სერიალის მეოთხე სეზონში ჟანრი ლოლაშვილისა და გიორგი ყიფშიძესთან ერთად მთავარი გმირია ნინო ბურდული, რომელიც პრემიერ-მინისტრის როლს თამაშობს. სერიალში მას მხუთავი გაზით კლავენ და მკვლელობის გადაფარვას უბედური შემთხვევის იმიტაციით ცდილობენ.
ეს ყველაფერი ბუნებრივად იწვევს პრემიერ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულად დაღუპვის ასოციაციას.
ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ საიტზე "ცხელი ძაღლის" ანოტაციაში საგანგებოდაა მინიშნებული, რომ სერიალში ყველა გმირი და სიტუაცია გამოგონილია და მათი შესაძლო მსგავსება რეალურ ადამიანებთან ან ისტორიულ მოვლენებთან შემთხვევითია.
სერიალი მეოთხე სეზონი გადაღებულია 2006 წელს. მას შემდეგ ფილმი ტელეკომპანია "იმედმა" ეთერში გაუშვებლად შემოდო თაროზე. როგორც "ცხელი ძაღლის" პირველი ოთხი სეზონის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ფილმზე მუშაობა 2007 წლის მაისში უკვე დასრულებული იყო.
ჩვენ დავუკავშირდით იმედის გენერალურ პროდიუსერსა და "ცხელი ძაღლის" პროდიუსერს ოთარ შამათავას. მისი განცხადებით, სერიალი აკრძალული არ არის და იგი ეთერში თავიდან ბოლომდე გავა. რაც შეეხება ინტერნეტით "ცხელი ძაღლის" გავრცელებას, შამათავას თქმით, ეს საავტორო უფლებების დარღვევა და მეკობრეობაა, ანალოგიური პრობლემა აქვს "იმედის" დანარჩენ სერიალებსაც.
„ცხელი ძაღლის" რეჟისორი ზაზა ურუშაძე ფილმის რამდენიმე წლიან შეფერხებას "იმედში" განვითარებული მოვლენების გამო დიდად არ აპროტესტებს:
„ველოდებოდით, რომ "ცხელი ძაღლი" 2007 წლის სექტემბერიდან უნდა გასულიყო ეთერში. სერიალის ჩვენება თავიდანვე მეოთხე სეზონით ვერ დაიწყებოდა.
უნდა გასულიყო ჯერ წინა სეზონები, რომ მეოთხემდე მივსულიყავით. მაგრამ შემდეგ არეულობა დაემთხვა. ჯერ საერთოდ გააჩერა მაუწყებლობა "იმედმა", შემდეგ კი ქართული სერიალები აღარ გადიოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ფილმთან დაკავშირებით ცენზურა არის კოშმარი, ადამიანურად მესმის "იმედის" ხელმძღვანელების და ამას დიდად არ ვაპროტესტებ. რადგან ინტერნეტში დაიდო, ალბათ, დამალვას აზრი აღარ აქვს", - ამბობს ზაზა ურუშაძე.
ამჟამად "ცხელი ძაღლის" მეხუთე ნაწილის გადაღება დასრულდა. პაუზის შემდეგ მას ახალი რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი იღებს.
ჟანრი ლოლაშვილი: "ცხელი ძაღლი" ძალიან პოპულარული გახდა. მაყურებელი ითხოვს მის გაშვებას, ამასთან დაკავშირებით უცნობებიც მირეკავენ ხოლმე.
ახლა ვმუშაობთ ერეკლე ბადურაშვილთან ერთად. ზაზა ურუშაძე დიდ კინოში გადავიდა და ერეკლე ბადურაშვილი აგრძელებს "ცხელი ძაღლის" გადაღებას. ჩვენ შეკვეთილი გვქონდა რვა სერია და ცხრა გადავიღეთ. ამ ახალი სერიების ჩვენება ტელევიზიით თორმეტი ოქტომბრიდან დაიწყება.
ახალი სერიები კი გადავიღეთ, მაგრამ თორმეტ სერიას, რომელიც მანამდე გვქონდა გადაღებული, არ უშვებენ. ამის მიზეზი არ ვიცი. ეტყობა, ცენზორი ამუშავდა. მესამე ათასწლეულში ცენზურა სასაცილოა.“
„კვირის რეზონანსი": მიუხედავად იმისა, რომ სერიალი სეზონებადაა დაყოფილი, ყველა სეზონი მაინც ლოგიკურად ებმის ერთმანეთს. ის თორმეტი სერია რომ არ ჩავთვალოთ, რომელიც ეთერში არ მოხვედრილა, რამდენად ლოგიკური ბმაა მესამე სეზონსა იმ სერიებს შორის, რომელიც ახლახან გადაიღეთ?
ჟ.ლ: "ლოგიკურად კი ებმოდა ერთმანეთს, მაგრამ თორმეტი სერია ამოაგდეს. არ ვიცი, ვისი ინიციატივით მოხდა ეს ამბავი. ეტყობა, ვიღაც-ვიღაცებს არ აწყობს.
ყოველი მომდევნო სეზონი წინა სეზონის გაგრძელება კი არის, მაგრამ ჩვენს სერიალში არის ის მომენტი, რომ შეიძლება ახალი სეზონი დაიწყოს და ეს სულ სხვა სიუჟეტი იყოს. ამდენად, ავტონომიურად რაღაც ბლოკის ჩვენება შეიძლება".
ნინო ბურდული: "ცხელი ძაღლი" მაინც პოლიტიკურ-სოციალური დეტექტივია. ეს მომენტი ყველა ნაწილში არის. ამდენად, როგორც ფსიქოლოგიური პერსონაჟი, ჩემი პერსონაჟი ნაკლებად საინტერესო იყო. მაგრამ მაინც ჰქონდა პატარ-პატარა ნიუანსები, რაც ჩემთვის საინტერესო იყო.
პრინციპში, ეს ფილმი დიდი ხნის წინ გადავიღეთ. სამი წელია გასული უკვე. უბრალოდ, მაშინ ვიყავი ძალიან კმაყოფილი. საინტერესო სამუშაო იყო. კარგ პარტნიორებთან მიხდებოდა მუშაობა. ჯგუფი იყო ძალიან კარგი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემოქმედებითი თვალსაზრისით.
ხარისხობრივად, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვი, რადგანაც ფილმი არ მინახავს. ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ამ ფილმში, ეს არის გამომსახველობითი მხარე. ოპერატორი ჩინოვნიკურ სცენას ისეთი რაკურსითა და დიაპაზონით იღებდა, ისეთ ობიექტს არჩევდნენ რეჟისორი და ოპერატორი, რომ ძალიან საინტერესო იყო. ფილმი ამ კუთხითაც საინტერესო იქნება".
„კ.რ": "ცხელი ძაღლის" ანოტაციაში მინიშნებულია, რომ ფილმში ასახული მოვლენებისა და პერსონაჟების მსგავსება რეალურ ფაქტებთან და ადამიანებთან შემთხვევითია. თქვენ მოგიწიათ პრემიერ-მინისტრის როლის შესრულება, რომელიც ისე მოკლეს, როგორც ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით დაიღუპა ზურაბ ჟვანია...
ნ.ბ: "ეს ამ სერიალის ციკლის სპეციფიკაა. ამ სერიალის სხვა სეზონებშიც იყო ასოციაციები რეალურ ცხოვრებასთან. ეს, რა თქმა უნდა, არ არის პირდაპირი მინიშნება. არც სცენარისტებს ჰქონდათ იმის პრეტენზია, რომ ჟვანიას მკვლელობის რეალური ვერსია დაედოთ. ამდენად, ეს არ არის პირდაპირი მინიშნება. თუმცაღა ეს ყველაფერი აღებულია ჩვენი რეალობიდან. ამას არც უნდა ლაპარაკი.
იმის თქმა მინდა, რომ ერთი არის ის, რომ ვერსია, ჩვენ რასაც ვთავაზობთ, არის ერთ-ერთი რეალური ვერსია რეალური პრემიერ- მინისტრის მკვლელობისა და მეორე არის ქვეყნის საერთო სიტუაცია, არსებული ურთიერთობები. როდესაც ამისი ასახვა ხდება, ეს არის რეალისტური ნაწარმოები, რომელიც იკვებება რეალური ცხოვრებიდან. ამდენად, ის წარწერაც პრინიპში მართებულია.
აქედან გამომდინარე ასოციაციები ჩნდება. ერთ-ერთ სეზონში ბათუმის ამბებზე იყო სიუჟეტი აგებული. რა ინფორმაციაც მე მქონდა, რა თქმა უნდა, ასოციაციები მიჩნდებოდა ვისზე იყო ლაპარაკი და რა სიტუაციების მხატვრული ვერსია იყო გაკეთებული. მხატვრულ ნაწარმოებებს ასეთი წარწერები უკეთდებათ სწორედ იმიტომ, რომ ასოციაციები ჩნდება".
„კ.რ": ანუ თქვენი აზრით, ეს ყველაფერი არ ღირდა იმად, რომ სამი წელი ამ ფილმის გაშვება შეჩერებულიყო?
ნ.ბ: "მე დღესაც არ მესმის, რატომ უნდა შეჩერებულიყო პოლიტიკური მიზნით. იმიტომ, რომ ეს სერიალი პოლიტიკური დეტექტივი იყო და ყოველთვის იყო ასოციაციები რეალურ ცხოვრებასთან.
ის, რომ ზურა ჟვანია ტრაგიკულად დაიღუპა, ეს ყველამ ვიცით. ეჭვი რომ არსებობს იმაზე, რომ ის მოკლეს, ესეც ყველამ ვიცით. ეს ფილმი გავა თუ არ გავა, ამ ფაქტს რა ემატება, ან რა აკლდება, ვერ გეტყვით.
მართალი გიხრათ, მე როდესაც არ ვიცი მიზეზი, ეჭვები მიჩნდება ხოლმე და არ მომწონს თავისთავად. იმიტომ, რომ ეს მოხდა "იმედზე" თავდასხმის, შვიდი ნოემბრის ცნობილი ამბების შემდეგ. ეს ფილმი იმ წელს უნდა გასულიყო ეთერში და ვიცოდით, რომ ახალი წლიდან ახალი, მეოთხე სეზონი უნდა გაეშვათ. რომ არ გავიდა, რა თქმა უნდა, ძალაუნებურად ამან ეჭვები დაბადა, რომ ეს არის დახურული და დაპატიმრებული ფილმი.
ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ ეჭვს ბადებს, ვიდრე ის, რომ ეს ფილმი გაეშვათ. თუმცა შეიძლება ეს იმის ბრალიც იყოს, რომ სიტუაციის დაულაგებლობის მომენტი დღემდე არის "იმედში". ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ამ ნაწილის გაშვებისგან თავის შეკავება ბევრად უფრო მეტ ეჭვსა და კითხვას ბადებს.
მთავარია ის, რომ რაც სწორია, ის ნაბიჯი გადაიდგას. ამ ნაბიჯის გადადგმა ვიღაცისთვის ნებაყოფლობითია, ვიღაცისთვის კი - იძულებითი. ყოველ შემთხვევაში, პროგრესს წინ ვერაფერი დაუდგება".