„მეფე ქინქი“ უწოდა გიორგი ქინქლაძეს გაზეთმა „სანმა“ მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტის“ ქართველმა ლეგიონერმა შაბათს ინგლისის პრემიერ დივიზიონში საკუთარი გოლების ანგარიში გახსნა.
ეს „ასტონ ვილასთან“ თამაშის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე მოხდა, როცა ანგარიში 0:0 იყო - გიომ მარცხენა ფრთიდან პასი მისცა საჯარიმოში მყოფ ქუინს, ირლანდიელმა ქუსლით დაუბრუნა კარისკენ გაჭრილ ქართველს და ამანაც მახვილი კუთხიდან ისეთი გოლი გაიტანა, BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველმა, წარსულში სახელგანთქმულმა ალან ჰანსენმა ფანტასტიკური უწოდა.
გახარებული გიო ინერციით მაყურებლებში გადავარდა და ამათი ხვევნა-კოცნისგან მხოლოდ თანაგუნდელებმა იხსნეს. ეს მოგება „სიტის“ მეორე გამარჯვება იყო გასულ კვირაში - ოთხშაბათს იმავე ანგარიშით „მაინ როუდზე“ „უიმბლდონი“ დაამარცხა. ის ერთადერთი გოლიც ქინქლაძისა და ქუინის წყალობით გავიდა, ოღონდ მაშინ ამათ როლები გაცვალეს და ქართველის პასით ირლანდიელმა შეაგდო.
სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ „ასტონ ვილასთან“ გიომ გოლამდეც მშვენივრად ითამაშა: დასაწყისშივე მისი პასით ქუინმა ძელს გაარტყა ბურთი, მეოცე წუთზე კი ქინქი საჯარიმოში მოცელეს, მაგრამ კერლმა პენალტიდან ბურთი კარს ააცილა, ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ყველა გაზეთმა ქინქლაძის თამაში 9-იანით შეაფასა, ტელევიზიამ კი იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ამ მოგებით „სიტი“, როგორც იქნა, ასცდა ბოლო სამეულს, რამაც, ცხადია, მთელი გუნდი კარგ ხასიათზე დააყენა.
„სიტის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა „გარდიანს“ განუცხადა, გიორგიმ თუ ასე განაგრძო, ორი კი არა, 10 მილიონი ეღირებაო, უელსელი მცველი კიტ საიმონსი „სანში“ ქართველის ბრწყინვალე თამაშში თავის დიდ წვლილსაც ხედავს: აგერ უკვე ათი დღეა, ჩინურ რესტორანს მივაჩვიე, სადაც ყოველდღე ბრინჯსა ჭამს, „ტანგოს“ (სასმელია) აყოლებს და იმის მერე ყველაფერს ვიგებთო.
ყველაზე სასიამოვნო ალან ბოლის სიტყვები იყო: მის ფეხბურთელობაზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველაფერი ნათელიაო. ბოლის თქმით, ქინქლაძე პატარა საქართველოს ელჩია ინგლისში და ეს გოლი მთელ მის ქვეყანას გაახარებს.