საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა.
როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის საკითხის უვიზო მიმოსვლასთან მიბმა არის თვითნებობა, რადგან ამას უვიზო მიმოსვლასთან კავშირი არ აქვს.
„ზოგადად, თუ მივადევნებთ თვალს ქრონოლოგიას, საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე და ეს ქრონოლოგია არ იწყება დღეს. ეს ქრონოლოგია დაიწყო შარშან, როდესაც ჩვენ ვნახეთ გარე ჩარევები საქართველოს არჩევნებში და ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მხრიდან პირდაპირი, უხეში ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ეს არის ფაქტი, რომელიც ინტერნეტშია, შეგვიძლია, მისი განცხადებები ვნახოთ. ის პირდაპირ ჩაერია არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. და ისინი, რომლებმაც ის ჩარიეს ამ არჩევნებში, ამ არჩევნებში დამარცხდნენ და მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ გარკვეულწილად ვენდეტას ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ამაზე პირდაპირ და მეამიტურად გულწრფელად თქვა რასა იუკნევიჩიენემ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირთან არსებული პრობლემები, ეს არის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ბრალი. მან კოლექტიური ბრალი დააკისრა 1 120 000 ადამიანს და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს არის წმინდა ფაშისტური განცხადება, რომელსაც დღემდე არცერთი ევროპულო სტრუქტურა არ გამიჯვნია. ვინაიდან ვერ შეცვალეს ხელისუფლება შარშან, 26 ოქტომბერს ზოგიერთმა ძალებმა, მცდელობაა, რომ არადემოკრატიული გზით, ძალით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.
და ამის ნაწილი არის სხვადასხვა სახის დარტყმები, რომლებიც საქართველოზე მოდის. შეგახსენებთ, სულ ბოლო იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც გაფართოების კომისარი, ქალბატონი კოსი ესწრებოდა. ეს დასკვნა, თუ რეზოლუცია შედგენილი იყო რასა იუკნევიჩიენეს მიერ და ქალბატონი კომისარის შექების და კომპლიმენტების ფონზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც დღემდე ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია. სადაც წერია, რომ ისინი არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს. ამ პირობებში ვართ დღეს და ნახეთ ახლა ბოლო ე.წ. წერილი. ვინაიდან გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ შეხვედრებზე, გადაწყვიტეს, ახლა წერილი მოეწერათ, ვინაიდან გადაწყვეტილება არ იყო. ეს პროცედურა რომ ავხსნათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ვიზის გარეშე მიმოსვლის შესაძლებლობა, ყოველწლიურად ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გარკვეულ ანგარიშს აქვეყნებს, აკმაყოფილებს თუ არა უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო პირობებს. როგორც წესი, ეს პირობები ეხება მიგრაციის საკითხებს, რომ საფრთხე არ შეიქმნას ჩვენი ქვეყნის გავლით ევროკავშირში მოუწესრიგებელი მიგრაციის და სხვადასხვა საკითხებს სახელმწიფო სტრუქტურების და ა.შ.
საქართველო წლიდან წლამდე მიყვება და ახლაც ეს პროცესი ჩვეულებრივად მიდის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, ჩვეულებრივად კომუნიკაციაში არიან ევროპულ სტრუქტურებთან, რათა კიდევ ერთხელ განუახლონ ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ. ისე თუ შევხედავთ, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ, სულ ახლახან ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობა და მათ შორის ხედავს შედეგებს ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოდან უკანონო მიგრანტების გაძევება უფრო გამარტივდა, ეს ევროკავშირის მოლოდინიც და მოთხოვნაც იყო და ამას ჩვენ ვასრულებთ. არის სხვა მიმართულებები – ანტიკორუფციული მიმართულება, სადაც ჩვენ ჩვენს საშინაო დავალებებს, ასე ვთქვათ, უვიზო მიმოსვლისთვის ჩვეულებრივად ვასრულებთ და ეს პროცესი ასეც მიდიოდა. მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რაღაც პოლიტიკური მოთხოვნები, უფრო სწორედ, აღმოჩნდა, რომ არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების შეცვლა და ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკონტექსტოდ. უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ოჯახური ღირებულებები, ქართული გაგება ოჯახური ღირებულებებისა. ვიღაცას არ მოსწონს გამჭვირვალობა. ვიღაცას შეიძლება, კიდევ ბევრი სხვა რამ არ მოეწონოს, მაგრამ ამისი მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა, ვინაიდან არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან ამას არ აქვს. 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა. ჩახედეთ სიას ამ ქვეყნებისა და მოქალაქეებმა თავად დაასკვნან, რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.