სადაზღვევო კომპანიები ვალებში იხრჩობიან

სადაზღვევო კომპანიები ვალებში იხრჩობიან

 

კერძო სადაზღვევო კომპანიები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, სპეციალისტები წინასწარმეტყველებდნენ კიდეც, რომ კლინიკების აშენებისა თუ ხელისუფლების მიერ დაკისრებული იძულებითი ვალდებულებების გამო, უახლოეს მომავალში სადაზღვევო სექტორი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. დღეს კი გვინდა თუ არა, სადაზღვევო სექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს სადაზღვევო კომპანიებთან ერთად გამოსავალი გამოძებნოს. როგორც გამოიკვეთა, არ არსებობს ქვეყნაში სადაზღვევო კომპანია, რომელსაც ფინანსური პრობლემები არ აქვს, ხოლო რამდენიმე კომპანია სულაც გაკოტრების პირასაა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები არსებობს სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“, „ალფაში“ და კლინიკების ქსელის მფლობელ კომპანია „ადითში“. „არქიმედეს“ 12 მილიონამდე დავალიანება აქვს, თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, საგანგაშო არაფერია და ყველაფერი გამოსწორებადია.

ცნობილია, რომ სადაზღვევო კომპანია „ალფას“პრობლემების გამო, საერთოდ სურს სახელმწიფო პროგრამის დატოვება. „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ კი იძულებითი ადმინისტრატორია შესული.

კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „არქიმედეს გლობალი“ 2007 წელს იარონ ინბარმა ჩამოაყალიბა. ინვესტიციების პირველი ეტაპის შედეგად ჩამოყალიბდა „ვიოლა“ ჯგუფი. ლეუმი პარტნიორები და შუკი მადანესი დამფუძნებელ ინვესტორთა შორის არიან ისრაელისა და სხვა ქვეყნებიდან. „არქიმედე“ ფლობს სამ სადაზღვევო კომპანიას, ყაზახეთში, საბერძნეთსა და საქართველოში. სადაზღვევო საქმიანობასთან ერთად კომპანია აქტიურად მოღვაწეობს ჯანდაცვის მომსახურების სფეროშიც. კომპანიის წმინდა შემოსავალმა 2010 წელს 20 მილიონი აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. „არქიმედე“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს. ამ მიზნით კომპანია კაპიტალის გაზრდას გეგმავს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი), 2 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მეშვეობით, თავისი სადაზღვევო ბიზნესის განვითარებისა და სამედიცინო კლინიკების გასახსნელად.

ინვესტორებისა და ინვესტიციების შესახებ ბოლო ინფორმაცია „არქიმედეს ჯგუფის“ 17%-იანი წილის გასხვისებას ეხება, რის სანაცვლოდაც ინვესტორმა DEG (Deutche Investitions - und Entwicklungsgesellschaft mbh) 6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

რაც შეეხება კომპანიის წილებს, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „არქიმედეს ჯგუფის“ მაჟორიტარული წილის მფლობელი „არქიმედეს გლობალია“ და მისი წილი დაახლოებით 65%-ია, 17%-ზე მეტს კი კომპანიაში საერთაშაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფლობს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მიზიდული ინვესტიცია ხელს შეუწყობს „არქიმედეს გლობალის“ შვილობილი კომპანიის „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გეგმების გაფართოებას, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ DEG-ი, „თიბისი ბანკის“ 11,32%-იანი წილის მფლობელია.

ამ ისტორიის მქონე კომპანიას პრობლემები არ უნდა შექმნოდა და ფინანსური რესურსების მოზიდვაც არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გაცემულმა ბრძანებებმა, რომლის შესასრულებლადაც კომპანიებს ფულადი სახსრების სხვადასხვა მიმართულებით გადასროლა მოუხდათ, ისინი კრიზისულ მდგომარეობაში ჩააყენა. სხვაგვარად ძნელია ახსნა, როგორ დაუგროვდა კომპანიას ამდენი ვალები.

პრობლემები, ალბათ, თანდათანობით, გროვდებოდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი - ზედამხედველის ფუნქციას ადრე ეროვნული ბანკი ასრულებდა, აპრილში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი, დაახლოებით, თვენახევრის წინ ახალმა ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო საქმიანობა.

როგორც სადაზღვეო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე განმარტავს, „ექვსი თვის შედეგებს რომ გავუკეთეთ ანალიზი, აღმოჩნდა, რომ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ფინანსური პარამეტრები მრავალ კომპონენტში ჰქონდა დარღვეული. საუბარია იმ კომპონენტებზე, რაც მათ სავალდებულო წესით უნდა ჰქონოდათ შესრულებული. ჩვენ წერილობით მივმართეთ „არქიმედეს“ მენეჯმენტს და ვთხოვეთ, რომ რეაბილიტაციის გეგმა წერილობითი ფორმით შემოეთავაზებინათ 5 სამუშაო დღის ვადაში“.

როგორც ნიკოლაძე განმარტავს, აუცილებელი იყო სასწრაფო გეგმა, რადგან პარალელურად, შეიძლებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო ის ვალდებულებები, რაც მას აღებული ჰქონდა - კომპანიის ბიზნესის 95%-ს სახელმწიფო პროექტი, ანუ სოციალური დაზღვევა წარმოადგენს. სიტუაციის შესახებ პარალელურად ეცნობა უწყებათაშორის კომისიასაც, რომელიც სოციალური ტიპის დაზღვევების მონიტორინგს აწარმოებს.

„5 სამუშაო დღის შემდეგ მართლაც მივიღეთ წერილი „არქიმედეს გლობალ ჯორჯიადან“, წერილის ლაიტმოტივი იყო, რომ ახლა ზოგადი სტატისტიკა უკვე კარგი გვაქვს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაბილურები გავხდებით, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად არამყარი წერილი, ჩვენ მოველოდით, რომ დასახელებული იქნებოდა თარიღი და კონკრეტული წყარო, რის საფუძველზეც მათი ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნებოდა. ასეთი წყარო შეიძლება იყოს ინვესტორის, ან საბანკო სექტორიდან გაცემული მყარი გარანტია, ამასთან მითითებული უნდა ყოფილიყო ზუსტი თარიღი - ეს აუცილებელია, როდესაც სახელმწიფო პროექტის შესრულებაზეა ლაპარაკი და არა ზოგადად, ნებაყოფილობითი დაზღვევის ფრაგმენტებზე. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ იძულებითი ადმინისტრაციის განხორციელება. ეს გულისხმობს იძულებითი ადმინსტრატორის შესვლას, როცა მენეჯმენტი ფუნქციონირებას წყვეტს და ყველა ფინანსურ ოპერაციას იძულებითი ადმინისტრატორი ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ დროებით მმართველს 2-თვიანი ვადა აქვს, მეორე დღესვე, როცა სიტუაცია გამოსწორდება, კომპანიიდან გამოვალთ“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

რა ბედი ელის სადაზღვევო კომპანიას, ჯერ უცნობია, თუმცა წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა შესაძლოა, მაინც და მაინც იმედისმომცემი არ აღმოჩნდეს და გარე ინვესტიციების ჩართვა გახდეს საჭირო.

ზოგადად, სადაზღვევო კომპანიების დავალიანებები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, მაგალითად თუ ღუდუშაურის კლინიკის მიმართ „არქიმედეს“ ვალი-1 696 879 ლარს შეადგენს, მას თითქმის ერთი მილიონი ლარით ჩამორჩება 626 775 ლარით „აისი ჯგუფი“; „ალდაგს“ - ღუდუშაურის კლინიკისთვის 105 113 ლარი აქვს გადასახდელი, „ჯეო ჰოსპიტალს“- 491 659 ლარი,  „ჯიპიაი ჰოლდინგს“-16 654 ლარი, „ირაოს“ -2 429 ლარი, „ჩემი ოჯახის კლინიკას“ - 92 158, „ალფას“ კი ღუდუშაურის კლინიკის მიმართ - 97 855 ლარი აქვს დასაფარი.

სადაზღვევო კომპანიების მძიმე მდგომარეობა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ხელისუფლების საწინააღმდეგო პიარად გამოიყენა და მედიაში გაჟღერებული შეფასებების თანახმად, ხელისუფლება „არქიმედეს“ სახით ებრაელ ბიზნესმენებს უქმნის პრობლემას. დაახლოებით მსგავსი შეფასებები გაკეთდა ცოტა ხნის წინ თურქი ბიზნესმებების მიმართაც, თუმცა არსებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფი გაფრთხილებების მიუხედავად, დავალიანებების დაფარვას არ ჩქარობს, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები კი ბიზნესზე ზეწოლად ფასდება.

რაკი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაზეა საუბარი“, მისი დავალიანებების არასრულ სიას შემოგთავაზებთ: კომპანიას 34 000 ლარიანი დავალიანება გააჩნია შარაშიძის კლინიკის მიმართ, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის 11 000, კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის - 370 000, შპს. ახალი სიცოცხლის-3 537, ალადაშვილის კლინიკის-93 478, ს.ს. „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების“-117 060, ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის -155 609, შპს „ტრავმატოლოგის“-739 000, გაგუას კლინიკის -103 019, ჩაფიძის კარდიოლოგიური კლინიკის-450 000, ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკის - 579 568 ლარი მართებს და ა.შ.

„არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დაახლოებით, 70 კლინიკის მიმართ გააჩნია დავალიანებები და ეს თანხა მთლიანობაში 12 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

მართალია, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სირთულის მიუხედავად, პრობლემას მოევლება, გაუგებარია ზოგიერთი კომპანიის პოზიცია - თუ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას გაურკვეველი პოლიტიკური თამაშებისთვის სასწორზე აგდებს, ასეთ შემთხვევაში, შედეგების პროგნოზირება საკმაოდ გართულდება.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საქართველოში არსებული ყველა ბიზნესი ხელისუფლებასა და პოლიტიკასთან ასოცირდებოდა, შესაძლოა, ეს პროცესები კვლავ ინერციით გრძელდება, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე ბიზნესი პოლიტიკური სტაბილურობის შეგრძნებას გაითავისებს.  

სენაკში, სასწრაფო დახმარებისა და დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ სახელფასო დავალიანების დაფარვას სთხოვენ. ექიმების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა მათ კუთვნილი ხელფასები არ აუღიათ.

ექიმები განმარტავენ, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსების პრობლემა არ აქვთ, თუმცა „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს. ექიმები, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. თუმცა, რამდენად უშველის პროტესტი, ექიმების გაჭირვებას ძნელი სათქმელია.

ზოგადად, ექიმების ხელფასების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა პრობლემური, რაც სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა სადაზღვევო კომპანიების ხელში გადავიდა, ხოლო საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებამ ექიმებს მორიგი თავსატეხი გაუჩინა. მათი უმრავლესობა ისედაც მიზერული ხელფასის დროულად აღებასაც ვერ ახერხებს.

ისანი-სამგორის რაიონის ერთ-ერთ პოლიკლინიკის ექიმის ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობის შემდეგ 150 ლარზე უწევს მუშაობა, რის გამოც ხშირად გზის ფულიც კი აღარ რჩება. დღეს თითქმის ყველა პოლიკლინიკის ექიმები ანალოგიურ მდგომარეობაში არიან.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი სამედიცინო სფეროში გავატარე. რაც ექიმად ვმუშაობ, ამ დარგში სულ პრობლემებია. ახლა, ფაქტობრივად, უხელფასოდ ვმუშაობ. დღეს ჩემი ხელფასი 150 ლარია. აქედან 50 ლარს „არქიმედე“ გვიხდის, 100 ლარს კი პოლიკლინიკა გვირიცხავს. ამ თანხით ოჯახიც უნდა ვარჩინო და სამსახურშიც ვიარო, რაც წარმოუდგენელია.

ფაქტია, რომ სამედიცინო სფეროში ვითარების გამოსასწორებლად არაფერი კეთდება. პოლიკლინიკები სადაზღვევოებს ჩაუგდეს ხელში და ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ექიმის უფლება არაფრად უღირთ. მათი დამოკიდებულება პირწმინდად გვაზარალებს“, - ამბობს უკმაყოფილო ექიმი.

პოლიტიკური პარტიებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აქვთ ეჭვი, რომ ეს ხდება ხელოვნურად, რათა სადაზღვევო კომპანიებმა სამედიცინო დაწესებულებები მთლიანად ჩაიგდონ ხელში.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ადამიანების გადარჩენის ნაცვლად, ბიზნესის კეთებითაა დაკავებული. მისი ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები სამედიცინო დაწესებულებებს თანხას ხელოვნურად არ ურიცხავენ, რის გამოც საავადმყოფოები ექიმების ხელფასების გაცემასა და სამედიცინო ინვენტარის შეძენას ვერ ახერხებენ. ასეთი ფაქტები ქუთაისის ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში ხდება, რომლებიც სადაზღვეო კომპანიებს არ ეკუთვნის. გოგი წულაია ხელისუფლებას საკითხის მოგვარებისაკენ მოუწოდებს.