(იბეჭდება შემოკლებით)
მამუკა ხაზარაძე საქართველოში უკვე რამდენჯერმე დაასახელეს ყველაზე განათლებულ და ელეგანტურ ბიზნესმენად. წლების წინ ის საუკეთესო ბიზნესმენის ტიტულის მფლობელიც გახდა. მის სახელს უკავშირდება „ბორჯომისა“ და „თი ბი სი ბანკის“ დაფუძნება და განვითარება. როგორც ქართული პრესა აღნიშნავს, მისი ქონება 400 მილიონ დოლარს აღწევს.
პირველი ნაბიჯები ბიზნესის სფეროში მამუკა ხაზარაძემ 23 წლისამ გადადგა, როდესაც გადაწყვიტა სამხატვრო სალონში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები წარმოედგინა და გაეყიდა. მოგვიანებით, ის პრესასთან საუბარში იხსენებდა, რომ მისი პირველი მცდელობა ბიზნესში წარუმატებელი გამოდგა. თუმცა, ხაზარაძემ და მისმა მეგობრებმა მაინც მოახერხეს რამდენიმე ცნობილი მხატვრის ნახატების გამოფენის ორგანიზება. ყველაზე მთავარი, რაც პირველი მცდელობებიდან ბიზნესმენმა მიიღო, რუსეთთან კონტაქტების დამყარება იყო. „პირველი ბიზნესიდან“ მიღებული გამოცდილება ხაზარაძეს შემდეგ გამოადგა.
მეორე მცდელობისას ხაზარაძეს უკვე გაუმართლა – მილიონი მანეთი იშოვა. მან ტელევიზიით მოისმინა, რომ თბილისში ამერიკული ლუდი ჩამოიტანეს. იმის გამო, რომ ლუდს ვაგონებიდან ვერ ცლიდნენ, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. ხაზარაძემ გადაწყვიტა ლუდის ბიზნესში ეცადა ბედი და საქართველოდან მის გატანაზე ეზრუნა. როგორც თავად ამბობს, ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო. მამუკა ხაზარაძე მეგობრებთან ერთად, სანკტ-პეტერბურგში დაუკავშირდა ნაცნობებს, რომლებიც ამ ქალაქში მხატვრების გამოფენისას გაიცნო. მათ გაუზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლუდის შეტანა სურდა რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში. ახლა ცოტა არ იყოს, კურიოზულად ჟღერს – უცხოური ლუდი პეტერბურგში საქართველოდან უნდა შეეტანათ.
ხაზარაძეს და მის მეგობრებს იმაშიც გაუმართლათ, რომ ის მატარებელი, რომელშიც პეტერბურგში გასაყიდი ლუდი იყო ჩატვირთული, ამ მიმართულებით გასული ბოლო მატარებელი აღმოჩნდა. მალე საქართველოდან რუსეთში სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა და გზები ჩაიკეტა. სწორედ ასე იშოვა პირველი მილიონი მანეთი ხაზარაძემ, რაც იმჟამინდელი სავალუტო კურსით დაახლოებით 30 ათასი დოლარი იყო. ამის შემდეგაც სცადა მან მსგავსი საშუამავლო ბიზნესის წარმოება, მაგრამ უკვე უშედეგოდ.
მესამე ბიზნესმცდელობა უკვე კარაქს უკავშირდებოდა. 90-იან წლებში თბილისში ყველაფრის დეფიციტი იყო და ხაზარაძემ გადაწყვიტა ქართული კონიაკი ესტონურ კარაქში გაეცვალა. მან კვლავ გარისკა, ბანკიდან 2 მილიონდოლარიანი კრედიტი აიღო და გარანტად მამისეული ბინა ჩადო, რომელიც თბილისში პლეხანოვის პროსპექტზე მდებარეობდა. ბიზნესის წარმოება რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სარისკო საქმე იყო, მხოლოდ საქართველოს მაგალითზე არ დასტურდება – ესტონეთში ჩასულებს ამ ქვეყნის მთავრობა გადამდგარი დახვდათ, ხოლო ქვეყნიდან პროდუქციის გატანა – აკრძალული. თუმცა, ქართულმა კონიაკმა მაინც თავისი ჰქნა. ესტონური კარაქი თბილისში ჩამოიტანეს, ის დაახლოებით, ერთ თვეში გაიყიდა.