ნაციონალური საცეცები „ბლუმბერგში“?!

ნაციონალური საცეცები „ბლუმბერგში“?!

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის თანამშრომელი ანა გოჩაშვილი facebook- ის საკუთარ გვერდზე „ბლუმბერგის“ ჟურნალისტსების -  ჰენრი მაიერისა და ჰელენა ბედველის მიერ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ.

„კოლეგების კრიტიკა არ მჩვევია, თუმცა არის მომენტი როდესაც სჯობს კოლეგიალობას ანგარიში არ გაუწიო და სიმართლე თქვა. მესმის, რომ ჩემმა გულხადილობამ შესაძლებელია სამსახურში უხერხულობა შექმნას, რადგან სააგენტო „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებულ, ჩემი აზრით აშკარად ტენდენციურ სტატიაზე, პრემიერ- მინისტრის პრესსამსახური პასუხის გაცემას, როგორც ჩანს, არ აპირებს. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემი პოზიცია გამოვხატო.

ჩემი განმარტებები სტატიაზე „საქართველოს ხელგაშლილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს“ (იხ. ბმული http://www.businessweek.com/articles/2013- 08- 29/georgias- billionaire- prime- minister- spreads- riches- plans- political- exit)

დავიწყებ იმით, რომ თავად ვესწრებოდი ინტერვიუს, რომელიც პრემიერ–მინისტრთან „ბლუმბერგის“ ჟურნალისტებმა ჰენრი მაიერმა და ჰელენა ბედველმა, იგივე თათია ნიკოლეიშვილმა ჩაწერეს.

თვალშისაცემი ტენდნეციურობის გარდა სტატიაში ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული, რასაც ქვემოთ ჩამოვთვლი, მაგრამ, პირველ რიგში, რამაც გადამაწყვეტინა ჩემი პოზიცია ღიად გამოვთქვა, არის ის ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც „ბლუმბერგის“ ჟურნალისტებმა ჩემი თანდასწრებით ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს და რომელზე საუბარსაც ივანიშვილი, მიუხედავად ჟურნალისტების მრავალმხრივი მცდელობისა, ყოველთვის თავს არიდებდა. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ პრემიერმა ამ თემაზე პირველად ასე ვრცლად ისაუბრა.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჟურნალისტი აბსოლუტურად თავისუფალია თავის შეფასებებში, თუმცა როდესაც ჟურნალისტს დასმულ კითხვაზე რესპოდენტისგან კონკრეტული პასუხი აქვს მიღებული და ის ამ პასუხს, მითუმეტეს ექსკლუზიურად მისთვის ნათქვამს, არ აქვეყნებს და ისევ ამ კითხვას ტოვებს სტატიის ძირითად ინტრიგად, -  სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

სააგენტოს კითხვა ასე ჟღერს: „რას უზამს ივანიშვილი თავის მილიარდებს?“

„ბლუმბერგის“ დასკვნით, ეს დღეს ყველაზე აქტუალური თემაა, თუმცა გასაოცარი ის არის, რომ სწორედ ამ „აქტუალურ თემაზე“ მიღებულ პირდაპირ პასუხს არ აქვეყნებს.

საინტერესოა, ბევრია მსოფლიოში ადამიანი, ვინც ოც წელზე მეტია თავისი ხარჯების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს? კიდევ ვინ ჰყავს ჰელენა ბედველს ჩაწერილი მილიარდერი, ვინც ეტყოდა, რომ მისი ხარჯების 90%- ზე მეტი მიდის ქველმოქმედებაში, ხშირ შემთხვევაში კი ეს ციფრი 97– 99% –ს აღწევს? რომ ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხა 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს და რომ დარჩენილი კაპიტალის ასევე მინიმუმ 90%–ს ისევ ქველმოქმედებას მოახმარს?

როდესაც უშუალოდ პირველი პირისგან იგებ ამ ინფორმაციას, როდესაც შენს მთავარ კითხვაზე -  სად წავა ბიძინა ივანიშვილის მილიარდები? რესპოდენტი გპასუხობს, რომ ის ზუსტად ასევე გააგრძელებს ქველმოქმედებას მომავალში (ანუ მისი კაპიტალის უდიდეს ნაწილს 90%- ზე მეტს უანგაროდ თავის ქვეყანას მოახმარს) და ამას არ აქვეყნებ, ბუნებრივად მიჩნდება ეჭვები სტატიის ავტორების ტენდენციურობაზე.

თავად შეაფასეთ მთლიანად სტატიის პათოსი და ყველაფერი გასაგები ხდება:

ჟურნალისტი აშკარად ცდილობს ივანიშვილის სიმდიდრე სწორედ რომ ყველაზე დიდ პრობლემად, დანაშაულად დაგვანახოს; რომ მან თავისი ფულით უკვე დააზიანა და დაანგრია ქვეყანა. მომავალშიც მისი კაპიტალი კიდევ უამრავ საფრთხეს უქადის ქვეყანას; პოლიტიკაშიც იმიტომ მოვიდა, რომ როგორმე დაიცვას და შეინარჩუნოს საკუთარი ქონება (რაც ირიბად იმასაც მიანიშნებს, რომ ეს ქონება არცთუ ისე წესიერი გზითაა ნაშოვნი, როდესაც მის დასაცავად პოლიტიკაში მოსვლა გიწევს).

ამ უარგუმენტო, აშკარად ტენდენციური პათოსის გამყარებას სტატიის ავტორები პერიოდულად სიცრუითაც ცდილობენ, მოწმეებად კი სააკაშვილის გუნდის წევრი კახა ბენდუქიძე და 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის იდეოლოგიის მხარდამჭერი ალექსანდრე რონდელი მოჰყავთ.

ახლა უფრო ვრცლად:

იმას, რომ ივანიშვილს აქვს დიდი კაპიტალი, წარმოჩენილია როგორც ბოროტების საწყისი და დემოკრატიას ეჭვქვეშ დაყენება. აბა სხვა რას უნდა ნიშნავდეს აქცენტი იმაზე, რომ ივანიშვილის კაპიტალი მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის 35–40 % შეადგენს?! ხაზგასმა იმაზე, რომ აყვავილებული სანაპირო ვილა 94 ჰექტარზეა გადაჭიმული, (საინტერესოა, რაზე დაყრდნობით სახელდება ეს ციფრი)?! სადაც არიან ზებრები, ფლამინგოები, ლემურები, ფარშევანგები, თუთიყუშები. ფლობდე ძვირადღირებულ არტ კოლექციას, რომელიც ლონდონში ინახება... 50 მილიონად შეფასებულ საცხოვრებელ სახლს (ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ეს ბიზნესცენტრია, ეს კარგად იცის თავად ჰელენ ბედველმაც, რომელიც შეგნებულად ცრუობს. პრემიერის საცხოვრებელი სახლი კი ბევრად დაბალი ღირებულებისაა), კერძო „პლიაჟი“ (როგორ შეიძლება სანაპირო იყოს კერძო, როდესაც იქ ნებისმიერ გამვლელს შეუძლია მოხვედრა).

სტატიაში ვკითხულობთ: „ სააკაშვილისთვის ივანიშვილის მილიარდებმა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი, რისკის ქვეშ დააყენა.“ და არაფერი წერია იმაზე, თუ რა საფუძველი გააჩნია ამგვარ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, იქნებ პირიქით დაეხმარა ქვეყანა უფრო დემოკრატიული გამხდარიყო?!

„გარკვეულწილად, დასავლელმა ინვესტორებმა მიატოვეს კიდეც საქართველო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილის მთავრობამ გასული წლის ბოლოს ათობით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო...“, -  ტყუილია, თითქოს ინვესტორები საქართველოდან გარბიან, დამისახელეთ ერთი გაქცეული ინვესტორი მაინც!

სტატიაში ალექსანდრე რონდელი ამბობს, ივანიშვილი პოლიტიკიდან კი წავა, მაგრამ გავლენას მოახდენს სუსტ მთავრობაზეო. აქაც არ ჩანს ჟურნალისტის ინტერესი გაარკვიოს რა გავლენის მოხდენაზეა საუბარი. სამაგიეროდ კარგად ჩანს ყველაფრის უარყოფითად დახატვის მცდელობა და მთავარ პრობლემად ისევ და ისევ ივანიშვილის კაპიტალს გულისხმობს. ეს მოსაზრება კახა ბენდუქიძის სიტყვებით არის გამყარებული: „ივანიშვილი პოლიტიკაში ნათლიმამად დარჩება...“ ანუ რა გამოდის, ბიძინა ივანიშვილმა აქამდე ხომ დააქცია ქვეყანა თავისი ქონებით და მომავალშიც გააგრძელებს ამ პროცესს?!

კახა ბენდუქიძის ციტატა – „მას უნდა იმ საქართველოში ცხოვრება, რომელიც უსაფრთხო იქნება მისთვის, მისი ოჯახისთვისაც და მისი ქონებისთვისაც“ . საინტერესოა, რა სჭირს ივანიშვილს დასაცავი?! ან რა, არ შეუძლია ისევ დაბრუნდეს საფრანგეთში და იქ იცხოვროს მშვიდად და უსაფრთხოდ? მას ხომ საქართველოში საკუთარი საცხოვრებლების გარდა არავითარი ბიზნესი არ გააჩნია და როგორც ძველ ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს (მათ შორის ჰელენა ბედველისთვისაც) მისი კაპიტალი ევროპულ და ამერიკულ ფასიან ქაღალდებშია განთავსებული.

ბუნებრივად მიჩნდება ეჭვები სტატიის ტენდენციურობაზე მაშინაც, როდესაც ვკითხულობ, რომ სააკაშვილი თურმე „ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაადანაშაულეს.“ ასეთი ზოგადი კრიტიკა შეიძლება ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსის დასახასიათებლად გამოიყენოს ოპონენტმა, სტატიაში კი არაფერია ნათქვამი იმ უამრავ დანაშაულებრივ ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და რომელიც დღეს უკვე მთელი მსოფლიოსთვის არის ცხადი.

რა, -  არ არსებობს გამოუძიებელი გახმაურებული მკვლელობები? რა, -  ბიზნესი არ იყო მართული მხოლოდ ერთი ადამიანის – სააკაშვილის მიერ და მისი ბუღალტერი არ იყო მაშინდელი მთავრი პროკურორი ზურა ადეიშვილი, რომელიც ქვეყნიდან არჩევნების მეორე დღესვე გაიქცა?! ხომ ვიცით, რომ „სუფთა“ ადამიანები ასე არ იქცევიან! არ არსებობდა ელიტური კორუფცია? რა, -  არ გაგვაწვინა მისმა სპეცრზამმა შუბლზე ლულა მიდებული ჟურნალისტები იატაკზე ? არ გახსოვს „იმედის“ ამბები?! მე მახსოვს, თან კარგად, იმიტომ, რომ მაშინ იქ ვმუშაობდი და ჩემს თავზე გადავიტანე ის, რასაც სტატიაში „მედიაზე ზეწოლას“ ეძახით, რეალურად კი დამოუკიდებელ ტელევიზიაში სპეცრაზმის შემოვარდნა იყო! ისიც მახსოვს, რომ პატარკაციშვილების ოჯახისთვის წართმეული ტელევიზიის, მეპატრონისთვის დაბრუნება, მხოლოდ რამდენიმე თვის წინ (არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში მოსვლის შემდეგ) გახდა შესაძლებელი! არ დაარბია მიტინგები და სახურავებზე არ აყარა გვამები? არ არსებობს ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ათეული ათასი ფარული ჩანაწერი -  რაც ფაქტობრივად სახელმწიფიო ტერორს ნიშნავს? არ არის წამებისა და არა ადაამიანური მოპყრობის ფაქტები? სამწუხაროდ კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.... მაგალითად ის, რაც უკვე ბევრჯერ ითქვა და პროკურატურაში ძიებაც მიმდინარეობს – მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული ლობისტებისთვის და რაოდენ ჩემთვის სამწუხარო არ უნდა იყოს, ჟურნალისტების მოსყიდვისთვის!

შესაძლებელია ეს არ იცის ჰენრი მეიერმა, მაგრამ შეუძლებელია ეს არ იცოდეს ჰელენმა.

რეალობა კი ასეთია: არც ვილა, არც სახლი, არც ბიზნეს-  ცენტრი, არც ლემურები და აუზი -  ბიძინა ივანიშვილისთვის არავის უჩუქებია, მან ეს ყველაფერი საკუთარი პატიოსანი, დიახ პატიოსანი შრომით მოიპოვა (განსხვავებით კახა ბენდუქიძისაგან, რომელმაც ათეულ მილიონებად შეფასებული სახელმწიფო ქონება სააკაშვილისგან საჩუქრად, სიმბოლურ ფასად -  1 ლარად მიიღო, დიახ სააკაშვილის ხელმოწერით!) , სამაგიეროდ, 20 წელია ის ჩუქნის საკუთარ ქვეყანას და თავის ხალხს საკუთარი შრომით მოპოვებული მილიარდების მინიმუმ 90%–ს, რაც დღეისათვის 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მთავარი, რაც იმ დღეს ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის (თქვენ კი რატომღაც დამალეთ), ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა, რომ დარჩენილი კაპიტალის მინიმუმ 90%–ს ისევ ქვეყანას მოახმარს, ისევ უანგაროდ. ამის გაცხადების ნაცვლად სტატიის ავტორი ალექსანდრე რონდელს იშველიებს და სახიფათოდ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მან პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ შეიძლება ისევ გავლენა მოახდინოს სუსტ მთავრობაზე. თითქოს, სანამ პოლიტიკაშია, ივანიშვილი ღუპავს ქვეყანას და რომ წავა -  უარეს ნგრევას გააგრძელებს...

რეალურად კი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ვიცხოვრებდით ქვეყანაში, რომელშიც ყველას უსმენენ, აშანტაჟებენ, ვიქნებოდით მუდმივ შიშში და გავაგრძელებდით ასე დათრგუნულ ცხოვრებას, ალბათ, კიდევ, რამდენიმე ათეული წელი -  რადგან სააკაშვილმა ქვეყნის კონსტიტუციაც კი საკუთარ თავზე მოირგო. ივანიშვილს შეეძლო უზრუნველად, მშვიდად ეცხოვრა მთელი დარჩენილი მისი ცხოვრება. პოლიტიკიდან წასვლა კი ბიძინა ივანიშვილის ისეთივე შორს გამიზნული და კარგად გათვლილი ნაბიჯია, როგორც მისი მოულოდნელი შემოსვლა პოლიტიკაში. ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯი და მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა გახდე თანამდებობისა და ძალაუფლების მონა.

სწორედ ქართველი ხალხის სიყვარულმა და პასუხისმგებლობის გრძნობამ, რომელსაც ქვეყნის წინაშე უნდა გრძნობდეს თითოეული მოქალაქე, მიაღებინა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება და არა როგორც ეს გამოცემის ჟურნალისტებს სურთ წარმოაჩინონ, თითქოსდა, საკუთარი ფულის დასაცავად -  იმ ფულის, რომლის 90% მეტის დახარჯვას ისევ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე გეგმავს.

სამწუხაროა, რომ ამის შესახებ ჩემი, ერთი მოქალაქის ანა გოჩაშვილის ფეისბუკის პირადი გვერდით უნდა გახდეს ცნობილი, მაშინ როდესაც ამ ფაქტის გაჟღერების ექსკლუზიური უფლება ბიძინა ივანიშვილმა „ბლუმბერგს“ მიანიჭა. დასანანია, რომ ასეთმა გავლენიანმა და პრესტიჟულმა გამოცემამ ეს უფლება ვერ ან არ გამოიყენა“.