პენსიისა და დახმარების გაზრდა 1 272 250 პირს შეეხო. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. დავით სერგეენკოს განცხადებით, სექტემბრის თვიდან მინიმალური პენსიები იზრდება. ასაკის პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი რაოდენობა 125 ლარიდან 150 ლარამდე იზრდება. პენსიის მატება შეეხება 681 392 პენსიონერს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა პენსია (I ჯგუფის ინვალიდი) - 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, პენსიის მატება შეეხება 21 892 პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია (II ჯგუფის ინვალიდი) - 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება, პენსიის მატება შეეხება 72 200 პირს, ასევე, ბავშვობიდან შშმპ პირების პენსია 70 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება, მატება შეეხება 12 921 პირს.
სოციალური პაკეტი 55 ლარიდან 100 ლარამდე გაეზრდებათ მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებს, მატება შეეხება 26 700 პირს, პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სოციალური პაკეტი 62 ლარიდან იზრდება 107 ლარამდე, მატება შეეხო 1 350 პირს, სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია 272 ლარიდან 292 ლარამდე გაიზრდება, მატება შეეხება 17 126 პირს. მინისტრის განცხადებით, საერთო ჯამში, მატება შეეხო 1 272 250 პირს.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით აღნიშნული სოციალური გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენა 110 922 825 ლარს, 2013 წლის სექტემბრიდან აღნიშნული გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 154 529 303 ლარს.
მისივე თქმით, შეიცვლება სტომატოლოგიური კლინიკებისათვის ლიცენზირების სისტემა აკრედიტაციის სისტემით, თუმცა მისი ამოქმედების ვადები არ დაუსახელებია.
„ჩვენ ვცვლით სისტემას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კლინიკების მუშაობისათვის პირობების გამკაცრება ხდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ინფექციებზე კონტროლი ქვეყანაში ზედმეტად ლოიალურია.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით 81 სოფლის ამბულატორია შენდება. მისივე თქმით, ვიდრე მშენებლობა დასრულდება, ერთეული გამონაკლისების გარდა, რეალურად სოფლის ამბულატორიები არ არსებობს.
„სოფლებში მხოლოდ შენობები დგას, რომლებიც არავის საკუთრებაში არ არის. სოფლის ექიმებთან კი, როგორც კერძო პირებთან, ისე გაფორმდა ხელშეკრულება და მათ პაციენტების მიღება სახლშიც შეუძლიათ. ამ ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობებს შევხვდით და კრიტიკულ წერტილებთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია. ასე რომ, ქვეყნის მასშტაბით 81 სოფლის ამბულატორია შენდება, თითოეულის ფართობი 40 კვადრატულ მეტრს შეადგენს“, - განაცხადა სერგეენკომ.
გარდა ამისა, ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ, თუ საჭირო გახდება, ამოქმედდება კანონი სტრატეგიული ობიექტების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ ლეგალურად და სტრატეგიულად გამოიყენოს უფლებები კლინიკების სტანდარტულ რეჟიმში სამუშაო გარემოს შესაქმნელად. როგორც მინისტრმა განაცხადა, იაშვილის სახელობის კლინიკა და დანარჩენი 4 პედიატრიული ცენტრი ჩუმად, როგორც ლუდხანა, ისე გაიყიდა.
„მთავრობა სახელმწიფო ინტერესს არ დათმობს არანაირი კერძო ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის მსხვილი პედიატრიული ჰოლდინგი, ალოგიკურია იქ განვითარებული მოვლენები. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ შეურაცხადმა ადამიანმა და გაყიდოს კლინიკები, როგორც ლუდხანა.
უცხოელი ინვესტორები ეძებენ მყარ ლობისტებს სახელმწიფოსთან, მაგრამ ამ ინვესტორებმა ავნეს ამ კლინიკებს. თუ საჭირო გახდება სახელმწიფო ლეგალურად და სტრატეგიულად გამოიყენებს კანონს სტრატეგიული ობიექტების შესახებ. ვინაიდან, ეს პედიატრიული ცენტრები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებებია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
როგორც მინისტრმა განმარტა, მას ამ დრომდე ეგონა, რომ „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენელმა თექინ ატიკმა კლინიკების მართვა არ იცოდა, თუმცა მან რელიგიური ინტერესები გამოვლინა ხატებისა და ჯვრების ჩამოხსნასთან დაკავშირებით.
„მეგონა, ამ უცხოელმა ინვესტორმა არ იცის სისტემის მართვა, მაგრამ აქ სხვა სიმპტომატიკა გამოიკვეთა რელიგიურ თემებთან დაკავშირებით და სიტუაცია მართვადი გამოდგა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სოფელ ჭელას მოვლენებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, იაშვილის სახელობის კლინიკაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის პაციენტებს, ვინაიდან მომხდარის გამო მედპერსონალი დემორალიზებული აღმოჩნდა. ამიტომ კლინიკის მართვას გააგრძელებს ის გუნდი, რომელიც მისაღები იქნება მედპერსონალისთვის. ამასთან, სერგეენკოს თქმით, თუ ვითარება არ დარეგულირდება „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენლებსა და მედპერსონალს შორის, შესაძლოა, კლინიკებში იძულებითი მმართველი შევიდეს.
სექტემბრის თვიდან მინიმალური პენსიების ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეკონომიკის ექპერტები აფასებენ. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ პენსიის აბსოლუტური მაჩვენებლის ნებისმიერი ზრდა თავისთავად არის პოზიტიური და მისასალმებელი, მაგრამ მისივე თქმით, ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც, პირველი ის, რაც უკავშირდება ახალი მთავრობის წინასაარჩევნო დაპირებებს.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ პენსია იქნებოდა საარსებო მინიმუმის ტოლი, ნომინალურად ახალმა მთავრობამ ეს გააკეთა, ანუ იმ რეალურ მაჩვენებელს რომელიც ქვეყანაში საქსტატის მიერ არის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობით 150 ლარის ფარგლებში, მიღწეულია. მაგრამ, მეორე მხრივ, ახალმა ხელისუფლებამ და პრემიერის ეკონიმიკურმა გუნდმა იხმარა ერთგვარი ეშმაკობა. შეპირებული საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვა, რაც უკავშირდებოდა სააარსებო მინიმუმის რეალური მაჩვენებლის დადგენას ქვეყანაში, ეს არ მოხდა და ჩვენ დღეს საარსებო მინიმუმი კვლავ 140 ლარი გვაქვს.
ყველა ექსპერული გაანგარიშებით, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 300 ლარის ფარგლებშია, ანუ მივიღეთ გარკვეული ეშმაკური სვლა ხელისუფლების მხრიდან. მათ ვითომდა შეასრულეს პირობა, რომ საარსებობო მინიმუმს მიუახლოვეს საპენსიო განაკვეთის აბსოლუტური მაჩვენებელი, მაგრამ რეალურად არ გადახედეს საარსებობო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდიკას და საარსებო მინიმუმი ქვეყანაში რეალურ მაჩვენებელს არ მიუახლოვეს“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
მისივე თქმით, ამ საკითხის შეფასებისას ორი საკითხია წამოსაწევი - ერთი, რომ პენსიის ზრდა კარგია, მაგრამ ის პირობები, რისი მოლოდინი საზოგადოებას ჰქონდა პენსიების ზრდასთან დაკავშირებით, არაა შესრულებული და მეტიც, ხელისუფლების და ეკონომიკური გუნდის ეშმაკობის ხარჯზე პენსიონრებიც და მთელი საზოგადოება ისევ მოტყუებულია.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ეკონომიკა იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში სერიოზული საპენსიო რეფორომა გატარდეს.
„სწორი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მთავრობის წინასაარჩევნო დაპირებები დღეს ამ წინადადებით უკვე აღსრულებულია და ხალხი კმაყოფილია. ეკონომიკა სერიოზული საპენსიო რეფორმის გატარების საშუალებას იძლევა და იმის მცდელობაც არაა, რომ გლობალურად გააზრებულ იქნას, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს საპენსიო რეფორმა. სამწუხარო ისაა, რომ მთავრობის სამოქმედო იარაღად ის კონცეფციები, რომლებიც მუშავდებოდა „ქართულ ოცნებაში“, გამოყენებული არაა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.