ზაზა შენგელია სკანდალში გაეხვია

ზაზა შენგელია სკანდალში გაეხვია

ტელეპროგრამა „ჭორ-ნიუსის“ ავტორი და პროდიუსერი ლევან ხეთაგური 13 იანვარს პრეს-კონფერენციაზე მოყვა სკანდალური ინციდენტის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა პროგრამის გადამღებ ჯგუფსა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა შენგელიას შორის.

პრეს-კონფერენცია შედგა ტელეპროგრამის ერთ-ერთი თანამშრომლის ბინაში. მისი გამართვა კლუბ „ყაზბეგში“ იყო დაგეგმილი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ შენობის დათმობაზე უარი თქვა.

ლევან ხეთაგურის თქმით, სასტუმრო „მეტეხში“ ჩატარდა საზეიმო კონცერტი. მისი ორგანიზატორი იყო „თი-ბი-სი თივი“. კონცერტში მონაწილეობა უნდა მიეღო გამოჩენილ ქართველ პიანისტსა და კომპოზიტორს დავით ევგენიძეს, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე.

შეიტყო რა ეს ინფორმაცია, „ჭორ-ნიუსის“ გადამღები ჯგუფი სასტუმრო „მეტეხში“ მივიდა და ჩაწერა ინტერვიუ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა შენგელიასთან.

ინტერვიუში ზაზა შენგელიამ თქვა, რომ თუმცა იგია კონცერტის ორგანიზატორი, მაინც არ იცის, მონაწილეობა უნდა მიეღო თუ არა დავით ევგენიძეს კონცერტში.

ინტერვიუდან 15 წუთის შემდეგ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა შენგელიამ მოითხოვა ჩაწერილი კასეტა. მას გადამღებმა ჯგუფმა ამაზე უარი უთხრა. ამას მოჰყვა სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ცნობილი ფრაზა:

- თუ დაუყოვნებლივ არ დამიბრუნებთ კასეტას, მაშინ 15 წუთის შემდეგ მე თქვენ დაგმარხავთ, გაითვალისწინეთ, თქვენ გვამებად გაქცევთ. თქვენ იმის გააზრებაც კი არ შეგიძლიათ, რომ მე სახელმწიფო პირი ვარ.

ამ სიტყვების შემდეგ „სახელმწიფო პირი“ ჩაება ჟურნალისტებთან მუშტი-კრივში და, როგორც მათ კონფერენციაზე დელიკატურად გამოხატეს, მიაყენა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

შემდეგ, ლევან ხეთაგურის თქმით, განვითარდა სიურეალისტური სიუჟეტი. პირველი არხის ხელმძღვანელობამ, როგორც ეს დემოკრატიულ სახელმწიფოშია მიღებული, გადაწყვიტა დაეცვა „სახელმწიფო პირი“. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ლეონიძემ გადამღებ ჯგუფს განუცხადა, რომ ისინი საერთოდ არ წარმოადგენენ ტელევიზიის თანამშრომლებს.

12 იანვარს ტელევიზიის პირველი სახელმწიფო არხით უნდა გასულიყო პროგრამა „ჭორ-ნიუსი“, რომელშიც ასახული იქნებოდა ეს სკანდალური ინციდენტი.

პროგრამა ეთერიდან მოხსნეს.

ჟურნალისტები ფიქრობებ, რომ პროგრამა მოხსნეს მათ, ვისთვისაც მოკინკლავე „სახელმწიფო პირი“ ბევრად უფრო ძვირფასია ისეთ წვრილმანებზე, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება.