სახელმწიფო სათათბიროს ქართველი დეპუტატების გარშემო

სახელმწიფო სათათბიროს ქართველი დეპუტატების გარშემო

ქართველი საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო. პირველი სიტყვით, მწერლობით თუ საქმით სცდილობს მიწასთან გაასწოროს ღირსება და მოქმედება ჩვენი დეპუტატებისა.

მეორე სცდილობს აამაღლოს, „ცამდის ასწიოს“, თითქმის გააღმერთოს, მოქმედება, საქციელი და ღირსება მათი სახელმწიფო სათათბიროში.

თუ ამ გზით ვიარეთ, შეთანხმება, რომელიც ასე საჭიროა ჩვენთვის, ვერასოდეს მოხდება. ამ კამათს ბოლო უნდა მოეღოს...

ორი თუ სამის თვით ადრე, მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ სახელმწიფო სათათბირო უნდა მოეწვივნათ. რას აკეთებდნენ სათათბიროს მოწვევამდე ისინი, ვინც ასე თავგამოდებით იცავენ ქართველ ერს და საქართველოს?!

როდესაც სახელმწიფო სათათბიროში ესტების, ლატიშების, ებრაელების, პოლონელების, სომხების, მუსულმანების და სხვათა ერების დეპუტატებმა მოთხოვნილება წარუდგინეს მთავრობას, განაცხადეს: ჩვენმა ერმა დაგვავალაო. მაშასადამე, იმ ერებს, რომელთა დეპუტატებმაც მთავრობას მოთხოვნილება წარუდგინეს, წინასწარი მოლაპარაკება ჰქონიათ და თავიანთი გადაწყვეტილების განხორციელება დეპუტატებისთვის დაუვალებიათ.

ჩვენი დეპუტატები არ არიან უცოდველნი. შესაძლებელია, ისე არ იქცევიან, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი ერის ინტერესები, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენს დეპუტატებს არა სწამთ არც საქართველო და არც ქართველი ერიო - ეს სიმართლეს მოკლებულია.

როდის იყო, რომ ჩვენს დეპუტატებს მიაწოდეს საბუთები, მასალა, დაავალეს ამის შესახებ ხმის ამაღლება სათათბიროში, და მათ ზურგი შეაქციეს ჩვენს თხოვნას?

არასოდეს!

აგერ, ბ. ჩხენკელს მიაწოდეს საბუთები, მასალა ილორის ეკლესიის და მღ. მაჯგანაძის შესახებ. ჩვენმა დეპუტატმაც ამოიღო ხმა! საქართველოს ექსარხოსმა პირდაპირ სთხოვა ჩვენს დეპუტატს: -„ნება მიბოძეთ თქვენი დახმარების იმედი ვიქონიო“-ო. ჩვენა გვრწამს, რომ ბ. ჩხენკელი თავგამოდებით დაეხმარება ექსარხოსს.

არა, ბატონებო, ჩვენს დეპუტატებს სწამთ, უყვართ საქართველო, ქართველი ერიც და იგინი უფრო ჭეშმარიტი ქართველები არიან, ვინემ ჩვენ, რომელნიც ჩვენს ქართველობას მხოლოდ უზრუნველობით, სინამდვილის შეუგნებლობით, ფრაზებით, ყვირილით და ერთმანეთის ლანძღვა-გინებით ვიჩენთ.

აი მაგალითად:

გაზეთ „საქართველოს“ მე-70 ნომერში დაისტამბა ფრიად საყურადღებო წერილი ბ. ი. ოქროაშვილისა: „მამული გვეღუპება!“

როგორც მოგეხსენებათ, მილიონერ ლიანოზოვს იჯარით აუღია შირაქი სანავთობე ბურაოების დასადგმელად. მუშაობის დასაწყობად კი განუზრახავს აქ დაასახლოს ოსმალეთიდან გადმოხვეწილი სომხობა... შირაქი თუშ-ფშავ-ხევსურთა და ქიზიყელთა მასაზრდოებელია...

ვინ იქნება დამნაშავე, რომ ბ. ლიანოზოვმა სისრულეში მოიყვანოს თავისი ეს განზრახვა და თუშ-ფშავ-ხევსურნი და ქიზიყელნი უმიწა-წყლოდ დასტოვოს!

ჩვენ თუ ჩვენი დეპუტატები? რასაკვირველია, ჩვენ და მხოლოდ ჩვენ!

მაგრამ, ჩვეულებრივად, ჩვენს დანაშაულობას თავზე მოვახვევთ ჩვენს დეპუტატებს: „რატომ ლიანოზოვის საქციელზე ჩვენმა დეპუტატებმა ხმა არ ამოიღესო!“

ბატონებო, შეაგროვეთ ამ საკითხის შესახებ დაწვრილებითი მასალები, დასწერეთ დასაბუთებული მოხსენება, დროზე გაუგზავნეთ ჩვენს დეპუტატებს და დაავალეთ ჩვენი ერის გათელილი უფლებების აღდგენა-დაცვა.

თუ ჩვენმა დეპუტატებმა უყურადღებოდ დასტოვეს ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა, ხმა არ ამოიღეს სათათბიროში და ჩვენი ერის ინტერესები არ დაიცვეს, აი მაშინ უფლება გვაქვს გავკიცხოთ იგინი...

და ასე უნდა მოვიქცეთ ყოველთვის... გვეყოფა ერთმანეთის ლანძღვა-გინება! ცალიერი ფრაზები ვერ მიანიჭებს ბედნიერებას ჩვენს ერს. სიტყვა - საქმედ უნდა ვაქციოთ. მჭიდრო კავშირია საჭირო. საჭიროა ქართველი ერის ორგანიზაცია. ვინ უნდა შეჰქმნას ეს ორგანიზაცია! ვინ უნდა იდვას თავს ეს საქმე?

- ქართულმა საქველმოქმედო საზოგადოებამ. ამ საზოგადოებამ უნდა ადევნოს თვალყური ჩვენი ერის ყოფა-ცხოვრებას, აქ უნდა იყრიდნენ თავს ჩვენი ერის საუკეთესო მოღვაწენი მიმართულების განურჩევლად.

ამ საზოგადოებას უნდა ჰყავდეს საქართველოს ყველა დაბა-სოფელსა და ქალაქებში თავისი წარმომადგენელნი და იგინი დროით უნდა აწოდებდნენ ამ საქველმოქმედო საზოგადოებას ყოველსავე ცნობას ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ეს საზოგადოება კი შეგროვილ მასალას ჩვენს დეპუტატებს უნდა აწვდიდეს.

და, აი, როცა ჩვენ ამას განვახორციელებთ მაშინ, ეჭვს გარეშეა, ჩვენი დეპუტატები, ანგარიშს გაუწევენ ამ მოვლენას, და სავალდებულოდ ჩასთვლიან დაიცვან ის - რასაც ეს საზოგადოება დაავალებს.

ასეთი ორგანიზაცია თვით ჩვენ დეპუტატებსაც ხელს შეუწყობს, ვინაიდან მათ ეცოდინებათ ვის, რომელ საზოგადოებას მიჰმართონ რომელისამე საკითხის შესახებ ცნობების და საბუთების მოსაწოდებლად.

ხოლო სანამ ჩვენ არ შევკავშირდებით ერთ დროშის ქვეშ, სანამ ერთი მთლიანი ორგანიზაცია არ გვექნება, ჩვენს ხალხთან დაკავშირებული არავითარი - არც ზნეობრივი, არც იურიდიული, - უფლება არა გვაქვს გავკიცხოთ, მიწასთან გავასწოროთ, ან და ცამდე ავამაღლოთ, „რომის უცოდველ პაპად“ გამოვაცხადოთ ჩვენი დეპუტატები...