"ყველაზე საშინელი რამ, რაც დამმართვია" — რობერტ დაუნი უმცროსი ციხეში ყოფნაზე

ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი იმ დროს იხსენებს, როცა ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების გამო საპატიმროში რამდენჯერმე აღმოჩნდა. ოსკარის ნომინანტი ვარსკვლავი 1990-იან წლებში არაერთგზის იყო დაკავებული, რაც, ცხადია, მის მეხსიერებას უსიამოვნო მოგონებად შემორჩა. დაუნი საპატიმროში მოხვედრას თავის ცხოვრებაში ყველაზე საშინელ გამოცდილებად აფასებს და მას "შორეულ პლანეტაზე გაძევებას" ადარებს.

"[ციხეში] გრძნობდი, რომ ბოროტება ჰაერშიც კი ტრიალებდა, ეს კი დიდ პრობლემად არც ითვლებოდა, რადგან თავი ცუდ სამეზობლოში გეგონა", — ჰყვება მარველის ვარსკვლავი ერთ-ერთ პოდკასტში, — "არანაირი შანსი იქ არ გქონდა, მხოლოდ საფრთხე არსებობდა".

დაუნი თავდაპირველად 1996 წელს დააპატიმრეს ნარკოტიკული საშუალებების ფლობის გამო და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დააკისრეს. შედეგად, იგი ვალდებული გახდა, პერიოდულად ნარკოშემოწმება გაევლო. შემოწმებებისთვის თავის არიდების გამო, მსახიობს ჯერ ოთხი თვით, მოგვიანებით კი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საბოლოოდ, იგი საპატიმროში 15 თვე დარჩა, თუმცა, გათავისუფლებიდან მალე ისევ დააკავეს — კვლავაც ნარკოტიკული საშუალებების ქონის გამო. დაუნი ასევე დააპატიმრეს 2000 წლის გაზაფხულზე.

"მოკლედ მოვყვები", — იხსენებს დაუნი, — "სასამართლოში ვარ და განრისხებული მოსამართლე სასჯელს მიცხადებს. რაღაც მომენტში ლათინურად საუბარს იწყებს, მე კი ვფიქრობ, რომ შელოცვას კითხულობს".

საპატიმროში ყოფნისას კი, მსახიობის თქმით, თანამესაკნეებისგან დაცინვის ობიექტიც გამხდარა. თუმცა, იგი ამბობს, რომ შეგუება და გადარჩენა მაინც მოახერხა.

"ჩვენ ისე ვართ მოწყობილი, რომ მოკლე ხანშიც შეგვიძლია, ერთი შეხედვით შეუძლებელს შევეგუოთ", — ამატებს დაუნი.