ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ დღევანდელ გამოსვლაში რადიკალური ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი და იცით რატომ?! - მიხეილ სააკაშვილზე, იმ რეზოლუციებზე, იმ განცხადებებზე, რაც თქვენ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას მოტივირებული პატიმრობის არგუმენტად მოიტანეთ, პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაცმოძრაობის პიარ სტრატეგია ამ შემთხვევაში ახლა ასეთი - ამ შემთხვევაში არ ვეხებით მიხეილ სააკაშვილს, დადასტურდა რომ მისი მოტივირებული პატიმრობა იყო ცრუ ნარატივი და ტყუილი, მაგრამ რაც შეეხება გვარამიას, ამის ნაწილში რეზოლუციაში ჩანაწერი, ევპოპარლამენტარების განცხადებები შეიძლება იყო მართალი - არა, ასე არ ხდება. ერთიც ტყუილი იყო და მეორეც. რატომ ამბობდნენ ეს ადამიანები ტყუილს მიხეილ სააკაშვილთან შემთხვევაში?! ზუსტად იგივე მოტივაცია აქვთ გვარამიას შემთხვევაშიც“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები და მათი თანამოაზრეები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას აანონსებენ. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ნიკა გვარამია არ გათავისუფლდება.