წინასაარჩევნო მედია გარემო, მაშინ და ახლა

წინასაარჩევნო მედია გარემო, მაშინ და ახლა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც 5-დან 20 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს, ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მედიასაშუალების საქმიანობის ხელშეშლაზე, ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებისა და მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე.

კვლევაში, რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა, აღნიშნულია, რომ მდგომარეობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ არსებობს პრობლემები. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალების საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით. 

 კერძოდ, საუბარია ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „გურიის მოამბის“ ხელმძღანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, ხელისულების მხრიდან პოლიტიკური ხასიათის ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.

კვლევის თანახმად , გურიის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული უზურფუქტის ხელშეკრულების ფორმალური პირობები არ დარღვეულა და გაზეთი „გურიის მოამბე“ გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების გათვალისწინებული წესით.

„გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალების საქმიანობის შეზღუდვას ეხება, „სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საკრებულომ წარმოადგინოს დამაჯერებელი დასაბუთება იმისა, თუ რა განსაკუთრებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყვიტა „გურიის მოამბეს“ უზურფუქტის ხელშეკრულება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნები“ უსაფუძვლოდ მიიჩნევს ტელეკომპანია „მაესტროს“ და მისი ერთ-ერთი მფლობელის, მამუკა ღლონტის განცხადებებს ხელისუფლების ერთი ფრთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შესახებ. კვლევის თანახმად, ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქ-შოუ „არგუმენტების“ ავტორი და წამყვანი თეა სიჭინავა, რომელიც სხვა სატელევიზიო არხზე გადასვლას გეგმავს, არხიდან წასვლას პოლიტიკურ გავლენას არ უკავშირებს. იგი ასევე უარყოფს არხის მიმართ პოლიტიკური ხასიათის ზეწოლის არსებობას.

რაც შეეხება ტელეკომპანია „მე-9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ის“ დახურვის საკითხს, ორგანიაზია არაერთგვაროვნად აფასებს.

„პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, მისასალმებელია, ვინაიდან ივანიშვილმა საკუთარი ნებით განაცხადა უარი შესაძლებლობაზე წინასაარჩევნოდ მედია რესურსი მმართველი კოალიციის კანდიდატის სასარგებლოდ გამოეყენებინა. მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო არხის დახურვა, სადაც თოქ-შოუებსა და საინფორმაციო გადაცემებში პოლიტიკური ხასიათის დისკუსიები სისტემატიურად იმართებოდა, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და გააქტიურებისთვის განსაკუთრებით ნეგატიური მოვლენაა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

არჩევნების ჩატარებისათვის მედიაგარემოს მნიშვნელობაზე არავინ დავობს. უმეტესწილად, მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამ შეუწყო ხელი იმას, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სრულიად არაპროგნოზირებადია.

როგორი განაწყენებულიც უნდა იყოს საზოგადოება ათთვიანი ხელისუფლების მიმართ, შეუმჩნეველი ვერავისთვის რჩება დღევანდელი წინასაარჩევნო გარემოს განსხვავება, გასული წლების მდგომარეობასთან. მართალია დღევანდელ ხელისუფლებას პარტნიორი ქვეყნების, საქართველოში მოქმედი უცხოური მისიებისა თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ძირითადად, კრიტიკის მოსმენა უწევს, თუმცა სხვადასხვა სახის კვლევები გვერდს ვერ უვლიან იმ შეცვლილ რეალობას, რომელიც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდს შეეხება.

სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და მონიტორინგის შედეგები იმასაც გვამცნობენ, რომ შემცირდა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები და მედიასაშუალებები, მეტ-ნაკლებად დაბალანსებულ ინფორმაციას აშუქებენ.

საქართველოში ბოლო ათი თვის განმავლობაში მედიაგარემოს გაუმჯობესების შესახებ გავრცელებული აზრით შეწუხებულმა პრეზიდენტმა სტატისტიკური მონაცემები მოიშველია. „გასული წლიდან საქართველოში დაიხურა რამდენიმე ტელევიზია. ესენია: ტელეკომპანია „პიკი“, „საქართველო“, „რეალ ტვ“, დახურვის პირასაა მისული „მაესტრო“, ეს არის, როგორც ამბობენ, „მე-9 არხი“, თუ იქ რაღაც აფიორას არ აქვს ადგილი, ასევე, რამდენიმე ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება და გაზეთი. ეს არის ფაქტი. მე ერთი რამ ვიცი: შეიძლება, ჩემი მთავრობის დროს იდეალურად არ იყო სიტუაცია, მაგრამ ბევრად მეტი ტელევიზია გაიხსნა, ბევრად მეტი, რამდენიმე ათეული, ვიდრე იყო მანამდე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თუმცა, „იმედის“ დარბევისა და ფოტორეპორტიორების დაპატიმრების რეზონანსული ფაქტების გარდა, საზოგადოების მეხსიერებაში და სხვადასხვა კვლევებში კარგადაა ასახუილი ის მედიაგარემო, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ სუფევდა.

2012 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებას ფაქტიურად ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, როდესაც თავისი პოლიტიკური მიზნების შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილის მიერ გრაფ მონტე კრისტოდ მონათლულმა, ცნობილმა მილიარდერმა გააკათა. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ მმართველ პარტიაში სრული პანიკა გამოიწვია.

საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო კანონპროექტების მარათონი. სრულიად არაადეკვატურ ორომტრიალს მშვიდობიანად ვერც კონსტიტუცია გადაურჩა.

ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებს ჩამოეწერათ მილიონობით ვალი, როდესაც ოპოზიციურ მაუწყებლებს ორლარიან დავალიანებებს არ პატიობდნენ. არჩევნების წინ საზოგადოების ინფორმირების მიმართ პანიკური შიშით შეპყრობილ მმართველ გუნდს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებამა, ერთობლივი ბრძოლის შედეგად ძლივს ,,გამოსტაცეს“ MUST CARRY/MUST OFFES-ის შესახებ კანონი. პოლიტიკური ნიშნით, არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ანტენებსა და ტელევიზორებსაც კი აპატიმრებდნენ.

წინასაარჩევნო პერიოდში ხელახლა დაიწყო მაუწყებლობა ტელეკომპანია „მე-9 არხმა“, რომლის ფუნქციონირებაც ივანიშვილის სახელთან იყო დაკავშირებული. 2012 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ დააყადაღა კომპანია, რომელიც ამ არხის მაუწყებლობის გაფართოებას სატელიტური თეფშების საშუალებით გეგმავდა. დაყადაღებული იქნა ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ განკუთვნილი ანტენები.

ახლადშექმნილი „მე-9 არხისა“ და „ინფო 9-ის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის მიზნით, ჩამოყალიბდა სპეციალური, ე.წ. „თავისუფალი ჟურნალისტების“ ჯგუფები, რომელთაც საარჩევნო მედიაისტორია „ალისტრახოს“ სახელით შემოინახავს. ეს იმ ფაქტების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც არა მხოლოდ კვლევებში, არამედ ადამიანების მეხსიერაბაშიც ჯერ კიდევ ნათლადა უნდა იყოს აღბეჭდილი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა ცდილობდეს მის წაშლას „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი.

უდავოა, რომ მედიაგარემოს გაუმჯობესება ჟურნალისტებზე ზეწოლის მოხსნის შედეგია. მათ არავინ დასდევს და საკუთარი ინსტრუქციებით ვერავინ ზღუდავს, ანტენებსაც კი არავინ აპატიმრებს. მიუხედავდ ყველაფრისა, წინასაარჩევნო მედიის საბოლოო შეფასებამდე ჯერ კიდევ არის განსავლელი რამდენიმე თვე. რამდენად იქნება დაბალანსებული ქართული მედია, ეს მაინც სექტემბრიდან გამოჩნდება, როდესაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი დარეგისტრირდება. წინასაარჩევნო კამპანია სრულად მედიაშიც სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

სექტემბრიდან, თითქმის, ყველა ტელეკომპანია თოქ-შოუების დაწყებას გეგმავს. ახლა ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებებზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებენ გაუმჯობესებულ პირობებს და რა შეფასებებს დაიმსახურებენ საკუთარი მოსახლეობის გონებაში, თუ სხვადასხვა ორგანიზაციების დოკუმენტებში.