„ბექა მინდიაშვილის სახელი ფიგურირებს, მაგრამ ამის უკან დგანან გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი“

„ბექა მინდიაშვილის სახელი ფიგურირებს, მაგრამ ამის უკან დგანან გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი“

მუსლიმმა მრევლმა ბათუმში, მეჩეთისთვის ტერიტორია შემოსაზღვრა. ისინი აცხადებენ, რომ ბათუმში მოქმედი მეჩეთი მრევლს ვერ იტევს, რის გამოც კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს. 
როგორც სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ განაცხადა, შუადღის ლოცვის შემდეგ, მრევლმა მოითხოვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევა. მეტიც, მუსლიმმა მრევლმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო თანხის შეგროვების მიზნით. როგორც მუსლომთა მუფთმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, გაიხსნა საქველმოქმედო ფონდი ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის და მუსლიმი მრევლი მეჩეთს საკუთარი სახსრების გაღებით ააშენებს.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძის თქმით, ახალი მეჩეთი ბაგრატიონის ქუჩაზე ქართული არქიტექტურული ორნამენტებით მრევლის მიერ შემოწირული თანხით აშენდება.

„უკვე ვილოცეთ, ეს არის ახალი მეჩეთის ტერიტორია და მას ვერავინ შეეხება. მეჩეთი ქართული არქიტექტურული ორნამენტებით აშენდება. პროექტს წარვუდგენთ სახელმწიფოს და მრევლის მიერ შემოწირული თანხით ავაშენებთ. ჩვენ არ ვთხოვთ სახელმწიფოს თანხებს მეჩეთის აშენებისთვის, თუმცა, მართლმადიდებლებს შემოწირულობისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოს მოადგილე ადამ შანთაძე კი ამბობს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება აუცილებელია, რადგან არსებული მეჩეთი მრევლს ვერ იტევს. ადამ შანთაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს აღნიშნულ თხოვნას, ისევე, როგორც ჭელის მინარეთის დაბრუნების საკითხი გაითვალისწინა.

„ეს ამბავი დღეს არ დაწყებულა, რამდენიმე ათეული წელია ბათუმში არის მეჩეთის საჭიროება, რადგან ბათუმის ერთადერთი მეჩეთი ფიზიკურად არ ჰყოფნის ხალხს. წვიმაში, ქარში ავდარში, ფაქტობრივად, ვერ ვასრულებთ ლოცვას. დღეს აქ შევიკრიბეთ, თავისუფალ ტერიტორიაზე. ეს არ არის კომფორტი, ეს არის საჭიროება, რომ განიტვირთოს არსებული მეჩეთი. იმედი გვაქვს, ხელისუფლება მუსლიმთა თხოვნას გაითვალისწინებს, ისევე, როგორც გაითვალისწინა ჭელის მეჩეთის დაბრუნების საკითხი და უმოკლეს ვადაში ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთი აიგება“, - აღნიშნა ადამ შანთაძემ.

ჭელის მოსახლეობა, რომელიც ამ დრომდე ბათუმში იმყოფება, საპატრიარქოს და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებას, ჭელის მინარეთის საკითხთან დაკავშირებით, ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა მსულიმი მრევლი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო მუსლიმთა სამლოცველოს საკითხის მოგვარებაში არ უნდა იყოს ჩართული. როგორც ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ აღნიშნა, მუსლიმთა პრობლემებს უნდა წყვეტდეს საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო და არა - საპატრიარქო.

„ჭელის მოსახლეობა ბათუმში დარჩება, ვიდრე მინარეთი სოფელში არ დაბრუნდება“, - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ. 

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, თეოდორე ჭუაძე აცხადებს, რომ რაღაცა ძალები ცდილობენ, მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი ერთამანეთს დააპირისპიროს.
„ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ქრისტიანმა და მუსულმანმა იერარქებმა არ დავუშვათ მსგავსი შემთხვევები. შეიქმნა ერთობლივი საბჭო, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი სიტუაციები. ორივე მხარე ისევ აღელვებულია, მაგრამ უნდა შეეცადონ, რომ მაქსიმალურად დააწყნარონ მრევლი, ახლი ინციდენტებისა და პროვოკაციებისგან დაიცვან ისინი“, - ამბობს მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ „საქართველოს მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის რელიგიურ დაპირისპირებებს რეალური საფუძველი არ არსებობს. მათივე მტკიცებით, არსებობს საეჭვო ქმედებები გარკვეული ძალების მიერ. შესაძლებელია, ამას ძველი ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ძალები ახორციელებდნენ, რაც გამოკვლევის საგანია“.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით მინარეთში შექმნილი რელიგიური დაპირისპირების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი დგას. როგორც არეშიძე ამბობს სამთაწყაროს მკვიდრი მუსლიმნებისა და ქართველების 48 კაციანი ხელმოწერილი განცხადებაც დევს საპატრიარქოში იმათ შესახებ, ვინ აგულიანებდა მუსლიმებს და მართლმადიდებლებს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ერთი მათგანი არის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილი წევრი.

არეშიძე არ აკონკრეტებს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით „თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილი წევრი ბექა მინდიაშვილია. სწორედ მას სდებენ სამთაწყაროელები ბრალს რელიგიური შუღლის გაღვივებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ამ ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს თავად ბექა მინდიაშვილი, რომლის განცხადებით საეჭვოა, რომ ეს სია რელიგიურ უმცირესობებს წარედგინათ. კითხვაზე რატომ ფიგურირებს რელიგური შუღლის გაღვივების ერთ-ერთ ორგანიზატორად მისი გვარი, მინდიაშვილის პასუხობს:

„იმიტომ, რომ მე ვიცავ ეროვნულ უმცირესობებს, ვუპირისპირდები იმ სიბნელეს, შეუმწყნარებლობას და ფუნდამენტალიზმს, რაც სამწუხაროდ, სუფევს მართლმადიდებელ ეკლესიაში. მეც ვარ მართლმადიდებელი და მიმაჩნია, რომ ის რაც ეკლესიაში ხდება და ეკლესიის სახელით ხდება, არის ეკელსიის მტრობა. შეიძლება ითქვას, რომ ვიბრძვი მართლამდიდებელი ეკლესიის დასაცავად ნაცისტური და ფაშისტური ხალხისგან. ამიტომ, ეს ადამიანები ჩათვლიან, რომ მე მათ ვებრძვი და კიდევაც უნდა ჩათვალონ ასე“, - აცხადებს ბექა მინდიაშვილი.

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ამ მოვლენების უკან დგას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს მდივანი თავის მოვალეობას კი არ ასრულებს, არამედ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. როგორც კაკაბაძე ამბობს, რაც მოხდა სამთაწყაროში, ნიგზვიანში, რაც ახლა ხდებოდა ადიგენში, ეს ნიშანია იმისა, რომ იდენტობის მიხედვით მოხდეს ადამიანების დანაწილება, ამ ადამიანების დაყოფა და შემდეგში გამოიწვიონ კონფლიქტი მათ შორის.

„ცხადია ეს ემსახურება არა საქართველოს ინტერესებს, არამედ გარეშე ძალების ინტერესებს. ბექა მინდიაშვილის სახელი ფიგურირებს ოფიციალურად, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ

ამის უკან დგანან გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი. „თავისუფლების ინსტიტუტს“ დიდი გამოცდილება აქვს ამგვარ საკითხებში. ახლა მათი მიზანია სიტუაციის არევა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადოს საგანგებო ვითარება და არჩევნები გაუქმდეს. ამით ცდილობს სააკაშვილი თავისი მმართველობის ვადის გახანგრძლივებას“, - აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.

მისივე განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ არსებობს გარკვეული ჩვენებები, პირდაპირი მტკიცებულებები, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი ცდილობს, რომ გააღვივოს ეს კონფლიქტი.

„უნდა დაიწყოს გამოძიება იმაზე, ვინ აღვივებს რელიგურ შუღს საქართველოში და ვინ დგას ამის უკან. ბექა მინდიაშვილის კვალი იკვეთება, მაგრამ მის უკან დგანან დიდი გამოცდილების პროვოკატორები - გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი“, - აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.