ინჟინერ-ბიოლოგი რობერტ დოლიძე მიიჩნევს, რომ მალთაყვის საბადოდან 8-10 კილომეტრით დაშორებული იმნათის საბადოს დამუშავება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ეფექტური იქნება. თუმცა ამ თემის ირგვლივ იგი უკვე 25 წელიწადია, პრობლემებს აწყდება.
For.ge-ს რობერტ დოლიძე ესაუბრა.
- 1996 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება გადამფრენ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ, სადაც ძირითადად შეყვანილია კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი -55, 5 ათასი ჰექტარი. ეს ფართობი მოიცავს ფოთი-ლანჩხუთი-ხობი-აბაშისა და ზუგდიდის ტერიტორიებს. ამის შემდეგ მივაკითხე გარემოს დაცვის კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს გივი გიგინეიშვილს და ვუთხარი, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან კოლხეთის დაბლობის 55,5 ათასი ჰექტარი არის მთელი დასავლეთ საქართველოს არსებობის ერთადერთი ძირითადი საშუალება. გარდა ამისა, იქ განლაგებული სასარგებლო წიაღისეულები ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდეს როლს თამაშობდა.
კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი, რასაც მალთაყვა-ფოთის მონაკვეთი ჰქვია, მსოფლიოში მიღებული ტერმინოლოგიით, საერთაშორისო ნულზე დაბალია 64 სანტიმეტრით. იქ ახლოს მდებარეობდა მალთაყვის ტორფის საბადო, რომელიც 1937 წლიდან მუშავდებოდა. ეს ერთადერთი საბადო იყო და მისი ტორფი მეციტრუსეობას ყოფნიდა. წელიწადში იღებდნენ დაახლოებით 400-დან 600 ათასამდე ტონა სასარგებლო წიაღისეულს-ტორფს.
ხოლო ფოთი-მალთაყვის მონაკვეთი არის ხელოვნური გზა, რადგან იქ თავიდან გზა არ იყო. 1921 წელს პალიასტომის ტბა შეუერთეს შავ ზღვას და იქ ხიდი გააკეთეს. ბათუმი-ფოთის ტრასასთან არის მიახლოებული ეს ტერიტორია. ვუთხარი, ამის ასე გაკეთება არ შეიძლება. გივი გიგინეიშვილმა მწვანეთა ლიდერს, გიორგი გაჩეჩილაძეს სთხოვა გია გვაზავა მოეძებნა, რომელიც მაშინ პარლამენტის გარემოს დაცვის დაცული ტერიტორიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე იყო, მოვილაპარაკეთ, რომ მეცნიერებათა აკადემიაში განვიხლავდით ამ საკითხს. მაშინ საუბარი იყო მხოლოდ რამსარის კონვენციაზე, რომელიც იცავს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს. მართლაც, განვიხილეთ ეს თემა, რის შემდეგაც მათ მალთაყვის ტორფის საბადო გამოიტანეს ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონის გარეთ და თქვეს, ეს საბადო დავამუშავოთო. მე ვუთხარი, რომ ამის დამუშავება და ხელის ხლება არ შეიძლებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სასაზღვრო-სანაპირო ზოლთან ძალიან ახლოს იყო.
ფიქრობთ, რომ მალთაყვის ტორფის საბადოს მდებარეობა ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნიდა მთელ გურიას? ტორფის ხვედრითი წონის გამო არ შეიძლებოდა ამის დამუშავება?
- დიახ და, ამავე დროს, მისი ჩრდილოეთი საზღვარი წარმოადგენს პალიასტომის ტბას. ამ ტბისგან ტორფის საბადოს გამოცლა გამოიწვევდა პალიასტომის ტბის კონტურის დარღვევას და მთელ კოლხეთის დაბლობის ტერიტორიას ზღვაში გაიტანდა. ტორფის ხვედრითი წონის ერთი კუბური მეტრის მოცულობა 0,65-ია (650 გრამია), ამ დროს კი ერთი კუბური მეტრი წყალი დაახლოებით ერთ ტონას შეადგენს. ამდენად, წყალში ტივტივებს ეს ტორფი. 70%, სადაც ტორფის ამოღება მიმდინარეობდა, ტენიანი იყო. ამიტომ შევთანხმდით, რომ მალთაყვის ტორფის საბადო მთლიანად შევიდოდა ეროვნულ პარკში და მას დაიცავდნენ. უფრო მეტიც, ლანჩხუთის რაიონში უკვე გარკვეული იყო, რომ მალთაყვის ტორფის საბადოზე მუშაობა არ შეიძლებოდა, ამიტომ უნდა მოვცილებოდით სანაპირო ზოლს 8-10 კილომეტრით და ეს ადგილი იყო „იმნათი“ და „იმნათი 2“-ის ტორფის საბადო, რომელიც პალიასტომის ტბის აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ საბადოს 4 ათასი ჰექტრიდან ათას ჰექტარს ვითხოვდით. ამ ათას ჰექტარში ახალი ზოლური მეთოდით დამუშავების შემდეგ შევიტანდით მცენარეს, რომელიც საქართველოში ხარობს, ასევე, ვიეტნამშიც, სახელწოდებით -აზოლა. ეს არის ზღვის ვაზი, რომელსაც საუკეთესო ვეგეტაცია აქვს. გვითხრეს, სწორი ბრძანდებითო.
ჩვენ ბიზნესმენ ზეევ ფრენკელთან ერთად დავიწყეთ ამაზე მუშაობა. გეოლოგიის სამმართველომ დამავალა, დაეხმარეთ ამ ხალხსო. მეც ვანახე საბადო, ვაჩვენე ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა ორგანული სასუქის შექმნისას. გაკეთდა ბიზნესგეგმა და ამ დროს გამოჩნდა კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც არის 44 374 ჰექტარი, ე.ი. თითქმის 11 ათასი ჰექტარით მეტი, ვიდრე რამსარის კონვენცია ითვალისწინებს. მართალია, რამსარის კონვენცია ყველაზე მკაცრი კონვენციაა, მაგრამ მის დებულებაში პირდაპირ წერია, თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭირო იქნება, მაშინ ქვეყანას შეუძლია, მიუმატოს და გამოაკლოს ტერიტორიები. იქ არ არის აკრძალვა, რომ ეს არ შეიძლება.
ანუ შეიძლება ქვეყანამ საჭიროებისამებრ გამოიყენოს ეროვნული პარკები და საბადოები?
- პარკებს მისი ზღვრული ნორმები აქვს. პირდაპირ გეტყვით, საქართველო ორჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე შვეიცარია, სადაც ძირითადია სურსათწარმოება. სურსათს ღარიბ ნიადაგში ვერ აწარმოებთ. ამიტომ საჭირო იყო იმნათის საბადოს ამუშავება. ამის თაობაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უამრავი დასკვნა არსებობს. 1996 წლის შემდეგ ეს საკითხი დღემდე ტრიალებს, მაგრამ არავის გაუკეთებია ის, რაც დღეს ცაგარეიშვილმა გააკეთა.
თუმცა, როგორც ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებაშიც პრობლემებს წააწყდით.
- მანამდე პარლამენტის სხდომებზე ნინო ჩხობაძის თამადობით დაიწყო ამ საბუთების განხილვა. ის ზურაბ ჟვანიას გადაწყვეტილებას ემორჩილებოდა. ფაქტობრივად, მაშინ სახელმწიფოს მართავდა არა ედუარდ შევარდნაძე, არამედ ჟვანია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან იმყოფებოდა ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუც. გადაწყდა, ქართულ მხარეს უნდა შეეკრიბა სპეციალისტები და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიეღო. დაიწყეს განხილვა. მაშინ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე იყო. „ნაცმოძრაობის“ იმდროინდელმა სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა არ მიმიღო, მიმიღო შალვა ოგბაიძემ, მაჭავარიანის მოადგილემ. ვუთხარი, ამ კანონების ასე დაწერა არ შეიძლება.
როგორ ფიქრობთ, რატომ გეწინააღმდეგებოდნენ, არ იცოდნენ ამ ადგილების ღირებულება?
- ეს იყო ფულადი დაინტერესება. გარემოს დაცვის სამინისტროს 80% არის უვიცი და ფანტაზიორი. ასეთი რამ არსად ხდება მსოფლიოში, რომ ტერიტორია ყოვლად დაუსაბუთებლად შეეტანოთ ეროვნულ პარკში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დებულების არცერთი პუნქტი არ გაითვალისწინეს. მათ შორის, -არც ის დებულება, რომ აუცილებელია, ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება. სინამდვილეში, ამას ჰქვია შავი ზღვის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის ცენტრი. სწორედ ამ ცენტრისთვის საქართველოს მთავრობამ გამოიტანა სესხი და ამ სესხის ნაწილი-5 მილიონ 700 ათასი მისცეს კოლხეთის ეროვნულ პარკს. თუმცა იქ არაფერი გაკეთებულა. გარდა იმისა, რომ აბრა ჩამოკიდეს, სახელწოდებით „ეროვნული პარკი“. ვითომ მსოფლიო დაცვის ფონდში უნდა შეეტანათ ის მიწა, სინამდვილეში, ვერ შეიტანეს, რადგან ამისთვის ლანჩხუთის რაიონში ადგილობრივი გამგეობის ხელმოწერა სჭირდებოდათ. იმდენად უაზროდ გააკეთეს ყველაფერი, რომ რა უნდოდა რამსარის კონვენციის კონტურის შიგნით, სადაც ყველაფერი აკრძალულია, ეროვნულ პარკს?! მარტო 17 ათასი ჰექტარი ზღვის კონტურია მანდ შესული, ფოთი რამსარის კონვენციის კონტურის შიგნით მოექცა. ბოლოს და ბოლოს, მიხეილ მაჭავარიანი მივიდა დასკვნამდე, რომ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რა მოხდა ამ ერთადერთი კანონის დაწერა, რომელსაც ყოველ კვირას ცვლილება სჭირდებაო. 1999 წლის 9 სექტემბერს მამუკა გიორგაძის, გურამ ჩახვაძის, როზა ლორთქიფანიძის თაოსნობით განიხილეს ეს საკითხი და დანიშნეს პარლამენტის სხდომა. სააკაშვილმა შენიშნა, რომ ცუდად იყო საქმე და ყვიროდა, ვაგებთო. თუმცა იმ დროს ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა, არც ნინო ბურჯანაძე, რადგან ეს გადაწყვეტილი იყო ზურაბ ჟვანიას მიერ.
ზურაბ ჟვანიას მოტივი რა იყო ამ საბადოებთან დაკავშირებით?
- ვერ გეტყვით, ისე კი, დარბოდნენ წინ და უკან უცხოელებთან. ასე რომ არ მომხდარიყო, საქართველოს ექნებოდა საწარმო, რომელიც 800 კაცს დაასაქმებდა.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ახლანდელი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე ახლა მეუბნება, მოიტანე ეს დოკუმენტები, რაზეა საუბარიო. ამ დროს მირეკავენ, სასწრაფოდ მიდი გია ცაგარეიშვილთან. ცაგარეიშვილი ყვიროდა, ვუთხარი, რა გაყვირებს-თქო. როგორ, რა მაყვირებს, სააკაშვილს წავართვი 80 ჰექტარი ანაკლიაში, კერძოდ, ლაზიკის 80 ჰექტარი და შევიტანე ეროვნულ პარკშიო. მე ვუთხარი, მაშინ თავის დროზე, როცა დეპუტატი იყავით, რატომ მიეცით ეს ტერიტორია-მეთქი?! ამაზე ხმა არ ამოუღია, მარტო ყვიროდა. ასეთი ფანატიკოსები, რომლებმაც არ იციან გარემოს დაცვა, დაანგრევენ ქვეყანას. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც 600 ათასი ჰექტარი დაცული ტერიტორიაა, ამ დროს კი სულ 6 მილიონ 900 ათასი ჰექტარი გვაქვს. ყველა სავარგული, სასარგებლო წიაღისეული, რაც კი არსებობს, ეროვნულ პარკშია შეტანილი. ამ სასარგებლო წიაღისეულიდან ორნახევარი მილიარდი დოლარი ამ კოლხეთის დაბლობში დევს.
ამ ეტაპზე ჩემი მოთხოვნაა, საპროცედურო კომიტეტმა ამოიღოს 1999 წლის 9 სექტემბრის სხდომის ოქმი, ჩაატარონ პატრლამენტში სხდომა, მიიყვანონ იქ სპეციალისტები და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღონ გადაწყვეტილება „იმნათი“, „იმნათი 2“-ის ტერიტორიის დამუშავებასთან დაკავშირებით, თორემ ანაკლია-მალთაყვის ტერიტორიის ხელის ხლება არ შეიძლება. იმნათში აუცილებლად უნდა გაიხსნას საბადო, რადგან ძლიერი ნიადაგი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. მით უფრო, ჩვენი მიწები გამოფიტულია აზოტის სასუქისგან, ნარკომანს დაემსგავსა მიწები. გვაქვს იმის საშუალება, რომ 30%-ით მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მივიღოთ ამ საბადოს დამუშავებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ადგილზე დიდი თანხაა შეჭმული. ფიქრობენ, ეს რომ მივცეთ, მერე რა ვქნათო.
თქვენი ადრესატი კონკრეტულად ვინ არის?
- მთელი ძველი პარლამენტი და გარემოს დაცვის ახალი კომიტეტი, რომელიც იმაზე უარესს აგრძელებს, ვიდრე წინა მოწვევის ორი პარლამენტი. ცაგარეიშვილმა არ იცის, რა ხდება კოლხეთის დაბლობზე. პალიასტომის ტბა თავად ჩემი გამოკვლეულია. თუ ამ ტბას ბოლომდე არ მიხედეს და არ შეაჩერეს ფოთის ტორფის მუშაობა, დარწმუნებული ვარ, პალიასტომის ტბა მალთაყვის ტორფის საბადოს შემაერთებელ ხაზს აუცილებლად გაარღვევს. რაც შეეხება გიორგი გაჩეჩილაძეს და ნინო ჩხობაძეს, არავითარი ბუნების დამცველები ისინი არ არიან, ელემენტარულად არ იციან, რომ სისულელეა, გადამფრენ ფრინველს კანონი დაუწეროს საქართველოს პარლამენტმა, გინდა თუ არა, აქ იცხოვრეო. მათ იმიტომ ჰქვიათ გადამფრენები, რომ სადაც უნდათ, იქ ისვენებენ. სართიჭალის თავზეც მინახავს, გედები ისვენებდნენ.
ეს ადგილი გადამფრენი ფრინველების შესვენების ზოლი არ არის?
- ეს ტრასა დატოვა გადამფრენმა ფრინველმა, რადგან ყულევისა და სუფსის ტერმინალი გაკეთდა ახლა. ღამით რომ ნახოთ, იქ განათებული ცაა. არადა, ვინმე დაბლა სიგარეტს რომ ეწევა, იქ დაჯდება იხვი?! განათებულ ცას ვერ შენიშნავს?! გარდა ამისა, როგორც კი მოღამდება, ტურების კივილს მიაქვს ყველაფერი და დამაჯერებს ვინმე, რომ იქ იხვი გაჩერდება? ამ ფანატიკოსებმა, 27 მგელი ჩამოიყვანეს. დარწმუნებული ვარ, მგელმა ის შველი და გარეული ღორიც შეჭამა, რაც დარჩენილი იყო ბორჯომ-ხარაგაულში. ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მითხრეს, მგელი ბავშვებს ზრდის, მაუგლი არ წაგიკითხავსო? ვუთხარი, მაშინ დაიარეთ დილას ბუნკერებთან, უამრავი გადაგდებული ბავშვია და მიიყვანეთ ბორჯომ-ხარაგაულში და მგლისგან გაზრდილი ჩამოიყვანეთ-თქო.
ტელედებატებში ვიწვევ გარემოს დაცვის კომიტეტის ახლანდელ თავმჯდომარეს, გია ცაგარეიშვილს და მის მოადგილე ნანა თალაკვაძეს, ასევე, კომიტეტის წევრებს, ვინც შეადგინა ეს კანონი-ჭიჭიკო ჯანელიძეს, მზია გაბუნიას, გია გვაზავას, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით თავის დროზე მოატყუა პარლამენტარები. ასევე, ყოფილ გარემოს დაცვის მინისტრს ნინო ჩხობაძეს, ბიძინა გუჯაბიძეს, რადგან მან ყველაფერი იცოდა ჯერ კიდევ ძველი პარლამენტიდან მოყოლებული.
საქართველოს აქვს ერთადერთი შანსი, შექმნას ადგილობრივი საწარმო. მათთან დევნაში 25 წელი გავატარე და 74 წლის გავხდი. არ მინდა, ისე მოვკვდე, რომ ამ უვიცებს დავანებო ის, რისი დანებებაც არ შეიძლება. თანაც, ეს საბადოები ჩემი შესწავლილია და ისინი მასწავლიან, იქ რა ხდება?