ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი აზრობრივად ყველანაირ ქართულს დასცილდა. მათთვის გამაღიზიანებელია, როდესაც საუბარი არის საქართველოზე, ქართულ ეკლესიაზე და ა.შ. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გუშინდელ აქციაზე რა მოვისმინეთ საბოლოო ჯამში?! მოვისმინეთ ის, რომ იყო ხალხი გამოსული, რომლებიც საკუთარ ქვეყანაზე, ეროვნულ ინტერესებზე ფიქრობს და საქართველოსა და მისი სიყვარულის გარდა მგონი იქ არაფერზე იყო საუბარი. ამით გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლელობასა და პრორუსობას?! ეს არის საბოლოო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ, რომ როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ქვეყნის ინტერესზე და ა.შ. იქვე აწებებენ იარლიყებს. როდესაც ამბობენ „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“ და რომ ქართველობა ეს არის ევროპული კულტურის ნაწილი, რომლის შემქმნელებიც ჩვენ ვართ, ამის შემდეგ, როდესაც ქართველობაზე იწყებ საუბარს, რომ რაღაცნაირად ეწინააღმდეგება ევროპას, ამით ისინი თავიანთ ლოზუნგებს უარყოფენ. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებაში გარკვეულ აქტივისტებს აქვთ. მათთვის არ ვიცი როგორ მოხდა ცვლილება, მაგრამ რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ აზრობრივად ყველანაირ ქართულს დასცილდნენ. მათთვის გამაღიზიანებელია, როდესაც საუბარი არის საქართველოზე, ქართულ ეკლესიაზე და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში ჩაუფიქრდნენ, რომელი ქვეყნის შვილები არიან და რა ინტერესები აქვთ უპირველეს ყოვლისა დაყენებული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
30 აპრილს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გაიმართა.