცა ძალიან ვიღლებოდით და ძალიან გვშიოდა, ამ სოფელს პატარა სასადილოსავით ჰქონდა გაკეთებული სპეციალურად იქ მყოფი ხალხისთვის, არ მახსოვს იმ ქალბატონის სახელი ვინც საჭმელს ამზადებდა, მაგრამ იმ სოფელში რომ მოვხვდებოდით, ვიცოდით საჭმელს შევჭამდით. სროლები იყო, ღამე იქ დარჩენა არ მიყვარდა, არანაირი პირობა არ იყო, სადაც უნდა დაგვეძინა, ან მანქანაში დაიძინებდი, ან სადმე ბიჭებთან მიწურში. სულ იყო სროლა და "რაციაში" ლაპარაკი, ისინი ოსურად ლაპარაკობდნენ და ჩვენ მეგრულად. არც ჯარი გვყავდა და არც იარაღი გვქონდა.
თქვენ ხელში იარაღი აგიღიათ?
- არა, არასდროს მისვრია. საერთოდ არ მიყვარს იარაღი. მაჩუქეს კიდეც იარაღი. მამაჩემი მონადირე იყო და მთელი ბავშვობა სანადიროდ დავყავდი. ბაბუაჩემიც მონადირე იყო. მე არ მიყვარდა სანადიროდ სიარული. ისინი იარაღს გადაიკიდებდნენ, მე უზარმაზარ და ძალიან მძიმე ზურგჩანთებს ამკიდებდნენ. სულ ვიტანჯებოდი.
ომის დროს გამოუვალ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?
- ალბათ არა, მაგრამ ყოფილა ბევრი საფრთხე და საშიში სიტუაციები. სამაჩაბლოსთან შედარებით უფრო რთული იყო ომი აფხაზეთში. როგორც კი სამაჩაბლოს ომი დამთავრდა, სამშვიდობო ძალები რომ შეიყვანეს, ვტაცე ხელი და ცოლად მოვიყვანე ჩემი მეუღლე. სხვა დროს ვერ ვახერხებდი. ცოტა ხანში უკვე აფხაზეთში დაიწყო ომი. მაშინ სოხუმში მიფრინავდა თვითმფრინავები, რომელიდანაც იღებდნენ სკამებს, იარაღს ალაგებდნენ. იარაღზე ვჯდებოდით ბიჭები და მივფრინავდით. იარაღით დატვირთული, ყველანაირი უსაფრთხოების წესების დარღვევით. თვითმფრინავი სოხუმს რომ უახლოვდებოდა, ყველანაირ ხმაურს, შუქს აქრობდა, რომ ჩვენთვის არ ესროლათ და ასე ვჯდებოდით სოხუმის აეროდრომზე. მერე შტაბამდე მისვლა იყო პრობლემა. ვიღაცას უნდა გაეყვანე მანქანით და მასხოვს, ეს სულ პრობლემა იყო. ახლა რომ ვიხსენებ როგორ ვჯდებოდი თვითმფრინავში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში ან აფეთქებულიყო ან ჩამოეგდოთ, არ მესმის, მაშინ ამ ყველაფერს არც ვუფიქრდებოდი. ამას თავგანწირვად ვერ აღვიქვამდი, მინდოდა სულ იქ ვყოფილიყავი. ერთი კვირა თბილისში, ერთი კვირა იქ ვიყავი. წერილს გამომატანდნენ, თბილისიდანაც რაღაცას გამატანდნენ.
ალბათ ბევრი ჯარისკაცის ოჯახის წევრი, მშობელი გაგიხარებიათ?
- კი, რა თქმა უნდა. არ არსებობდა რუსეთის ტელევიზიაში რაიმე ისეთი გამეგზავნა, რომ ჯერ საქართველოს ტელევიზიას არ ეჩვენებინა. რა თქმა უნდა, ამის უფლება არ მქონდა. ომის განმავლობაში სამსახურიდან 8–ჯერ გამანთავისუფლეს. ომი 14–ში დაიწყო, ცხონებულმა გიორგი შარაძემ (გურამ შარაძის ვაჟი), მაკა რაზმაძემ, მე, დათომ (გვარი დამავიწყდა), საშამ, ბატონმა კუკურიმ (სოხუმელი კაცი), შტაბი სტალინის სახლში იყო და იქ ავაწყვეთ მინი ტელევიზია. პირველად ქართულ ენაზე აფხაზეთის ტელევიზიის სიხშირით ჩვენ გავედით. ეს არის ომიდან მეხუთე–მეექვსე დღე. მე და მაკა რაზმაძემ პირველად გამოვაცხადეთ, რომ სოხუმში კომენდანტის საათი იყო და ქალაქის კომენდანტად გია გულუა ინიშნება. ეს კადრები დღემდე მაქვს შენახული. ძალიან ახალგაზრდა ვარ, მწვანე აბრეშუმის პერანგი მაცვია. გაჩეჩილი თმებით, უზარმაზარი კულულებით.
ახალმოყვანილი მეუღლე როგორ ეგუებოდა თქვენს ომში ყოფნას?
- ისე რომ ჩემი პირველი შვილის გაჩენა ომში გავიგე. მაშინ იქ იყო ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, გრაჩოვთან უნდა ყოფილიყო შეხვედრა და გაიგეს რომ გოგო გამიჩნდა, მომილოცეს, კიტოვანი მეუბნებოდა – რა მაგარია გოგო რომ გაგიჩნდა, მეც სამი გოგო მყავსო. მე ბიჭს ველოდებოდა და ცოტა გაოგნებული ვიყავი. "ალიონმა" ტელევიზიით მომილოცა ეს ამბავი, შვილის გაჩენა ასე გავიგე. მერე რუსეთის ტელევიზიამაც გამოაცხადა, ახლა ჩვენი კორესპონდენტი სოხუმშია, მაგრამ მან ჯერ არ იცის, რომ დღეს შვილი გაუჩნდაო. იქ ჩემს თვალწინ არაერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ორივე მხრიდან. მინდა ვთქვა, რომ აფხაზები ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდნენ.
სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე იყავით?
- ყოველდღე არა. ერთხელ მოხდა ისე, რომ შტაბში სამი–ოთხი ბიჭი მარტო დავრჩით, მეტი არავინ იყო. შტაბი ცარიელია. არ გვყავს მანქანა, არ გვაქვს ტელეფონი და არც იარაღი. სტალინის სახლი დგას ტყეში მთაზე და მოდის ინფორმაცია, რომ აფხაზებმა მთიდან დესანტი გადმოსხეს. საბედნიეროდ, იმ ღამეს არაფერი არ მოხდა, მაგრამ ეს ღამე იყო ძალიან ცუდი, უსაშინლესი. ადამიანები, რომლებსაც მერე პარლამენტში ვხედავდით, იგივე ვახტანგ ყოლბაია, ეთერ ასტემიროვა, გვაზავა, ესენი ჩვენთან მოდიოდნენ შტაბში, მაგრამ ისინი ადგილობრივები იყვნენ და მერე სახლში მიდიოდნენ. მათ სახლიდან მოჰქონდათ ჩვენთვის საჭმელი, ჩვენ იქ ვერც კი გავძლებდით. მთავარ შტაბში საჭმელი არ იყო.
მშივრები ხშირად იყავით?
- კი, მხოლოდ იმ ადამიანების იმედზე, ვისაც ჩვენთვის საჭმელი მოჰქონდა. რა თქმა უნდა, მოდიოდა ხოლმე პური. თბილისიდან რომ მივდიოდი, მიმქონდა ჩაი, ყავა, გაზიანს არ ვსვამ, მაგრამ შუქი არ იყო ამიტომ ჩაის ვერ ვსვამდით. შევარდნაძის ჩამოსვლა ძალიან მიხაროდა. ის თამაზ ნადარეიშვილთან მიდიოდა, უზენაესი საბჭოს შენობაში, პირველ სართულზე იყო თამაზის კაბინეტი, შევარდნაძე იქ ატარებდა თათბირებს, უკანა მხარეს იყო დასასვენებელი ოთახი და მაცივარი, სადაც შევარდნაძის საკვები ინახებოდა. დიდი არაფერი, პური, "კალბასი", ყველი, ჩაი, ყავა. ამ საკვების ნახევარს ყოველთვის მე ვიპარავდი. ერთხელ მოპარვის დროს შევარდნაძემ შემომისწრო და მითხრა: – კოკაა, მწვანე ჩაი არ წაიღოო!
ომში მუშაობის პერიოდს პროფესიულ წარმატებად თვლით?
- ეს არის 1992–93 წლები, როცა ომია, მერე არის პოსტ–ომის პერიოდი, ძალიან რთული, იყო გაჭირვება. რეპორტიორის თვალთახედვით, არის ძალიან საინტერესო დრო, რომ ომში გაცნობილ ადამიანთან გაკავშირებს სულ სხვა ვიდრე მეგობართან ან კოლეგასთან. ყოველთვის ვიცოდით რომელ ოპერატორთან ღირდა ომში წასვლა. ზოგი უარს ამბობდა და ვერც ვერავის დააძალებდი. ხელფასი ამ ყველაფრის ფონზე არის მინიმალური.
სტუდია "აუდიენციამ" არაერთი გადაცემა გააკეთა, ამ ყველაფრის შემდეგ დღეს თქვენ ხართ უმუშევარი, თუნდაც ამის გამო გინანიათ ამ პროფესიის არჩევა?
- სინანული შეიძლება არა, მაგრამ მიფიქრია სხვა პროფესია რომ ამერჩია, შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. არ ვნანობ, რომ ჟურნალისტი გამოვედი. ისე, ბავშვები მიყვარს და ამიტომ კარგი მასწავლებელი ვიქნებოდი. შეიძლება კარგი ექიმი ვყოფილიყავი. ერთი–ორი წლის წინ შემხვდა ჩემი პროფესიის მასწავლებელი, მან მითხრა რომ მოდაზე აკეთებდა გადაცემას. ეს ადამიანი საინფორმაციო პროგრამა "ვესტის" მთავარი რედაქტორი იყო. მე ვუთხარი, რომ საქართველოში უმუშევარი ვარ. მეც უმუშევარი ვარ, იმიტომ რომ მთავრობას არ მოვწონვარო, ძალიან გამიმართლა მოდაზე მაინც რომ მაკეთებინებენ გადაცემასო. ვკითხე, თუ რატომ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში ასე? მან მიპასუხა - ალბათ მე და შენ ავირჩიეთ დედამიწაზე ყველაზე დამოკიდებული პროფესიაო.