საზოგადოების ნაწილი, რომელიც „მეცხრე არხის“ შეძენის სურვილს გამოთქვამს, სააქციო საზოგადოების შექმნის დეტალებზე მსჯელობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სააქციო საზოგადოებას პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე და მედიაექსპერტი ია ანთაძე დააფუძნებენ. მათ უკვე დაასახელეს დროებითი სამეთვალყურეო საბჭოს პირველადი შემადგენლობაც. პირველადი პროექტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო 9 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. ნოტარიულად დადასტურებული თანხმობის შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები სააქციო საზოგადოების მართვის უფლებას მოიპოვებენ.
ია ანთაძე და ვასილ მაღლაფერიძე, უახლოეს დღეებში, სააქციო საზოგადოების დაფუძნებისთანავე, საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგენენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს. ამ დროისთვის საბჭოს წევრებად შემდეგი კანდიდატები სახელდებიან:
1. თამაზ ავალიშვილი - მათემატიკოსი, პროგრამისტი, მე-6 გერმანული სკოლის პირველი თაობის მასწავლებელი;
2. რამილია ალიევა - ჟურნალისტი;
3. დავით ზილფიმიანი - ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ გენერალური დირექტორი;
4. ნინო ზურიაშვილი - გამომძიებელი ჟურნალისტი, სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი;
5. გოგი ლოლაძე - საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
6. ნატა მურვანიძე - მსახიობი;
7. მერაბ რატიშვილი - ბიზნესმენი, ყოფილი პოლიტპატიმარი;
8. პაატა ქურდაძე - მწერალი;
9. მამუკა ყუფარაძე - ჟურნალისტი, „სტუდია რეს“ ხელმძღვანელი;
სააქციო საზოგადოების შექმნის მსურველები უკვე მსჯელობენ „მეცხრე არხის“ ე.წ. სამართალმემკვიდრე ტელევიზიის სავარაუდო სახელწოდებებზეც. ამ დროისთვის შემდეგი ვარიანტები განიხილება: „სამოქალაქო ტელევიზია“; „სახალხო არხი“; „Vox Populi“, „Demos TV“, „მერანი“, „ივერია“, „არსი“, „აზრი“, „სხივი“, „ერთობა“.