(იბეჭდება შემოკლებით)
ირაკლი ოქრუაშვილი:
„მსგავსი სისულელე საღად მოაზროვნე ადამიანს თავში არ მოუვიდოდა. (საუბარია იმ ჩანაწერზე, რომელიც შსს-მ გაავრცელა და სადაც ირაკლი ოქრუაშვილი ბაჩო ახალაიას უკავშირდება და მისი პირით პრეზიდენტს, პრემიერ - მინისტრს სავარძლის სანაცვლოდ, მიტინგის დაშლას სთავაზობს - რედაქციისგან).
უაზრობაა კიდევ იმ მხრივ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტს ბრალდებები წავუყენე კაცის კვლაზე, კორუფციაზე, პარლამენტის წევრების ცემაზე და დღეს საუბარია იმაზე, რაღაც დამონტაჟებულ თუ შეთითხნილ სატელეფონო საუბარში ჩემგან თავის მართლებაზე.
მაშინ, როცა ამ ადამიანს თავი არ უმართლია ჯერ ქართველი ხალხის წინაშე. ეს ერთი და მეორე. პირველ რიგში ისევ მიშას მინდა მივმართო. ეს მეთოდები ხომ უკვე ძალიან დაძველდა - ირაკლი ბათიაშვილთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილმა იგივენაირად არ დაამონტაჟა მისი საუბარი კვიციანთან? გგონიათ ამას ვინმე დაიჯერებს? 3 ნოემბერს შემდგარა ეს საუბარი, 3 ნოემბერს ვიღაც ბაჩო ახალაიას დავურეკავდი და ასეთ რაღაცას დაველაპარაკებოდი?
მაშინ, როდესაც ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, ჩემს ტელეფონის ნომერზე არ ველაპარაკებოდი საქართველოს პრეზიდენტს... ბარემ ისიც გაიხსენონ და იმაზეც ილაპარაკონ, დაახლოებით ათი დღის წინათ ნატახტარის პოსტი რომ იყო, იმ ადგილიდან 30 - კაციანი სპეცრაზმით როგორ წამიყვანეს იძულებით სადღაც რესტორანში და სპექტაკლი როგორ დადგეს. ეს ხომ ისეთი მეთოდებია, რომელსაც არავინ არ ჭამს.
რაც შეეხება ჯიბღაშვილს. ლონდონში, პრონტო როუდზე, ასეთი ქუჩაა, ამას ოფიციალურად გიდასტურებთ, არსებობს სეიფების გამქირავებელი კომპანია. იქ, 379-ე სეიფი, რეგისტრირებულია ჩემზე, ირაკლი ოქრუაშვილზე. ეს ყუთი მე ნაქირავები მქონდა, ყუთში მედო გარკვეული დანაზოგი. დათო ჯიბღაშვილს (როცა მიუნჰენში ჩამოვფრინდი, დიდი ფინანსური რესურსები არ გამაჩნდა) დავურეკე და ვთხოვე, რადგან ის მუდმივად ლონდონში იმყოფებოდა. მას ჰქონდა მეორე გასაღები და ვთხოვე, - დათო თუ გერმანიის გავლით მოდიხარ, ამ ყუთში 4600 ევრო მაქვს შენახული, შეიარე და წამომიღე-მეთქი. ჩემი ნებართვით მან აიღო ეს ფული და ჩამომიტანა მიუნჰენში.
ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, 4600 ევროსა და 500 ათას ევროს შორის განსხვავება არ არის?! თუ იმ კომპანიაში აღმოჩნდება ჯიბღაშვილის დაფიქსირებული კადრები, სიმართლეს ყველა გაიგებს. ნახევარი მილიონი ევრო როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოცულობის შეიძლება იყოს? რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით, ერთი ჩემოდნისხელა. უაზრო სიტუაციაა, რაღაც სისულელეებზე მიწევს კომენტარის კეთება. მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი, უმძიმესი ბრალდებების ფონზე, კომენტარს არ აკეთებს საერთოდ.
ხელოსნები თუ „მასტერები“ რომ ჰყავთ იქ, მაგათ ხელში ადამიანი რომ ჩავარდება, მით უმეტეს, ისეთი გამძლეობის, როგორიც ჯიბღაშვილია, მარტივად შეიძლება ზღაპრები მოიგონოს.
პრეზიდენტს მინდა მივმართო: მიშა, მე ვარ ძალიან ცუდი ადამიანი, გარეწარი. დაწყნარდი, შეეგუე ამას. მე მაგას დაგიდასტურებ. მაგრამ მე ვარ ერთი რიგითი ოქრუაშვილი, შენ ხარ პრეზიდენტი და შენ ხარ ნაძირალა და წარმოიდგინე, რომელი უფრო მძიმეა ქართველი ხალხისთვის ასატანად - ის, რომ სააკაშვილია ნაძირალა თუ ოქრუაშვილია გარეწარი?“