ბარათაშვილის ხიდი ინგრევა!

ბარათაშვილის ხიდი ინგრევა!

ბატონმა გიგიმ, შესაძლოა, უნებურად ნაგვით სავსე მტკვარში მოადინოს ტყაპანი...

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში თბილისის მერია ხშირად გვანებივრებს დასაქმების პროგრამებით და დედაქალაქის დასუფთავებისა და გალამაზებისთვის მილიონებსაც ხარჯავს, უნდა ითქვას, რომ თბილისის ქუჩები, თბილისის მერიის ბიუჯეტის ფონზე, არც ისე სუფთად გამოიყურება, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია ბარათაშვილის სახელობის ხიდი.

მოგეხსენებათ, ხიდს "სუბელიანის ქანდაკებები" ამშვენებს, რომელთა მოტეხილობებზე ხელისუფალნი ძალიან ნერვიულობენ და თითოეულის "მკურნალობა" საკმაოდ ძვირი, დაახლოებით 10 000 ლარამდე ჯდება. ამ "მშვენიერი, ძვირადღირებული ქალბატონებისა და ბატონების" გვერდით, სავალ ნაწილზე ბეტონის კარკასის ნაწილია ჩანგრეული და ფიცრებითაა დამაგრებული. ერთი ჩატეხილი ფიცარი კი იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაც ჩავარდნას სასწაულად გადაურჩა.

უფრო მძიმე მდგომარეობაა ხიდის ქვეშ მდებარე ნახევრადღია გადასასვლელში, რომელიც ერთი მხრიდან მტკვარს გადაჰყურებს. აქ ფიცარნაგის(!) ჭერი იმდენად არის დაზიანებული და იმხელა ნაპრალებია გაჩენილი, რომ ქვემოთ გავლისას ხიდზე მოსიარულეებს დაინახავთ!

ჩამოშლილი ჭერი და თითქმის ჩამონგრეული კედლები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ გამვლელებს, არამედ ხიდის ქვეშ არსებულ, ქართული ელიტის თავშეყრის ერთ-ერთ საყვარელ ადგილს, ღამის კლუბ Night Office -საც.

როგორც სუბელიანმა დაგვიბარა, ეს სიყვარულისა და ტურისტული დანიშნულების ხიდია. აქედან ყველაზე უკეთესად მოჩანს ძველი თბილისის ხედები და, შესაბამისად, ტურისტები, პირველ რიგში, ამ ადგილს სტუმრობენ.

„ჯორჯიან თაიმსი" ხიდის დასათვალიერებლად სწორედ მაშინ მივიდა, როცა ერთი უცხოელი ქალბატონი თბილისის ფოტოებს იღებდა. რა თქმა უნდა, მის ფოტოობიექტივში მტკვარიც მოხვდა, ოღონდ საშინლად დაბინძურებული! უცხოელი გაოცებული შეჰყურებდა სავალალო მდგომარეობაში მყოფ ხიდს და, სავარაუდოდ, ალბათ, ფიქრობდა: "ნეტა, ეს ბზარი როდის გაჩნდა აქ?!"

„ბარათაშვილის ხიდი შემოწმებულია და მდგრადია! მხოლოდ კოსმეტიკურად შეღებვას საჭიროებს!", - განუცხადეს "ჯორჯიან თაიმსს" თბილისის მერიის პრესსამსახურში. შესაძლოა ხიდი მართლაც მდგრადია, მაგრამ სავალი ნაწილის დაზიანებული მონაკვეთი აშკარად უქმნის საფრთხეს ხიდზე გამვლელებს.

საინტერესოა, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმავე ქალაქის მერიაში, თუკი რომელიმე გამვლელი მართლაც დაზარალდება? სავარაუდოდ, მდინარეში ჩავარდნილ მოქალაქეს ისევ და ისევ პატრული იხსნის, რის შესახებაც ტელევიზიით კიდევ ერთ საგმირო საქმეზე პომპეზურად მოგვიყვებიან. რა თქმა უნდა, არავინ იტყვის იმას, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები ვერ აღმოფხვრის ხიდზე არსებულ დაზიანებებს, რასაც ჩვენთან საუბარში ექსპერტებიც ადასტურებენ.

იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მერია ოდესმე ბარათაშვილის ხიდსაც მიხედავს, გაამაგრებს და კიდევ ერთ წითელ ლენტს გაჭრის. ჩვენ კი გავკადნიერდებით და თბილისის მერს, გიგი უგულავას ვურჩევთ, რომ ლენტის გაჭრამდე ბარათაშვილის ხიდზე ხშირად ნუ ივლის, განსაკუთრებით ღამით... მართალია, თბილისი "სინათლის ქალაქია", მაგრამ მაინც, ბატონმა გიგიმ, შესაძლოა, უნებურად ნაგვით სავსე მტკვარში მოადინოს ტყაპანი...