კოკაინის საქმიდან დათა ახალაიას მილიონ 700 ათასი ევროს მითვისებას ედავებიან

კოკაინის საქმიდან დათა ახალაიას მილიონ 700 ათასი ევროს მითვისებას ედავებიან

საქმე, რომელზეც ახლა გიამბობთ 2010 წლის 1 ივნისს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის მიერ ე.წ. „პიარის” წარმოებისა და პრემიების მიღების მიზნით დაიგეგმა. ახალაიას დავალებით კუდ-ში დაიგეგმა ე.წ. „კოკაინის საქმე”, საიდანაც კუდ-ის მაღალჩინოსანმა მილიონ 700 ათასი ევრო მიითვისა. 2006-2010 წლებში ბიზნესმენ ნუგზარ ბოჭორიშვილს, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოსთხოვეს სოლიდური თანხების გადახდა, რომლის არშესრულების შემთხვევაშიც, სოსო თოფურიძე პრობლემების შექმნით დაემუქრა, რაც 2010 წელს სისრულეში მოიყვანეს.

2010 წლის 4 ივნისს კუდ-ის თანამშრომლებმა ბოჭორიშვილის სახლის ჩხრეკისას 1 684 000 ევრო ამოიღეს, რაც დასტურდება, როგორც საქმეში განთავსებული ჩხრეკის ოქმით, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაერთხელ გაშუქებული სიუჟეტებითაც. როგორც საქმის მასალებით ირკვევა რეალურად ამოღებული 1 700 000 ევროს ნაცვლად, მათ ოფიციალურ დოკუმანეტაციაში 1 684 000 ევრო ასახეს. როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს 16 000 ევრო საწყის ეტაპზევე კუდ-ის მაღალჩინოსნებმა მიითვისეს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 122-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში, წესით, „ეროვნულ ბანკში“ უნდა ინახებოდეს ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, საქართველოს ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები. „ეროვნული ბანკიდან“ 2013 წლის 25 თებერვალს მიღებული 2-09/594-13 წერილით ირკვევა, რომ 2010 წლის 1 ივნისიდან დღემდე საქართველოს სასამართლოების ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის 0066101234 საქმესთან დაკავშირებით ნივთმტკიცების სახით ამოღებული რაიმე ფასეულობა საქართველოს „ეროვნულ ბანკში“ შენახვის მიზნით არ ყოფილა წარმოდგენილი.

როგორც ადვოკატი მირიან ნიკოლაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, „ეროვნული ბანკიდან“ მიღებული წერილით დასტურდება, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებული სოლიდური თანხა დათა ახალაიამ მიითვისა. ადვოკატი პროკურატურისგან ითხოვს ამ საქმეზე დათა ახალიას წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება.

„წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცალსახადაა დადასტურებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანის დათა ახალაიას მხრიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებული სოლიდური თანხის მითვისების ფაქტი, რაც თავის მხრივ, დაადასტურა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. პროკურატურაში აღძრულია საქმე ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ და მილიონ 700 ათასი ევროს მითვისებაზე, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ სისხლის სამართლწარმოება ყველა იმ პასუხისმგებელი პირის მიმართ, რომელთაც დანაშაულებრივად მიითვისეს მითითებული თანხა.

გამოძიებით დადგენილია, რომ სხვადასხვა პირებს, დათა ახალიას მეთაურობით, მითვისებული აქვთ მილიონ 700 ათასი ევრო, რომელიც არ ჩარიცხულა არც ბიუჯეტში, არც ეროვნულ ბანკში და ჰქონდათ პირადი მოხმარებისთვის. გავიდა 9 თვე და გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. 150 ათასი ევრო დათა ახალიამ პირადად თავისი ხელით გადასცა თავის დროზე ბესარიონ სურმავას, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი მისი გადმობირებისთვის.

მას დათა ახალაიასგან პირადად გადაეცა თანხა. ეს ფაქტი ჩვენი მოგონილი არ არის. ამაზე მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ შედეგი არ დგება. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საქმის გამოძიება ფერხდება კოაბიტაციური რეჟიმის თუ სხვა რამის გამო, არ ვიცი. მე, დათა ახალიას და როლანდ ახალაიაზე სხვა საქმეებიც მაქვს, რომელიც ყველგან შეფერხებულია. გვაინტერესებს, თუ ხელშეუხებლები არიან, განგვიცხადოს პროკურატურამ, რომ დათა ახალაიაზე არ აღიძრება საქმე და მას პრობლემა არ შეექმნება“, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, იმის დასტურად, რომ სისხლის სამართლის 0066101234 ე.წ „კოკაინის საქმე“ გახლდათ მხოლოდ კუდ-ის მაღალჩინოსნების მიერ, პირადი სარგებლის გამო შეთხზული, ასევე დასტურდება ბიზნესმენ ბოჭორიშვილის კერძო ქონების მიმართ მათი არადამიანური მოპყრობის ფაქტი. გარდა იმისა, რომ უპირობოდაა სახეზე დანაშაულებრივი ფაქტი, კიდევ უფრო მეტად მძიმეა მისი მორალური მხარე, ვინაიდან მოქმედი სამართალდამცავი მუშაკების მიერ, საკუთარი ხელით დატაცებული იქნა ინვენტარი, პირადი მოხმარების საგნები, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ქონება და სხვა.

კერძოდ, 2010 წლის, სავარაუდოდ, 3 დეკემბრის შემდგომ პერიოდში, ანუ მას შემდგომ, რაც კუდ-ის თანამშრომლებმა შეიტყვეს პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, მათ დაარბიეს და პირადი სარგებლობისათვის დაიტაცეს თბილისში, ე.წ „ვაკე-საბურთალოს“ სასფლაოზე მდებარე, ნუგზარ ბოჭორიშვილის კუთვნილი სარიტუალო დარბაზი.

„ვითხოვთ დაიწყოს სისხლის სამართალწარმოება კუდ-ის თანამშრომლების მხრიდან სარიტუალო დარბაზში განთავსებული ქონების დატაცებისა და დაზიანების ფაქტზე, ხოლო ვინაიდან, შესაძლოა, მითითებული ქონება ამჟამადაც იმყოფებოდეს დამნაშავე პირების საკუთრებაში, ვითხოვთ, უმოკლეს ვადებში გაატარონ გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მათი ამოღების მიზნით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მირიან ნიკოლაძე.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად დაგეგმვისა და მისთვის მიზანმიმართულად რეზონანსულობის შეძენის კიდევ ერთ დასტურს წარმოადგენს ისიც, რომ გარდა ზემოაღნიშნული სოლიდური თანხების მითვისებისა, კუდ-ის თანამშრომლების ინიციატივითა და ხელშეწყობით, დღემდე დაყადაღებულია ბოჭორიშვილის დედის მარია ბოჭორიშვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი.

„ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი” 2010 წლის ივნისის მდგომარეობით ფიზიკურად არ არსებობდა საქართველოში, თვით კუდ-ის თანამშრომლებიც სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ გარკვეული გზებით მის მოპოვებას, რათა შემდგომში მომხდარიყო კოკაინის „ჩადება”, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ სვანიძის ა/მანქანაში „ჩაედოთ” სხვა ნივთიერება, რომლიც შემდგომი მანიპულაციების გზით (ყალბი საექსპერტო დასკვნით) გამოცხადდებოდა „კოკაინად”, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს ცემა-წამების ფაქტთან დაკავშირებით. კოკაინის ცნობილ საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო გამოძიება ამ პირების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე. გამოძიებით დადასტურებულია, რასაც დაკითხული ადამიანები მიუთითებენ, რომ დათა ახალაია საკუთარი ხელით აწამებდა და არაადამიანურად ეპყრობოდა ბრალდებულებს, საქმეში ასევე ფიგურირებს ახალაიას მარჯვენა ხელი სოსო თოფურიძე.

„დათა ახალაიას მარჯვენა ხელი წამების დროს, სოსო თოფურიძე იყო, მას წამების საქმეების კურირება ევალებოდა. თოფურიძე ახალიებს მოურავივით ჰყავდათ, თოფურიძის მოვალეობა იყო დამლაგებელი მოეყვანა და სისხლის გუბე რომელიც ითახში დგებოდა მოეწმინდათ, ცემისგან გონება დაკარგული ადამიანები ოთახიდან გაეყვანათ, ასეთი საქმეების კურატორი იყო სოსო თოფურიძე. ახალაია ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანიაკისა და სადისტის მეთოდებით უსწორდებოდა ადამიანებს.

„დათა ახალაიამ საკუთარ კაბინეტში რკინს ხელჯოხით სცემა გიორგი ჩეჩელაშვილი, ფეხებიდან სისხლი რომ სდიოდა ჩეჩელაშვილს, ამაზე ახალაია შეშლილივით იცინოდა. გორგოლაჭებიან სკამზე იჯდა, მაგიდას წიხლს მიარტყამდა, გაშორდებოდა, დაარტყამდა წაქცეულს და უკანვე გაასრიალდებოდა. ასე აწამა ნუგზარ ბოჭორიშვილის დის ქმარი მევლუდ სვანიძე, რომელიც ტყეში წაიყავნეს, ხეზე ფეხით დაკიდეს და უმოწყალოდ სცემს, მერე ჩამოხსნეს და ეუბნებოდნენ - აბა ჩქარა გაიქეციო, ესეც გაიქცეოდა და ამ დროს ახალაია ჰაერში იწყებდა სროლას. სვანიძე ყველა გასროლაზე ძირს ვარდებოდა. ასეთი ტერორის ქვეშ იყვნენ ეს ადამიანები. დათა ახალაია ყოველთვის კაიფში იყო, რას აკეთებდა, ვეღარ აზროვნებდა“, - აღნიშნა ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ.