25 იანვრის მოახლოებასთან ერთად აქტიურდება საუბრები საკონსტიტუციო რეფორმათა თაობაზე, რამაც ძირფესვიანად უნდა შეცვალოს საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციული წყობა და სახელისუფლებო მოდელი.
როგორც ჩანს, მმართველმა „ტრიუმვირატმა“, ვინც ახალი ხელისუფლება შეადგინა, უკვე მოილაპარაკა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება სახელმწიფო დროშის შეცვლა იქნებოდა.
თანაც, ეს იყო არა საკონსტიტუციო, არამედ საკონსტიტუციო რანგის ცვლილება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია დროშის დეტალურ აღწერას არ შეიცავდა. ამდენად, ახალი დროშის მისაღებად პარლამენტში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობაც საკმარისი აღმოჩნდა.
ინაუგურაციის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებები სწრაფად განხორციელდება. ალბათ დაფუძნდება მინისტრთა კაბინეტი, - სახელმწიფო აპარატიც კარდინალურ სახეცვლილებას განიცდის.
აქ, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა უმთავრესი სახელმწიფო უწყების - სახელმწიფო კანცელარიის ბედი. როგორც ცნობილია მიხეილ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, უარი განაცხადა ამ შენობაში მუდმივად მუშაობაზე.
ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან სახელმწიფო კანცელარიის შენობა არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ არქიტექტურულადაც უმძიმეს აურას შეიცავს.
ეს თითქოს ძნელად ასახსნელია, ვინაიდან ერთი შეხედვით, ყველა ფორმა, ყველა ნაგებობა „სწორად“ და კარგად არის აგებული, მაგრამ მთლიანობაში, ამ შენობას მაინც აღარაფერი ეშველება და უმჯობესი იქნება თუ (ერთ-ერთი წინადადების შესაბამისად) მასში ბიზნეს-სტრუქტურები განთავსდება, ანუ ყოფილი „ცკ“-ს შენობა სართულ-სართულ, ოთახ-ოთახ გაიყიდება.
ადგილი არცთუ იოლად მისადგომია, მაგრამ მაინც ქალაქის ცენტრია, მოხერხებული ავტოსადგომიც აქვს და პრესტიჟიც თავისას იზამს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ახალ პრეზიდენტს, ეტყობა, სახელმწიფო კანცელარია, როგორც ინსტიტუტი, არ ეპიტნავება. მან უკვე განაცხადა, რომ აპირებს მკვეთრად შეამციროს სახელმწიფო აპარატი.
სხვათა შორის, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ამას წლების განმავლობაში ამაოდ ემუდარებოდნენ ედუარდ შევარდნაძეს. არ მოვამრავლოთ ქვეყანაში უსაქმოდ დარჩენილი, გაავებული და გაბოროტებული ხალხის კატეგორია - ასეთი იყო ყოფილი პრეზიდენტის უმთავრესი პრინციპი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამის ნამდვილად არ ეშინია. მისი თქმით, მას სულ 150-200 მუშაკი დასჭირდება. მაშასადამე, ეს იქნება არა სახელმწიფო კანცელარია, სადაც თავს იყრიდა ყველა დოკუმენტი, არამედ პრეზიდენტის აპარატი, რომელიც მხოლოდ უშუალოდ სახელმწიფოს მეთაურის დოკუმენტებზე იმუშავებს. იმავდროულად, მთავრობის ჩამოყალიბებასთან ერთად, შეიქმნება მისი აპარატიც, რომელიც ცალკე განთავსდება.
აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, პრეზიდენტს არც ის მოეწონება, თუ მინისტრთა კაბინეტის თუნდაც ნაწილი ისევ ყოფილ „ცკ“-ს შენობაში დარჩება.
ზურაბ ჟვანიამ უკვე განაცხადა, რომ ამ შენობის „ატანა“ მართლაც შეუძლებელია და მთავრობა სხვაგან დაიდებს ბინას.
ახალი ხელისუფლების მიზანია, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობას საერთოდ ჩამოაშოროს ყოველგვარი სახელმწიფო ფუნქცია. ისე რომ ხუთჯვრიანი დროშები გადმოიკიდოს თვით შენობიდან (როგორც კერძო ოფისებში აკეთებენ ხოლმე) და აღარ აღიმართოს თვით ყოფილი სახელმწიფო კანცელარიის თავზე.
რაც შეეხებათ სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლებს, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ახალ ხელისუფლებას თან მოჰყავს ახალი აპარატი. ამრიგად, თანამშრომელთა დიდ ნაწილს დაითხოვენ, ან მათ ფორმალური შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ ახალი აპარატის დასაკომპლექტებლად გამოცხადებულ კონკურსებში.
რაც მთავარია, როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა, დაახლოებით, ოთხჯერ შემცირდება.
ამით მთავრდება სახელმწიფო კანცელარიის ისტორია საქართველოში.
ეს ინსტიტუტი 1995 წლის კონსტიტუციისა და შესაბამისი სახელისუფლებო სისტემის პირმშო იყო, რომელმაც, როგორც ინსტიტუტმა, სახელმწიფოებრივად, პოლიტიკურად, მორალურად, ისტორიულად თავისი დრო მოჭამა.