მედია „თავისუფალ ცურვაში“

მედია „თავისუფალ ცურვაში“

„მეცხრე არხის“ დახურვამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. მართალია, ივანიშვილმა გააკეთა განმარტება, რომ მის ოჯახს ტელეკომპანიის მფლობელობა „დიდ უხერხულობას“ უქმნის, განსაკუთრებით კი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა „ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს“, მაგრამ ეჭვები და კითხვები, რაც ქართული მედიასივრცის მიმართ არსებობს, მხოლოდ „მეცხრე არხს“ არ უკავშირდება.

ქართული ტელეკომპანიებისა და ზოგადად, მედიის პრობლემების შესახებ ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება

ბატონო სოსო, „მეცხრე არხის“ დახურვას რომ არ შევეხოთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თითქმის, ყველა ქართულ ტელეკომპანიაში რაღაც ცვლილებები მოხდა, დაიწყო წილების გაყიდვა, დაბრუნება, დავა და .. შეიძლება ამას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მედიაგადანაწილების პროცესი ვუწოდოთ?

- მედიასივრცის მიმართ საზოგადოების გაზრდილი ყურადღება მიანიშნებს ამ საქმიანობის საკმაოდ მნიშვნელოვან როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რასაკვირველია, პოლიტიკური ცვლილებები, გაზრდილი მოლოდინები, არ გახლავთ საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ იყოს უფრო მეტი დაინტერესება, ვიდრე ადრე და ცხადია, ყოველივე ეს შეიცავს ახალ გამოწვევებს მედიასუბიექტებისთვის.

კარგად გვახსოვს რა ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. „რუსთავი 2“-მა მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ შეინარჩუნა სახე და განაგრძობს საქმიანობას საკუთარი ხელწერით, მაგრამ განსხვავებული ბედი ერგოთ „მაესტროს“ და „მეცხრე არხს“.

„მაესტროს“ ხელმძღვანელებმა, ჩემი აზრით, დროზე ადრე ჩათვალეს, რომ თავი ქუდში აქვთ, გააორმაგეს საკუთარი მცდელობა, დაეფარათ საინფორმაციო ველი, ხოლო ორმა „მაესტრომ“ მიგვიყვანა იმ ჭეშმარიტებამდე, რასაც ჰქვია, „ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო“. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ არხის მენეჯმენტი უშეცდომო იყო. ფაქტია, როდესაც ჟურნალისტებს არ აქვთ გარანტირებული ხელფასი და თვეობით ლოდინი უწევთ, მათი გადაადგილება ამ არხიდან სხვა არხისკენ არანაირ კომენტარს არ საჭიროებს. ეს გასაგებია, არა მხოლოდ ჟურნალისტებისათვის, არამედ ნებისმიერი დაქირავებული სუბიექტისათვის, იქნება ის შემოქმედი თუ რიგითი ჩინოვნიკი.

რაც შეეხება „მეცხრე არხს“, ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული შემთხვევაა, თავად მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს, იყო პირდაპირ ეთერში არხის უკანასკნელ გადაცემაში. ასეთი რამ სწორედ „მეცხრე არხზე“ გამოვცადე, როდესაც 2004 წლის 1 აპრილს ჩემი გადაცემა, „საზოადოება და ხელისუფლება“ იყო უკანასკნელი გაელვება იმდროინდელ „მეცხრე არხზე“. 8-9 წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ გაგვეგო, რა იყო არხის გაჩერების რეალური მიზეზი მაშინ...

რა არის ის, რაც დღეს ხდება, მედიასაშუალებების თავისუფალ ცურვაში გაშვება თუ ახალი პოლიტიკური ძალების მიერ მედიასივრცის გადანაწილება?

- არ დავიწყებდი საერთო რეცეპტის ძებნას, ყველა სატელევიზიო არხს საკუთარი თავგადასავალი აქვს და ერთმანეთისგან განსხვავებული. „იმედის“ და „მაესტროს“ ბედი ნამდვილად სხვადასხვაგვარი იყო, ისე როგორც „რუსთავი 2“-ის და „მეცხრე არხის“. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი სულ სხვა თავგადასავლის მქონეა.

საინტერესოა, ეს ყველაფერი აღიწეროს და მსგავსებებსა და განსხვავებებზე როდესაც გაკეთდება აქცენტი, მაშინ შეიძლება უფრო სოლიდური დასკვნის გამოქვეყნება იმაზე, თუ რა პროცესებია. თუმცა, მერწმუნეთ, არც ერთი არხის ბედი ტყუპისცალივით ნამდვილად არ ჰგავს ერთმანეთს.

ვარაუდები შეიძლება ბევრი იყოს, ცხადია, აქ ერთი საერთო აზრის დამკვიდრება გაჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირადად მე, ბატონი ივანიშვილის ინიციატივა - გადადგას ხილული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, გარკვეული გამოწვევაა თავად ბატონი სააკაშვილისთვის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თავად გახლავთ „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი.

თუ ამ გამოწვევას მიიღებს ბატონი პრეზიდენტი და ასევე ფასდაკლებით გაიტანს საკუთარ ქონებას გასაყიდად „რუსთავი 2“-ის სახით ბაზარზე, მაშინ ვიტყოდი, რომ ჩვენს დემოკრატიას მართლაც აქვს პერსპექტივა.

სააკაშვილი მედიაზე საუბრისას აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობისას უამრავი ბეჭდური მედიასაშუალება შეიქმნა... იგივე სააკაშვილს შეუძლია დასავლეთის გასაგონად გააკეთოს განცხადებები, რომ საქართველოში არჩევნების წინ ტელეარხი დაიხურა...

- ჩვენ შევეჩვიეთ იმ ჭეშმარიტების გამეორებას, რასაც ჰქვია, „ენას ძვალი არ აქვსო“. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ დახურული არხების რაოდენობა საკმარისზე მეტია, მაგრამ ის ფაქტი, რომელიც ჩემი ყურით მოვისმინე, თითქოს, მისი პრეზიდენტობის დროს დაფუძნდა „მეცხრე არხი“, საკუთარ თავთან კონფლიქტი მაქვს, რადგან 2003 წელს არაერთხელ გამოვსულვარ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ პირდაპირ ეთერში.

ყველა სიტყვაზე კომენტარის გაკეთება ძნელია და სჯობს, დღევანდელ დღეზე ვისაუბროთ. მგონია, რომ ყველა ტელეკომპანია საკუთარ თავს გააცოცხლებს, მაგრამ რაზეც გული სერიოზულად მწყდება, ეს საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“ არის. თუ მის ღირებულებას საზოგადოებისათვის ვერ შეაფასებენ მედიამაგნატები, ეს მხოლოდ მათ ნაკლებ პროფესიონალიზმზე მიგვითითებს.

მედიაგავლენების თემას მინდა დავუბრუნდეთ - კულუარებში დიდი ხანია, საუბარია იმაზე, რომრესპუბლიკური პარტიასაზოგადოერბრივ მაუწყებელზე  გავლენის მოპოვებას ცდილობს. მამუკა ღლონტმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ებრძვის, საუბრობენ ხელისუფლებისა დაიმედისკოაბიტაციაზე. „რუსთავი 2“ ნაციონალებს რჩებათ ჯერჯერობით. პრინციპში ასეთი მცდელობები სიახლე არ არის და ყველა პოლიტიკური პარტიის სურვილია,მედიის გაკონტროლება. შესაძლებელია მართლაც ასეთი გადალაგება მოხდეს?

- ვიდრე დაზარალებული ტელეკომპანიების მფლობელები საჯაროდ არ გაგვაცნობენ საკუთარი თავის მიმართ პრეტენზიებს, მათ რა შეეშალათ, როგორი ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ, მანამდე ისინი დამაჯერებელნი ვერ იქნებიან. საკუთარი წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალება მარტივია, მაგრამ ნებისმიერი ასეთი ბრალდება სხვის მიმართ, არანაირი გარანტია არ არის მათი სამომავლო წარმატებისა.

ჯერ შინაგანი ანალიზი უნდა გაკეთდეს და არა მხოლოდ მფლობელის ან მეპატრონის, არამედ იმ მთლიანი გუნდის მიერ, რომელიც საქმიანობდა და პოპულარული იყო თავისი პროფესიული მიღწევებით. ვნახოთ, დაველოდებით რას ფიქრობს ამაზე „მაესტროს“ ხელმძღვანელობა, „რუსთავი-2“-ს მგონია, სწუწუნოდ საქმე არ აქვს, რადგან მათი პოზიციაა, ნებისმიერი წარუმატებლობა წარმატებად წარმოაჩინონ. იგივე შეიძლება ითქვას ყოფილ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც სახეცვლილებას ცდილობს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება შემოდგომაზე, შეძლებს თუ არა ამ არხის ხელმძღვანელობა რაიმე დამაჯერებელი გადაწყვეტილების მიღებას.

თუმცარუსთავი 2“-თან მთლად დალაგებულიც არ არის სიტუაცია, რადგან საქმეს პროკურატურა სწავლობს და არც კი ვიცით, რა შედეგს დადებს გამოძიება. ანუ, ქვეყანაში არსებულ ყველა ტელეკომპანიას, თუ არ ჩავთვლით ტელეკომპანიაკავკასიას“, ჰქონდა ან აქვს აქვს სერიოზული პრობლემები, რაც მეტყველებს, რომ ეს უკვე ტენდენციად იქცა, თქვენ როგორ ახსნით ამ ყველაფერს?

- როგორც ჩანს, საქართველოში არა მხოლოდ სოციალურ სფეროში არამედ ტელებიზნესშიც ყველაზე მკვიდრი საოჯახო ბიზნესია და სწორედ ეს არის „კავკასიის“ წარმატების რეცეპტი, არხიც ინარჩუნებს სპორტულ ფორმას, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ის ყოველწლიური სახეცვლილების მიმდევარია, მაგრამ რაც არის, ის მუდმივობის განცდის მომტანია. შესაბამისად, მას ჰყავს საკუთარი მაყურებელი და არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ასეთი არხით. ასეთი უნდა იყოს ჩემი აზრით, ყველა სხვა არხიც - ჰყავდეს საკუთარი მაყურებელიც და არსებობდნენ ადამიანები, რომელთათვისაც ეს არხები მისაღებნი არ არიან.

დღეს განსხვავებული პოზიციის მქონე ტელევიზიები ძნელად მოსანახია, რადგან ჩვენი სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებების მიერ ინფორმაცია (ისევე როგორც პრესის მიერ), მოიპოვება საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით. როგორც პრესაში, ისე ტელევიზიაში რაიმე მოვლენის შესახებ ვისმენთ ზუსტად ერთსა და იმავე ტექსტს. ეს მაყურებლისა და მკითხველის უპატივისმცემლობის გარდა არაფერია. ასეთი მიდგომა აკნინებს უპირველეს ყოვლისა, პროფესიონალიზმს ნიჭიერი ჟურნალისტებისას და ამაზე რატომღაც არ მახვილდება-ხოლმე ყურადრება, თუნდაც - პროდიუსერების მხრიდან.

მე უკვე არაერთხელ წავწყდომივარ სრულიად ღია ფალსიფიცირების პროცესს, როდესაც ერთ ახალგაზრდა მანდილოსანს ხელთ უპყრია 3-4 მიკროფონი და ოთხი სხვადასხვა საინფორმაციო წყაროსთვის იღებს ინტერვიუს. ყოველთვის ვთხოვ-ხოლმე, რომ არ მეზარება, სათითაოდ ვესაუბრო.

ასეთი მიდგომა აზიანებს მაყურებელსაც და მკითხველსაც. როდესაც სხვა არხზე რთავ ტელევიზორს და იგივე ადამიანის იგივე ტექსტს ისმენ, ამ ადამიანზეც ღიზიანდები და ჟურნალისტებზეც. ამიტომ ცოტა უფრო გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ მკითხველის და მაყურებლის ინტერესი. ამისი ნიჭი ნამდვილად გააჩნიათ ჩვენს ჟურნალისტებს, ოღონდ იმათ, ვინც მათ რესპონდენტებთან აგზავნის, მხოლოდ მიკროფონის დამჭერის როლი არ უნდა მიუჩინონ. სიამოვნებით მოვისმენდი ჩემგან აღებული ინტერვიუს შეფასებას თავად იმ ჟურნალისტისგან, რომელიც ჩემს წინ იდგა და ამ თემაზე ვსაუბრობდით, ის უფრო მაინტერესებს, რაში არ მეთანხმება, ვიდრე მისი ზრდილობიანი თავის დაქნევა ჩემს ნებისმიერ გამონათქვამზე.

მედიაში გასაკეთებელი ძალზე ბევრია და ძალიან კარგია, რომ სწორედ მედია ხდება აქტუალური თემა ქართული საზოგადოებისთვის. თავისი არც თუ მარტივი სავალი გზით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლო კეთილია.

ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედია რა პრობლემების წინაშეც დგას ეს ბუნებრივი პროცესია და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე დგას?

- ზოგისთვის ეს არის მიზანდასახული სვლა, ზოგისთვის ეს არის იძულებითი ნაბიჯი, მთავარია, ვინ როგორ შეძლებს ამ თავისუფლების გამოყენებას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავად მეპატრონეებსა და დაქირავებულ ჟურნალისტებს შორის ცოტა უფრო მკაფიო და გამჭვირვალე უნდა იყოს ურთიერთობები. მართვის შიდა რგოლებიც უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს და არ უნდა წარმოადგენდეს საფიქრალის საგანს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დღე და ღამე ერთგულად ემსახურებიან საკუთარ საქმეს.