დავების განხილვის საბჭომ კომპანია „იუ-ჯი-თის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომელიც თბილისში მდებარე პარლამენტის აპარატის საქსელო მოწყობილებების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვდა.
კერძოდ, აპარატის, მათ შორის, ოთხი დარბაზის - ილია ჭავჭავაძის, პირველი რესპუბლიკის, პლენარული სხდომებისა და კონოდარბაზის მოწყობის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „გრინ პროჯექტმა“ გაიმარჯვა, თუმცა, ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ „იუ-ჯი-თმა“, რომლის უკანაც პოლიტიკურ კულუარებში არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა დგას, დავების განხილვის საბჭოს ტენდერის შედეგების გაუქმების მოთხოვნით 18 აგვისტოს მიმართა.
„იუ-ჯი-თი“ განსაკუთრებით იმ ფაქტს აპროტესტებდა, რომ „გრინ პროჯექტის“ მიერ აპარატისთვის შეთავაზებული „Cisco Prime Infrastructure 1.2 ვერსიაში ბრანდმაუერების მენეჯმენტი რეალიზირებული არ არის და პარლამენტი კომპანიას საშუალებას აძლევს Cisco Prime Infrastructure 2.X ვერსია მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მას შემდეგ შეიძინოს, რაც აღნიშნული ვერსია გამოვა.
დავების განხილვის საბჭომ „იუ-ჯი-თის“ სარჩელი 22 აგვისტოს განიხილა და გადაწყვეტილება ორიოდე დღის წინ გამოიტანა, რომელიც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ოპერატიულად განთავსდა.
საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, „გრინ პროჯექტის“ მიერ წამოდგენილი ინფორმაცია და მოთხოვნილი მახასიათებლის გაშვების თარიღი ჯდება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მიწოდების ვადაში. შესაბამისად, „იუ-ჯი-თის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, გადაწყვეტილების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
პარლამენტში თუ როდის დაიწყება საქსელო მოწყობილობების აღდგენის პროცესი, რომლის დემონტაჟიც წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ამის გარკვევის მიზნით, for.ge პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილეს, შოთა გოშაძეს დაუკავშირდა.
გოშაძის ცნობით, ხელშეკრულების დადებისთვის ხუთდღიანი ვადა არსებობს, შესაბამისად, აპარატი მომავალ კვირას პროცედურებს გაივლის და სამუშაოები სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაიწყება.
„გრინ პროჯექტმა“ პარლამენტის მთლიან შენობაში კომპიუტერული ქსელი უნდა გააკეთოს და კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები სრულყოფილად სამი თვის ვადაში, ნოემბერში უნდა ჩაგვაბაროს“, - განუცხადა for.ge-ს გოშაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში სამუშაოებს ნოემბრის ბოლოს არ დაამთავრებს, კომპანიას ჯარიმის სახით, ყოველდღიურად, 9 ათასი ლარი დაეკისრება. სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ კი, „გრინ პროჯექტი“ უწყებას 1 897 377 00 ლარს სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დარბაზების დემონტაჟი წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელდა. აპარატმა კი, ისტორიული შენობის დარბაზების მოწყობის მიზნით, ტენდერი აპრილის დასწყისში გამოაცხადა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაობის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა არცერთმა ფირმამ არ აიღო, რაც ძირითადად, გახმოვანების სისტემების დამონტაჟების სირთულეს უკავშირდებოდა.