თეა წულუკიანი: ვიმედოვნებ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით წერტილი დაესმება სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟს, თავად პატიმარი კი შეწყვეტს საკუთარი თავის დაზიანებას

თეა წულუკიანი: ვიმედოვნებ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით წერტილი დაესმება სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟს, თავად პატიმარი კი შეწყვეტს საკუთარი თავის დაზიანებას

იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდება, წერტილი დაესმება სპეკულაციებს, გაუგონარ ვაქხანალიას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყო, თითქოს მას ქართული სახელმწიფო არ ან ვერ უვლის, გადასაყვანია სხვა ქვეყანაში ან სხვა დაწესებულებაში, - განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს უარი ეთქვა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

„ვიმედოვნებ, ამით დასრულდება უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რადგან ეს პირდაპირ დარტყმას აყენებს თვითონ სააკაშვილს, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ასევე, იმედი მაქვს, თავად პატიმარი, რომელიც იურისტია, სათანადოდ გაიაზრებს ამ გადაწყვეტილებას, ექნება სწორი რეაქციები, განაახლებს კვებას, შეწყვეტს საკუთარი თავის დაზიანებას. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავისთვის უკეთესი მომავალი, უკეთესი აწმყო სურს, რისთვისაც აუცილებელია, იყოს ჯანმრთელი. თავისი მხრიდან, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა ჯერი პატიმარზეა, შეწყვიტოს თვითდაზიანება. მას რაც მეტად შეუწყობენ ხელს ოჯახი, მეგობრები, თანამებრძოლები, გარემოცვა, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება, მისთვის ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.