სააკაშვილი მყინვარწვერის დასალაშქრად იმყოფებოდა

სააკაშვილი მყინვარწვერის დასალაშქრად იმყოფებოდა

ამჯერად მთამსვლელის ამპლუაში მოგვევლინა პრეზიდენტი... სააკაშვილს მყინვარწვერის დასალაშქრად გაუწია გულმა... ამის შესახებ ინფორმაციას მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ყაზბეგის რაიონში სააკაშვილის ჩასვლას უმალვე მოჰყვა გაუგებრობა, ინტერნეტსივრცეც გაურკვევლობამ მოიცვა - აქაოდა, რუსეთმა საზღვარი ყაზბეგის რაიონში გადმოსწია და უსაფრთხოების ზომები ამიტომაც გაძლიერდაო. თუმცა, რუსეთი აქ არაფერ შუაში არ ყოფილა, სინამდვილეში, მყინვარწვერის სიახლოვეს სააკაშვილის ჩასვლის გამო გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები და „დიდმა მთებმაც იწყეს დრეკა“.

არ ვიცით, რა განცდა დაეუფლებოდა პრეზიდენტს, თუკი ის მუდამ ღრუბლებში გახვეული, ზვიადი მყინვარწვერის 5047 მეტრ სიმაღლეზე ასვლას მართლაც მოახერხებდა და იქიდან გადმოხედავდა საქართველოს, ან კიდევ მის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე შეფენილ ბეთლემის გამოქვაბულში მოხვდებოდა, მაგრამ გამოცდილ სპორტსმენებს სააკაშვილის ალპინისტობის არ სწამთ. არც იმის სწამთ, რომ სააკაშვილი წერაქვითა და წრიაპით აღიჭურვება...

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტის ამ ვერტიკალური ვოიაჟის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თავად მისი ადმინისტრაცია. თუმცა For.ge-მ გაარკვია, რომ იმ პერიოდისთვის, როცა პრეზიდენტს მყინვარწვერი უნდა დაელაშქრა, ყაზბეგის რაიონში უამინდობა იყო, რაც, ცხადია, ამგვარი ლაშქრობებისთვის შემაფერხებელია.

მოგვიანებით, გოგა ხაჩიძემაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ყაზბეგის რაიონის მეტეოსადგურში ამინდის გაუმჯობესებას ელოდა.

ნათქვამია, მთას ვერ ამოხსნიო და, ალბათ, ამინდის გაუარესების შესახებ პრეზიდენტს ინფორმაცია არ ჰქონდა. რომც ჰქონოდა, ეს ინფორმაცია არაფერს ნიშნავდა, რადგან, როგორც გამოცდილი მთამსვლელები ამბობენ, მთაში ამინდის პროგნოზირება მეტად უმადური საქმეა, რადგან არავინ იცის, როდის გამოიდარებს და როდის გაავდრდება.

სააკაშვილის ალპინისტობის შემხედვარე, მსახიობს, პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანს „ყველაზე მართლის მთქმელი კაცი“ - მიუნჰაუზენი ახსენდება, თუმცა მიიჩნევს, რომ მიუნჰაუზენი კეთილი მაინც იყო, სააკაშვილის ბოროტებას, ფარისევლობასა და სიაფანდობას კი საზღვარი არ აქვს.

„მას წაშლილი აქვს ყველაფერი. რომ აიშვებს ქალი ან კაცი, ეს ჩემთვის ერთნაირია და მე ამას არ ვასხვავებ. სააკაშვილმაც აიშვა და გარეკა ბოლომდე. დიდი ბელადის  - ვლადიმერ ილიას ძე ლენინის შესახებაც ლაპარაკობდნენ, რომ თურმე მაგარი მოცურავე ყოფილა, თურმე მდინარე ლენას გადაცურავ-გადმოცურავდა, მაგარი მოკრივეც ყოფილა, მაგარი მოთხილამურეც. ასევეა სააკაშვილიც. ვერ არის კარგად, შიზოფრენიკია და რომელ სპორტსმენობაზე დებს თავს?! მაგას ქვა რომ მისცე, ორ მეტრზე ვერ გადააგდებს“, - ასკვნის სოსო ჯაჭვლიანი.

ვეტერან ძიუდოისტსა და მწვრთნელს, პარლამენტარ შოთა ხაბარელს ახალისებს სააკაშვილის სპორტული მიდრეკილება. ამასთან, ახსენდება ის დრო, როცა პრეზიდენტმა ცურვაშიც მოსინჯა ძალები და ნახევრად დამხრჩვალი ამოიყვანეს წყლიდან. მისი თქმით, სპორტთან არანაირი კავშირი და არანაირი სპორტული მონაცემები ამ ადამიანს არ გააჩნია. ამიტომ შოთა ხაბარელი ურჩევს პრეზიდენტს, ფრთხილად იყოს და დაანებოს მთებზე სიარულს თავი, რათა არ დაშავდეს და სხვებიც არ დააშავოს.

„მიხეილ სააკაშვილი და სპორტი, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. დარწმუნებული ვარ, მას თან ახლავს გამოჩენილი მთამსვლელები, თორემ ისე მარტო ვერ გაბედავდა წასვლას. საერთოდ, მყინვარწვერი ყველა ადამიანმა უნდა დალაშქროს, ოქტომბერში მეც ვაპირებ მის დალაშქვრას. მანამდე კი დავლაშქრე „საქართველოს ოლიმპიელი“ - ასეთი მწვერვალი, რომელიც 4200 მეტრზე მდებარეობს და, თუ ჩემსა და სააკაშვილის მონაცემებს შევადარებთ, განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ძალიან შემეცოდა სააკაშვილი. არ ვიცი, როგორ უნდა მიაბას პოლიტიკას სპორტული პიარი, მაგრამ სააკაშვილმა ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას, რადგან მასზე ცუდად იმოქმედებს და ფიზიკურად უფრო ჯაბანი გახდება“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

მისი თქმით, ალპინისტობა შეიძლება იზიდავდეს ადამიანს, მაგრამ საამისო რესურსიც უნდა გააჩნდეს. კერძოდ, პირველ რიგში, ფიზიკურად მომზადებული უნდა იყოს, უნდა ფლობდეს საკუთარ სხეულს, მოხერხებული უნდა იყოს, რადგან მთაში სიარული ცოტა სპეციფიკურია. ერთი პატარა არასწორი მოქმედება და შეცდომა შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

მოლაშქრეთა კლუბ „იეტი“-ს დამფუძნებელი დავით ცაბოშვილი აცხადებს, რომ მყინვარწვერისკენ მიმავალი რამდენიმე ასასვლელი არსებობს, ზოგი ასასვლელი რთულია, ზოგიც -შედარებით იოლი. მართალია, დავით ცაბოშვილი არ ფლობს ინფორმაციას, თუ რომელი მარშრუტით წაიყვანეს სააკაშვილი, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს ის მარშრუტი იქნება, საიდანაც ჩვეულებრივი ალპინიადები იმართება, ანუ ეს არის ნაკლებად რთული მარშრუტი.

მისი თქმით, მყინვარწვერი რომ დალაშქრო, არა მარტო ფიზიკურად უნდა იყო მომზადებული, არამედ, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიურადაც უნდა განეწყო. თუმცა დავით ცაბოშვილის თქმით, სააკაშვილი საკმაოდ გამოცდილი მოლაშქრეა, იგი ტობა ვარჩხილის ტბაზეც იყო სალაშქროდ და სპორტული წესითაც ცხოვრობს. ამდენად, წესით, მყინვარწვერზე ასვლა არ უნდა გართულებოდა.

„მყინვარწვერი პოპულარულია იმ მოლაშქრეებისთვის, ვისაც იზიდავს ექსტრემალური ტურები, რადგან მყინვარწვერი ყველასთვის განკუთვნილი არ არის. როდესაც ნისლი, თოვლი და ქარბუქია, ძალიან რთულია მყინვარწვერის დალაშქვრა და ბევრი ჯგუფი ამ მიზეზით უკან დაბრუნებულა. არ ვიცი, ახლა იქ რა ამინდია, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, თუ რაღაც პატარა შანსი მაინც იქნება, პრეზიდენტი აუცილებლად ავა მყინვარწვერზე. ვერტმფრენი ცუდ ამინდში მყინვარწვერზე ვერ გადაფრინდება, მყინვარწვერზე მხოლოდ ფეხით შეიძლება ასვლა“, - აცხადებს დავით ცაბოშვილი.

ამასთან, არ გამორიცხავს, თუკი სააკაშვილი მყინვარწვერს დალაშქრავს, შესაძლოა, მომავალში სამოყვარულო დონეზე შედარებით უფრო რთული მწვერვალებიც დაიპყროს, რომლებიც საქართველოში საკმაოდ ბევრია. მათ შორის, სვანეთის რამდენიმე მწვერვალი, რომლის დალაშქვრაც ძალიან ადვილია.

გარდა ამისა, მოლაშქრეთა კლუბ „იეტი“-ს დამფუძნებელი განმარტავს, რომ მთაში წინასწარ ამინდის განსაზღვრა ძალიან რთულია და ვერცერთი პროგნოზი ვერ განსაზღვავს, როგორი ამინდი დაგხვდება იქ. ერთ დღეს რომ მზეა, მეორე წუთს შესაძლოა წვიმა, სეტყვა და თოვლი წამოვიდეს.

მისივე თქმით, მყინვაწვერზე ყოფილა ტრაგიკული შემთხვევები და ასეთ დროს გააჩნია მარშრუტის სირთულეს. თუმცა არის პერიოდები, რომლებიც საუკეთესოა მყინვარწვერზე ასვლისთვის. კერძოდ, აგვისტრო და სექტემბრის დასაწყისი. ხოლო გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზამთარი სალაშქროდ თავისთავად რთულია.

მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე მიიჩნევს, რომ მყინვარწვერი საშუალოზე დაბალი სირთულისაა და სააკაშვილისთვის მისი დალაშქვრა მაინცდამაინც რთული არ იქნება. მით უფრო, თუკი კარგი ამინდი დახვდება. მეტიც, მთამსვლელის თქმით, ყველა ადამიანს შეუძლია მყინვარწვერზე ასვლა. თუმცა არის რთული სიტუაციებიც. მაგალითად, ცუდ ამინდში მყინვარწვერზე ასვლა ძალიან ძლიერ მთამსვლელსაც კი შეიძლება გაუჭირდეს.