საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის (განურჩევლად სქესისა და ასაკისა) ტოტალური განათლების პროცესი შეუქცევადია.
მაშინ, როდესაც ოფიციალური სტრუქტურები მომავალი თაობის საგანმანათლებლო დაკვალიანებითაა გართული, „ტელეიმედმა“ მოსახლეობის სექსუალურ განათლებას მოჰკიდა ხელი (აბა, ბნელებსა და გამოუსვლელებს ევროპაში ვინ შეგვიშვებს?! ვინ და – არავინ!), სხვათა შორის, ხელისუფლებაზე არანაკლებ საფუძვლიანად (თუმცა უხარისხოდ, მაგრამ, სამაგიეროდ, განვითარებადი ქვეყნის კვალობაზე ასატანად).
მხოლოდ „ღამე შორენასთან“ არ გვაკმარეს (რომლის ანონსიც შუადღის ტელეეთერშია, ალბათ, მცირეწლოვანთა მისაზიდად), სავარაუდოდ, ბალანსის დაცვის მიზნით, სერვისზე: „კაცი გამოძახებით“, შეაჩერეს ჩვენი ყურადღება (მეორე მხრივ, ახალი გადაცემის სახელწოდებაც იკვეთება: ღამე, პირობითად, ზაალთან).
ამ საქმეს (უგზო-უკვლოდ განათლებისას) არც კონკურსები ჩამორჩნენ და „მისტერ საქართველოს“ გამოვლენას მიჰყვეს ხელი. კონკურსში მონაწილეობის სურვილი 300-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულე ვაჟმა გამოთქვა (თუმცა ისიცაა, რომ ტრუსებში მეტად საწყალობლად გამოიყურებოდნენ, თითქმის ოსვენციმგამოვლილებივით).
ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ამ უკანასკნელებს ხმლის გალესვაზე მეტად შარვლის გახდა ეიოლებათ (ეიოლებათ და, თუ გინდა, მოკალი, ან, შარვალი ჩააცვი!).
ხოლო, მაშინ, როდესაც ზოგი შარვალს იხდის, ზოგიც – კაბას, ტელეეთერით ქართული ეროტიკის ტელეპრემიერაც შეგვაშველეს (რეჟისორ დიტო ცინცაძისა, რომელიც, თურმე, გერმანიაში მოღვაწეობს და, შესაძლოა, ამიტომაც მის ამ კონკრეტულ კინოშედევრს გერმანული პორნოს გავლენა შიგადაშიგ დაჰკრავდა). მე არ შევჩერდები ქართული ეროტიკის კინემატოგრაფიულ ღირებულებაზე (იმიტომ, რომ არ აქვს და ამის მიხვედრას კინომცოდნეობა არ სჭირდება, თუმცა, არც იმას სჭირდება დიპლომირებული ფსიქოლოგობა, რომ გარღვევა გვაქვს ეროტიკულ დეფიციტში).
სხვებთან ერთად ქართულ ეროტიკულ ფილმში ირაკლი ჩოლოყაშვილმაც ითამაშა. არათუ ითამაშა, კიდეც შეგვახსენა, რომ „ეროტიკა პრობლემა არ არის“. ჩვენ, ბუნებრივია, ვეთანხმებით ი. ჩოლოყაშვილს, სადაც ის ამბობს, რომ „ეროტიკა პრობლემა არ არის“, პრობლემა ის არის, მთელმა მსოფლიომ რომ ნახა, როგორ გამოკურცხლეს ფორმიანმა ქართველებმა ბრძოლის ველიდან.
ერთი სიტყვით, ზოგი იხდის, ზოგი იცვამს, ზოგიც გავას არხევს, ზოგსაც უნიჭო ფანტაზიები მოსძალებია და, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, დროულია (თუ დაგვიანებული არა) პრეზიდენტის შეძახილი: ქუდზე ქალი! (მანამ მაინც, სანამ „მისტერს“ ავირჩევდეთ).