ვფიქრობ 5-დან 10 წლამდე ძალიან დადებითი სცენარია, რადგან შეიძლება უფრო მეტი დროც დასჭირდეს [სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი მიღებიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე], - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ სახელმწიფოების შედარება არ უნდა ხდებოდეს, რადგან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე 20 წელია ელოდებიან, თურქეთი კი უფრო დიდი ხანია.
„ახლა, როდესაც მზარდია გაფართოების პოლიტიკაზე ფიქრი ბერლინში, პარიზში, შეიძლება ეს პროცესი დაჩქარდეს. თუმცა არ ვიქნები გულუბრყვილო და ასე არ ვიფიქრებ, რადგან ევროკავშირში რეფორმის გატარება 1 დღეში არ ხდება, ამას წლები სჭირდება. ასევე არ ვიქნები გულუბრყვილო იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას, რომლებიც სრულად ვერ აკონტროლებენ საკუთარ ტერიტორიებს და არაერთი რეფორმის გატარებას სჭირდებათ კანონის უზენაესობის, სოფლის მეურნეობის სფეროებში, რაც ძალიან რთულია. ჩვენ ახლა ვუყურებთ ისეთ მომავალს, რომ ამის ნაყოფი შეიძლება ჩვენ კი არა, ჩვენმა შვილებმა იხილონ“, - განაცხადა იოზვიაკმა.