წინა კვირას ქართულმა საფეხბურთო გუნდებმა მიმდინარე სეზონის ევროტურნირებზე გამოსვლა უსახელოდ დაასრულეს. „ტოტენჰემმა“ და „რაპიდმა“ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს რომ თანამედროვე ფეხბურთს ძალიან ჩამოვრჩებით და ევროპაში ჩვენი ადგილი ჯერ არ არის. რასაკვირველია გორის „დილა“ მხოლოდ ქებას იმსახურებს, მაგრამ ამბობენ „ძალა აღმართს ხნავსო“. გიორგი დევდარიანი კარგი მწვრთნელია, მაგრამ ცნობილი მაგი დევიდ კოპერფილდი არ ბრძანდება. მის ხელში ახლადჩამოყალიბებულმა კლუბმა ორ თვეში სწრაფი პროგრესი კი განიცადა, მაგრამ ევროპის ლიგის ჯგუფურ სტადიაზე მოსახვედრად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ სამარცხვინო ასპარეზობის თავი და თავი საქართველოს ეროვნული პირველობის სუსტ დონეში უნდა ვეძიოთ. ქართული ფეხბურთის ლიდერი გუნდები შინაურულ წვენში იხარშებიან და შემდეგ გულშემატკივარი მათგან საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს მოითხოვს.
დღევანდელი წერილის თემას არ ეხება მაგრამ ერთი გულისტკივილი მსურს გაგიზიაროთ. ორი დღის წინ ადგილობრივ ფორუმებში გორელმა და თბილისელმა გულშემატკივრებმა ერთმანეთს შეუტიეს. კამათის მიზეზი ერთი გახლდათ - საქართველოს უფრო დიდი სირცხვილი რომელმა გუნდმა მიაყენა. დაპირისპირება მძაფრი გახლდათ და კომპიუტერის ეკრანებთან მოკალათებული „უხილავი მოპაექრენნი“ ერთმანეთს არაერთ „წერილობით“ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. „დუელი“ დღესაც გრძელდება და ამ კამათ-ბილწსიტყვაობაში გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. ვფიქრობ, მოსაწონი საქციელი არ გახლავთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და არაერთი პრობლემა გააჩნია. ყოველივე ამას გორელი და თბილისელი „ფანების“ დაპირისპირებაც ემატება. კამათი ნებისმიერ საკითხზე შეიძლება, მაგრამ ის კორექტულად უნდა მიმდინარეობდეს და უსაზღვრო უზრდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.
საფეხბურთო ევროსარბიელი უკან მოვიტოვეთ, სამაგიეროდ მომავალ კვირას კონტინენტის საკალათბურთო პირველობა გვეწყება. ფაჩულიასა და შენგელიას არყოფნაში საქართველოს ეროვნული გუნდისგან მაღალი შედეგების მიღწევას არავინ ითხოვს და ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ბიჭები სამშობლოში გმირებად დაბრუნდებიან. სპორტი სპორტია და წარმატებული გამოსვლის შანსი ყოველთვის არსებობს. ალბათ გახსოვთ ლიტვაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი. ზაზა ფაჩულიამ ტურნირის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და გუნდს მეორე ეტაპზე ვერ დაეხმარა. მაშინ ბატონმა იგორ კოკოშკოვმა ნაკრების გადაწყობა ვერ მოასწრო და მეორე ეტაპზე მიჯრით სამი მარცხი ვიწვნიეთ. ამჟამად მწვრთნელს მოსამზადებლად დიდი დრო ჰქონდა, ისიც იცოდა რომ სლოვენიაში ორი წამყვანი მოთამაშის გარეშე თამაში მოუწევდა. საქართველოს ნაკრებმა არაერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა, რამდენიმე გამარჯვება იზეიმა და დაგვარწმუნა რომ ღირსეული ასპარეზობა ლიდერების გარეშეც შეუძლია. იმედი მაქვს რომ სლოვენიაში ეროვნული გუნდი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს და ქართველ გულშემატკივრებს არაერთ სიხარულს მიანიჭებს.
დღევანდელი წერილის მთავარი თემა საკალათბურთო მოგონებები იქნება. არ ვიცი ეროვნული გუნდის წევრები ჩვენს ვებ-გვერდს თუ ეცნობიან. იმედია წაიკითხავენ და სლოვენიური ბატალიების დაწყებამდე მათი განწყობილების ამაღლებაში პატარა წვლილს შევიტანთ.
ჩვენი პირველი სტუმარი ყოფილი კალათბურთელი პაატა გურასპაული იქნება, რომელიც ორ სახალისო ისტორიას გაიხსენებს.
„80-იანი წლებია. ჩვენი „დინამო" მოსკოველ თანაკლუბელებს ხვდება თბილისის სპორტის სასახლეში. დიღმის ბაზაზე მწვრთნელმა ბოლო ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა. ჩავსხედით ჩვენს ავტობუსში და მივდივართ სპორტის სასახლისკენ. ავტობუსი შუა გზაზე გაფუჭდა. ცუდის ნიშანია. ზოგი ტაქსით, ზოგი როგორ და წვალებით მივედით დანიშნულების ადგილზე.
იცით რა ამბავია ხოლმე ამ დროს თბილისის სპორტის სასახლესთან. მილიციელთა სამმაგი კორდონი და ა.შ. არ გვიშვებენ შტერი მილიციელები, არ შეიძლება ძმაოო. ვუხსნით, რომ ჩვენ ვართ კალათბურთელები, რომ სწორედ ჩვენს გამოა ამხელა ამბავი. გაგიგონია?! არადა არა, მერე ვიღაც ფორმიანმა გვიცნო და გაგვატარა. შევდივართ ჩვენი „სლუჟებნი ვხოდ"-იდან სასახლეში, მე და გელა დარსაძე, მაგრამ ვიღაც ახალი, მსუქან-მსუქანი შვეიცარი დეიდა დაუნიშნავთ შესასვლელში და არ გვიშვებს..
ახლა ამას უხსენი... სადაცაა თამაში უნდა დაიწყოს. არ გამოვცხადდებით, ერთი წუთიც კი გადაცდება დროს და წაგებას დაგვიფიქსირებენ. ეს არ გვიშვებს კაცოოოო!!! მაშინ მობილურები სად იყო ვინმეს ვინმესთან გადაერეკა. ეს ქალი „უბილეთოდ" არ გვიშვებს. იღბლად ჩვენი სასიქადულო კალათბურთელი გამოჩნდა - ზურა საკანდელიძე და გვიხსნა. - ქალო, შენ ხომ არ გაგიჟდი, გვღუპავო?! და როგორც იქნა გაგვატარეს. ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ კონცენტრაციაში ერთი მსგავსი ეპიზოდის გახსენება მოგვეხმარა.
ამ გახსენებამ გაგვაცინა, დაგვამშვიდა და ის მატჩიც მოვიგეთ. რა მოგონება და ზუსტად ასე მოხდა ადრე. მაშინ „დინამო" ძველ სპორტულ დარბაზში მართავდა ასპარეზობებს. ერთ თამაშზე ასეთივე ზორბა დეიდა შენობაში არ უშვებს ოთარ ქორქიას. მოსაწვევი წარმომიდგინე, ისე ვერ შეგიშვებო. გაგიჟდა ქორქია, რა მოსაწვევი, რის მოსაწვევი - ოთარი ვარ, ქორქიაო, მაგრამ არა - ქალი „პოსტზეა" არ უშვებს. ბოლოს ერთ მაგარ „ბალელშიკს" ამ დეიდასთვის უკითხავს:
- ქალბატონო, თქვენ პარტიული თუ ხართო?
- აბა ისე ვინ მამუშავებდა ამ „პოსტზეო" - თვალები დაუქაჩავს იმ ქალს.
- ხოდა ქალბატონო, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, მოსკოვში, პოლიტბიუროს
სხდომაზე ლენინი რომ არ შეეშვათ დარბაზში რა მოხდებოდაო?! „პარტიულ" ქალს ფერი წასვლია და ქორქია იმწამსვე გაუტარებია.“
მოგეხსენებათ ყოფილი სსრკ-ის არსებობის დღეებში, საზღვარგარეთ ყოფნისას სპორტსმენებს ჯიბის ფულად „კაპიკებს“ უხდიდნენ. ამის გამო ათლეტები კურიოზულ ვითარებაში მუდმივად ხვდებოდნენ. ალბათ უმჯობესი იქნება თუ სიტყვას კვლავ პაატას გადავცემთ.
„ოთხმოციანი წლებია. სსრკ ნაკრები ფილიპინებში მოვხვდით. ჩვენთვის ეს პირველი გასვლა იყო იმ ქვეყანაში. წარმატებით ვიასპარეზეთ და ის დღეა - შინ ვბრუნდებით..
გადაჯდომა სინგაპურში გვქონდა და თავისუფალი დრო - სამი საათი მოგვეცა იქაურობის დასათვალიერებლად. სინგაპური მაშინ ჩვენთვის უცნობი მცნება გახლდათ. ეს გახლდათ უმაღლესი კლასის სამყარო. უჩვეულოდ უცხო, განსაკუთრებით ჩვენთვის, საბჭოთა ახალბედა სპორტსმენებისთვის.
ყველაფერს აღტაცებით ვათვალიერებთ. გაოცება და კმაყოფილება ერთადაა აღბეჭდილი ჩვენს „საბჭოთა სახეებზე". აღტაცებას იწვევს ისიც რომ ქუჩაში იქაურები სულ „რუსო ტურისტო"-ს გვეძახიან ღიმილით. მე მგონი ჩვენებური მარტო ავტომობილი „ჩაიკა" თუ არის მათთვის ნაცნობი, მეტი არაფერი. დავდივართ აეროპორტის მახლობელ ქუჩაში ჯგროდ მთელი გუნდი - 12 კაცი.
აი, ერთ ფეშენებელურ სავაჭრო ცენტრში შევედით. ფული სად გვაქვს ჩვენ უბედურებს, მაგრამ „თვალს წყალს ვასმევთ“. ამ სავაჭრო ცენტრის კუთხეში წყლის უზარმაზარი ავტომატი დგას. კითხვა არ ვიცით, მაგრამ რად გვინდა, შესანიშნავადაა ნახატებით ილუსტრირებული: „მსხალი" (ე.ი. მსხლის სიროფიანი წყალი გადმოდის იმ მინიატურული ონკანიდან) „ლიმონი", „ფორთოხალი" და ა.შ. გვწყურია, მაგრამ ვითმენთ. ყველაფერს ფული უნდა. რომ არაა?! მე შენ გეტყვი და ბავშვით გაასარსალებ ფეხებს: „დედა, წყალი მინდააა!" მოკლედ, საცოდავ დღეში ვართ. ვიღაც იქაური მივიდა ავტომატთან, მიაჭირა თითი ღილაკს და ჰოი, საოცრებავ, ლივლივით ჩაჩხრიალდა საამო, გაზიანი ტკბილი სითხე ჭიქაში.
- ბრატცი! - მიხვდა ერთი ჩვენთაგანი - ვადა ბეზპლატნა!
„ბეზპლატნაოოოოო!!!" - მივესიეთ და რა მივესიეთ ამ საწყალ ავტომატს... ჩხაკ! და ჩხაკ! ვაჭერთ და ვაჭერთ ღილაკებს ჩხრრ! და ჩხრრ! - მოსჩქეფს მაცოცხლებელი სითხე. ზოგმა უკვე ორი-ორი მოასწრო, ზოგმა სამიც... ხუთიც... მაინც არ ვისვენებთ („უფასო, კუბოც კაია") და ვიჭყიპებით. ვიჭყიპებით და გადამწვანებამდე ვსვამთ. სიხარულისგან და აღტაცებისგან მგონი ვთვრებით კიდეც.
ამ ამბავში ვართ და სავაჭრო ცენტრის შუაგულში ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაც იქაური ქალი გამხდარა ცუდად და არიქა წყალიო - იყვირა ვიღაცამ... ებდღვნენ ავტომატს, რომ ის სულიერი მოასულიერონ მაგრამ ბოდიში, ავტომატი წყალს აღარ იძლევა. გაშრა, დამთავრდა...
გამოილია ბატონო „ცისკარას წყარო". საბჭოთა კალათბურთელებს წყალი თან უფასო - გადაგვირჩებოდა?! მალე სასწრაფოც მოვარდა და გადაარჩინეს ის უბედური ქალი, თორემ ცოდვა მთელ გუნდს დაგვედებოდა. კურიოზი ის გახლდათ, რომ იმ სავაჭრო ცენტრის მეპატრონე გაოცებით იჩეჩავდა მხრებს, ის მარაგი, რაც იმ ავტომატში იყო, აქ შემოსულებს ერთი წელი ჰყოფნიდათო.“
წერილის მეორე ნაწილში ბატონი ნუგზარ ჯუღელის რამდენიმე „ისტორიულ“ საკალათბურთო გამონათქვამს შეგახსენებთ:
„დერიუგინმა კაპუსტინს თვალებით ანიშნა, შემიგდე, შემიგდეო.“
„დღეს სპორტის სასახლეში ნამდვილი საკალათბურთო ამინდია"
„მილოვიდოვმა ააცდინა ბურთი კალათს ანუ საკალათბურთო ენით რომ ვთქვათ, გააკეთა რძე" (ჯუღელმა რუსული „MОЛОКО“ გადმოთარგმნა).
„და აი მოედანზეა ქართველ კალათბურთელთა ხუთეული - კაპუსტინი, ბოროდაჩოვი, მილოვიდოვი, ტიუბინი და დერიუგინი"
„ბიჭიაშვილს პასი უნდა და უძახის დერიუგინს - ღრმად შემიგდეო, ღრმად”.
ჩვენს კალათბურთელებს სლოვენიაში ისეთივე გმირობების ჩადენას ვუსურვებ, როგორი სასწაულიც ქართველებმა 1959 წელს, ყოფილი სსრკ-ის სპარტაკიადის დღეებში მოახერხეს. სიტყვას ბატონ ვლადიმერ უგრეხელიძეს გადავცემ:
„დიახ, დიახ, მესამე დამატებით დროში გავიმარჯვეთ! მოვუგეთ ევროპის ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელებს! ლატვიის ნაკრები მთლიანად რიგის არმიელებით იყო დაკომპლექტებული! ძალიან დაძაბული, უხეში თამაში გამოდგა. მსაჯმა ზედიზედ გაყარა ჩვენი მოთამაშეები. მეორე ტაიმში შვიდმა კაცმა მიიღო მეხუთე პერსონალური შენიშვნა. ხუთნიღა დავრჩით, შემცვლელი აღარავინ გვყავდა. სულ ბოლოს გურამ აბაშიძე („აპოლონა“), ვალერი ალთაბაევი და თამაზ კაკაურიძე („ცუნცულა“) დარჩნენ. ლატვიელები ოთხი ქულით გვიგებდნენ, მაგრამ ვალერამ აიწყვიტა და ბალტიისპირელებიც გაშტერდნენ - ამას როგორ წარმოიდგენდნენ! არა, მართლაც ზღაპრული გამარჯვება იყო!“
იმედია ევროპის მომავალ პირველობაზე ჩვენი კალათბურთელები მეტოქის კალათს მიზანს კარგად მოარგებენ და ისე არ „შერცხვებიან“ როგორც ნუგზარ კანდელაკის შემთხვევაში. მაშინ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი გახლდათ, ბატონი ნუგზარი კი მისი ასისტენტი ბრძანდებოდა. დღევანდელ წერილს ნუგზარ კანდელაკის მოგონებით დავასრულებ.
„ფინეთთან მატჩისწინა ვარჯიშზე ჰერბერტმა მოედნის ცენტრში 50 ევრო დადო და გამოაცხადა, ვინც ამ ადგილიდან ბურთს ჩააგდებს ფული მისი იქნებაო. ამ იმპროვიზებულ ტურნირში ნაკრების ყველა წევრმა, ექიმის, ადმინისტრატორის, მასაჟისტის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო. ფინალში მე და კეიდია გავედით. გადამწყვეტი სროლა სამქულიანის ხაზიდან მარცხენა ხელით უნდა შეგვესრულებინა და კეიდიამ მაჯობა.
რამდენიმე დღეში თბილისში მაკედონიას ვეთამაშებოდით. ბოლო ვარჯიშზე ჰერბერტმა ანალოგიური კონკურსი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. განსხვავება ის გახლდათ, რომ 50 ევროს ფაჩულიამ და ცქიტიშვილმა 100-100 ევრო დაუმატეს. ამ განმეორებით შეჯიბრში მე გავიმარჯვე და მოგებული თანხით ნაკრების მწვრთნელებმა მეორე დღეს კარგად მოვულხინეთ.“