ჩვენ, აქ შეკრებილ საზოგადოებას, ამ მოძრაობის ინიციატორს, თითოეულ ჩვენგანს ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ მშვიდობაშია განვითარების გასაღები და შესაბამისად, განვითარებაშია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღებიც, - ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა რუსთაველის თეატრში, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი სახალხო, საერთო მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება, ჩვენი ქმედითი წვლილი შევიტანოთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში და ვთქვათ, რომ საქართველოში არ იქნება არც რევოლუცია, არც ომი“ - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს, კვლავ აქტიურია საფრთხე იმისა, რომ სურთ საქართველოს ომში ჩართვა.
„ამ დარბაზში თქვენი ყოფნა ცხადყოფს, რომ უკიდურესად გაწუხებთ და შეშფოთებული ხართ იმ რეალობით, რაც ჩვენ გარშემო უკვე წლებია, ხდება. იმ რეალობით, რომელშიც თეთრი არის შავად წარმოჩენილი, ყოველგვარი უკუღმართობა არის ნორმად წარმოჩენილი, სამშობლოს სიყვარულს უწოდებენ პრორუსობას და ა.შ. ეს არ არის ჩვენი ლოკალური პრობლემა. მართალია, ჩვენ ჩვენი გვტკივა, მაგრამ ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან რთული ეპოქა, ყველგან კრიზისებია. აგერ ჩვენ თვალწინ, წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს ომი, რომელსაც არ უჩანს დასასრული და პირიქით, რჩება განცდა, რომ კონკრეტული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს ომი გახანგრძლივდეს, მასშტაბები გაიზარდოს და იცით, მასშტაბების გაზრდაში იგულისხმებოდა საქართველოც. ვიდრე ეს ომი მიმდინარეობს, ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს, ეს საფრთხე არსად წასულა, კვლავ რჩება, კვლავ აქტიურია საფრთხე იმისა, რომ მათ სურთ საქართველოს ომში ჩართვა. ჩვენი მოძრაობა არ არის პერსონალური ან აქ გამოსვლების, თუნდაც აქ მობრძანებულების. თქვენ ხართ ამ მოძრაობის დამფუძნებლები, ინიციატორებიც, წევრებიც, სახეებიც და სულისჩამდგმელები. ჩვენი მოძრაობის, ჩვენი სახალხო, საერთო მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება, ქმედითი წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში და ვთქვათ, რომ საქართველოში არ იქნება არც რევოლუცია და საქართველოში არ იქნება არც ომი“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.