29 აგვისტოს, ორი ქართული საფეხბურთო კლუბი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლასა და ქართველი გულშემატკივრის გახარებას შეეცადა.
”მიხეილ მესხზე” ევროპის ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ვენის ”რაპიდთან” ანგარიშით 0-3 დამარცხდა და ევროსარბიელზე გამოსვლა სამარცხვინოდ დაასრულა. თუმცა, გორელებმა მეტოქეს თავიდანვე შეუტიეს, იმედი რეალური ჩანდა, რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, მსაჯს პენალტის დანიშვნაც შეეძლო.
კიდევ უფრო სამარცხვინო იყო თბილისის ”დინამო”: ”უაიტ ჰარტ ლეინზე” ლონდონის ”ტოტენჰემმა” საქართველოს ჩემპიონი კვლავ იოლად, 3-0 დაამარცხა და ამას იმდენი ენერგია დაახარჯა, რამდენსაც ინგლისის პრემიერლიგაში საწყის 30-35 წუთში გაიღებდა. ალბათ, ესეც მაქსიმუმია.
ამ შეხვედრებიდან სამართლიანი დასკვნაა, რომ ევროპამ ჩვენს ადგილზე მოგვსვა. ეს ადგილი კი საგაზეთო ენაზე უხერხული დასაწერია, თუმცა მკითხველი მიხვდება.
ახტომასა და იმპოტენციაზე
”გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა”, – უფროსი თაობა წარსულში ცნობილი კომენტატორის, ნუგზარ ჟუღელის ამ ფრაზას მაშინ იყენებდა, როდესაც ჩვენი რომელიმე გუნდის შესააძლებლობის მაქსიმუმზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ქართული ფეხბურთის გასაჭირს ირაკლი აბაშიძის უკვდავი ხუმრობა შეეფერება.
”ახლანდელი ”დინამო” ამბობს, გულშემატკივარი შემოგვწყრა და რომ არ გვამხნევებენ, ძველებური შედეგები არ გვაქვსო. ეს არასწორი მიდგომა მგონია. ახლა 72 წლის ვარ და რამდენიც არ უნდა მამხნევოს მეუღლემ და იძახოს - ”ირაკლი! ირაკლი!”, რას ვუზამ?!”
ზუსტად ასეა ქართული ფეხბურთის საქმე. ბევრი ვიძახეთ, სტადიონზე ხალხი რომ დადიოდეს, უკეთესი ფეხბურთი და შედეგები გვექნებაო. ”დილას” და ”დინამოს” საშინაო შეხვედრებზე გულშემატკივართა სიმცირეზე სირტვა არავსი დასცდენია, მაგრამ იძახე გნებავთ ”დინამო! დინამო!” და გნებავთ, ”დილა! დილა! – არც ერთს არაფერი შესძლებია. მაგრამ ეს მხოლოდ ამ კლუბების ბრალი არ არის.
8-წლიანი რაპიდი...
გრიგოლ რობაქიძემ ”ჩაკლულ სულში” მშვენიერი ნატას დასახიასიათებლად ბრძანა, მასზე საუკუნეები მუშაობდნენო.
საუკუნეები არა, თუმცა მთელი რვა წელი იმუშავეს ავსტრიელებმა იმ ”რაპიდის” ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც ”მიხეილ მესხზე” შეკრებილ 28 ათას მაყურებელსა და ტელევიზორთან მსხდომ გაცილებით მეტ ჩვენს თანამემამულეს გული კიდევ ერთხელ რომ გაუხეთქა.
- ვენის გუნდში მომავლის გუნდზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ავსტრიულ ფეხბურთს საკლუბო და სანაკრებო დონეზე საგრძნობი რეგრესი დაეტყო. ეს 8 წლის წინ იყო და საფეხბურთო სკოლაში საუკეთესო მოთამაშეები შევკრიბეთ. მას შემდეგ ამ ბავშვებს საუკეთესო პირობებში, მეცნიერთა დამტკიცებული პროგრამებით ვწვრთნიდით.
რეალურად, ეს ბიზნეს-პროექტი იყო, რადგან მისი მიზანი ”რაპიდის” შემოსავლების გაზრდა გახლდათ. სუსტი გუნდით, რომელიც ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე ვერ ხვდება, მისი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, - განუცახდა ”ფორ.გე”-ს ”რაპიდის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ტომას ჰიკერსბერგერმა.
... და ორთვიანი დილა
ავსტრიელები მხოლოდ ამიტომ იმსახურებდნენ ევროპაში ქართველებზე მეტ პატივსა და დაფასებას. მათ წლების განმავლობაში იზრუნეს ხალხის გახარებასა და ბიუჯეტის შევსებაზე.
ჩვენთან რა ხდება? წესით, ლოგიკითა და ყველანაირი საფეხბურთო კანონით, გამარჯვებული დამარცხებულიდან უნდა იმატებდეს, ძლიერი – სუსტისგან.
მაგრამ საქართველოში ყველაფერი პირიქით ხდება. ასე იყო შარშან, როდესაც გორელებმა ასევე ევროპის ლიგაზე დანიური ”ორჰუსი” დაამარცხეს და წამყვანი მოთამაშე მათე ვაწაძე ყოფილ მეტოქეში გაუშვეს.
ორიოდე დღის წინ, ”დილას” წლევანდელი ლიდერი გიორგი ილურიძეც ევროპის ლიგაზე გუნდის ყოფილი მეტოქის, გორელტაგან ორჯერ ძლეული სპლიტის ”ჰაიდუკის” ბანაკში გადაბარგდა.
ევროპის ლიგაზე ნათამაშები გორის ”დილა” იშლება. ვენის "რაპიდთან" ევროპის ლიგის საპასუხო მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა პრესკონფერენციაზე საყურადღებო რამ თქვა.
- 800-ათასიანი ბიუჯეტით და 2 თვის მომზადებით გუნდი ევროპის ლიგაზე ვერ მოხვდება, ჩვენი ადგილი ევროპალიგაზე არ არის. ხოლო ვენის "რაპიდმა" დამსახურებულად გაიმარჯვა, - ჩანდა, დევდარიანს ეს სიტყვები დიდი ტკივილით ამოხდა.
სად ვართ ჩვენ?
ამ საკითხზე ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში მძაფრი კამათი დაიწყო. გულშემატკივრები კატეგორიულები არიან და ბევრი კითხვა აქვთ:
- ევროპა ლიგის პლეი-ოფი ქართველები მეტოქეებმა ჯამში 0-12 დაგვამარცხეს. ამის შემდეგ, რომელ გასვლაზე ან მომავლის პერსპექტივაზეა ლაპარაკი?
- რატომ არ შეუძლიათ რომან ფიფიას, ილია კოკაიას, ლევან ფხაკაძეს და მათ კოლეგებს ვენის "რაპიდის" დონის გუნდის გაკეთება? ჩვენს გუნდებზე ბევრად მწირი და ტოლი ბიუჯეტის გუნდები გავიდნენ ევროპის ლიგაზე წელს, შარშან, შარშანწინ... ”დინამოს” ყარაღაგანდის ”შახტარზე” მეტი ბიუჯეტი არ აქვს?
- ვიღაც ხორვატიული ”რიეკა” რატომ უნდა გადიოდის ევროპის ლიგაზე ბუნდესლიგის ბობოლა გუნდის დაფრენით, ”ლიბერეცმა” ”უდინეზე” რატომ უნდა გაიფინოს, იქეთ ”სენტ-ეტიენი” ატირეს...
- შეიძლება, ფული იდება, მაგრამ მხოლოდ 2-3 გუნდში, ეს კი მთელს ჩემპიონატში ამინდს ვერ ქმნის, ხოლო სუსტი ჩემპიონატიდან გუნდი ევროპაზე ნორმალურად ვერ იასპარეზებს. რამდენჯერ შეიკრიბნენ კლუბის პრეზიდენტები და რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ? შედეგი არც გვექნება, სანამ ყველა თავისას უბერავს.
- აუცილებელია ჩემპიონატის სხვა დონეზე ორგანიზება, ტელეტრანსლიაციების უზრუნველყოფა, სპონსორების მოძიება და ა.შ. ეს ფედერაციის საქმე არ უნდა იყოს, მრავალრიცხოვანი მენეჯერების ჯგუფია საჭირო, რომელიც მხოლოდ ჩემპიონატით იქნება დაკავებული. ასეთ პროექტზე უნდა დაიხარჯოს ფული და არა ცალკეულ კლუბებზე, სიცოცხლე 6 თვით რომ გაუხანგრძლივონ. ეს გადაყრილი ფულია.
- იმ კლუბებს, ვისაც კერძო მეპატრონე არა ჰყავს, უნდა მიხედოს მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ და წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, თბილისის ”დინამოსთვისაც” და ”ჩხრიმელასთვისაც”.
- საჭიროა: 1) კარგი მწვრთნელი, 2) გუნდის პრეზიდენტი და დირექტორატი, რომელიც შექმნის ნორმალურ ბაზას კლუბისთვის, არ ჩაერევა მწვრთნელის საქმეებში და კლუბის ნორმალური ფუნქციონირებისთვის შექმნის სტაბილურ გარემოს შექმნის. 3) იმ დონის ფინანსები, რომ ნორმალური ტრანსფერები განხორციელდეს (10-მილიონიანი ბიუჯეტი თავზე გადაუვა) და ამ ტრანსფერებით გუნდის მიზანმიმართული გაძლიერება. რომელიმე ქართულ კლუბს ეს სამი კომპონენტი ერთად რომ ჰქონდეს, ევროპაზე ყოველ წელს გავიდოდით.
- ბევრი მიზეზია - უფულობა, არაპროფესიონალიზმი, დამარცხებულის მენტალიტეტი. კონკურენტუნარიანი გარემოა მთლად აუცილებელიც არაა. აგერ ”შერიფის”, ბატეს, ზაგრების ”დინამოს” მაგალითი ავიღოთ. ერთი სიტყვით, მწვრთნელი, პირობები და მინიმალური დონის ფინანსები და საქმე მშვენივრად წავა.
- ”დილას” დროზე გამოუძებნონ ნორმალური მეპატრონე ან სპონსორი, რომელიც შექმნის ფინანსურ სტაბილურობას, არ გაუშვან დევდარიანი და აცადონ გუნდის შენება. ანუ ჩადონ კლუბში მინიმალური ინვესტიცია მაინც და 2 წლის მერე (თუ მანამდე არა) ორმაგად დაუბრუნდებათ.
- ”დინამოში” სასწრაფოდ მიხედონ ბორდს, გაუშვან ვინც გასაშვებია. მოიყვანონ ნორმალური მენეჯერი, რომელიც მწვრთნელთან შეთანხმებით გუნდს გააძლიერებს. წესით, ამას ორ წელზე მეტი არც უნდა დასჭირდეს და ევროპაზე გასვლა სავსებით შესაძლებელია.
- ყველაზე დიდი პრობლემა საფეხბურთო მაფიაა, რაც ბიზნესმენს ფეხბურთში ფულის ჩადების ყველანაირ სურვილს უკლავს. ყოველწლიურად კლუბში რომ ჩადებ 8-10 მილიონს და ვიღაც მსაჯები თუ საფეხბურთო მაფიოზები ამდენ წვალებასა და ფულს წყალში ჩაგიყარიან, რა ხასიათზე დადგები? ორი გზაა - ან უნდა შეეშვა საერთოდ საფეხბურთო ბიზნესს, ან თავად მოერგო ამ მაფიოზურ სისტემას. თუმცა, ამ სისტემაში მოთამაშე გუნდი ევროპულ სარბიელზე არაკონკურენტუნარიანია.
- ვიდრე არ მოისპობა საფეხბურთო მაფია, რეზი არველაძე, ბუბა ტყავაძე და ძმანი მათნი, მანამ ქართულ ფეხბურთში არ ჩაიდება ფული და შესაბამისად ვიქნებით ტრ...-ში.
- სისტემა მთლიანად დამპალია, თუ მისი გაჯანსაღება დაიწყება, ფულიც იქნება, პროფესიონალი ქართველი მწვრთნლებიც და მაღალი დონის ფეხბურთელებიც. მაგრამ სამწუხაროდ - "მაფია ბეზსმერტნა"!!!"
ჩვენისთანანა ბედნიერი...
ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, დიმიტრი უზნაძე ქართველების ნაკლზე წერდა:
- ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა.… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება.
იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს. გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება. ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.
აკაკი ბაქრაძეც იგივეს არ ამტკიცებდა?ბუნებრივია, ეს ნაკლი ფეხბურთშიც აისახება.
ანეგდოტი ქართულ ფეხბურთზე
დაბოლოს, პასუხი იმ კითხვაზე, რომელზე პასუხსაც სათაურის წაკითხვის შემდეგ ტექსტში უშედეგოდ ეძებდით:
ეს ახალი ქართული ანეგდოტია, ჩვენმა კლუბებმა ევროთასებზე ისე ითამაშეს, მათი თამაშების ჩანაწერი ლადო ბედუკაძეს გადასცესო.
ეს საფეხბურთო კადრები მართლაც ჩვენი ერის შეურაცხყოფაა, ჩვენი ფეხბურთი გააუპატიურეს და უდიდესი სირცხვილი აჭამეს. ბედუკაძის ჩანაწერებში უარესი რა იყო?
გასხვავება ისაა, ფეხბურთს უნივერსალური თვისება გააჩნია – მთელს მსოფლიოს ამა თუ იმ ერსა და ქვეყანაზე წარმოდგენას უქმნის და ჩვენი სირცხვილი ყველამ იხილა..
ქვეყანა, სადაც ფეხბურთზე ასეთ ანეგდოტებს თხზავს, კარგი რეპუტაციით ვერ ისარგებლებს.