ჟურნალისტი დავით პაიჭაძე უახლოეს მომავალში ქართული საზოგადოების წინაშე ახალი გადაცემით წარსდგება.
დავით პაიჭაძე:
- გადაცემა, ეთერში გავა კვირაში ორჯერ, 45 წუთის ხანგრძლივობით, გვეწვევა ორი სტუმარი. თითოეულთან ერთსა და იმავე თემას გავშლით განსხვავებული აქცენტებით. შევეცდებით, ყველა ის თემა, რომელიც გადაცემაში იქნება წამოწეული, თითქმის ამოვწუროთ. გადაცემა სამშაბათს და ხუთშაბათს გავა ღამის 10 საათზე. ეს მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე აგებული გადაცემა არ იქნება, მივიღე შემოთავაზება და არც მიფიქრია, ისე დავთახმდი. - გვითხრა პაიჭაძემ, რომელიც უკვე სამი წელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. პაიჭაძე პირველი არხის რადიოში უძღვება 50-წუთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ თოქ-შოუს "პიკის საათს", რომელიც მეტწილად პოლიტიკას ეხება.
დღეს ხმამაღლა საუბრობენ, რომ ტელევიზიაში ჟურნალისტები თავისუფლები არ არიან, საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე. ახალ სეზონზე აღარ გავა ინგა გრიგოლიას "პოლიტიკური კვირა", კულუარებში საუბრობენ, რომ მას გადაცემა დაუხურეს. თქვენი აზრით, შეძლებთ თქვენეული პოლიტიკის გატარებას?
- მინდა გითხრათ, რომ რადიოში ნამდვილად არის თავისუფლება, არანაირი პოლიტიკური ინტერესი რადიოში არ დევს, რაც შეეხება რამდენად იმას, რამდენად თავისუფალია ტელევიზია, ამას ძალიან მალე ვნახავ, როცა დავიწყებ იქ მუშაობს.
მე მაქვს ასეთი მიდგომა: ჩემს თავს ვთვლი თავისუფალ ჟურნალისტად და ჩემს თავისუფლებას არავის არ შევაზღუდინებ. ვიცი, რა არის ჟურნალისტური წესიერება, ჟურნალისტური თავისუფლება, მგონია, სულ ასე ვმუშაობ, რაც ჟურნალისტი ვარ.
10 წელი ვიმუშავე რადიო "თავისუფლებაში", რომელიც სათბურია ჟურნალისტისთვის. სიმართლე გითხრათ, ქართულ მედიაში დამკვიდრებული თამაშების წესები კარგად არც ვიცი - სულ მესმის გოდება იმის გამო, აი, ჟურნალისტებს ერჩიან, პოლიტიკოსები ურეკავენ, რაღაცეებს კარნახობენ, ალბათ, ეგრეა, მაგრამ ჩემთან არავის არ დაურეკავს ჯერჯერობით. არა მგონია, რომელიმე პოლიტიკოსმა ჟურნალისტიკა ჩემზე უკეთ იცოდეს, ამიტომაც მე შევეცდები, მკაფიოდ მოვნიშნო მიჯნა ჩემსა და სხვების პროფესიულ კომპეტენციებს შორის.
ინგა გრიგოლიას არც ერთს ინტერვიუში არ უთქვამს, რომ რაიმე შეზღვუდვის გამო მიდის. წასვლა - მისი გადაწყვეტილებაა, სხვათაშორის, როგორც ვიცი, მას სთავაზობდნენ დეკემბრამდე კონტრაქტს, მაგრამ უარი თქვა.
რეალობაა ის, რომ სადაც კი ინგა გრიგოლიას გადაცემა გავიდა, ყველგან დაუხურეს...
- მე თუ მკითხავთ, ინგა გრიგოლია ერთსა და იმავე გადაცემას აკეთებს, უკვე მეთორმეტე წელიწადია. უბრალოდ, სხვადასხვა სტუდიაში ხდება, სხვადასხვა სახელი ჰქვია, ფორმა ეცვლებოდა. ინგას აქვს ერთი დიდი ღირსება, მას აქვს ენერგია და მუხტი, რომელიც მოდის ეკრანიდან, მას შეუძლია "გახეთქოს", გაჭრას ეკრანი და ძალიან ახლოს მივიდეს მაყურებელთან.