ვარდების რევოლუციის 4 წლისთავს საქართველოს მოსახლეობა რევოლუციური ხელისუფლების მძაფრი კრიტიკით ხვდება. საქართველოს პარლამენტის წინ, იქ საიდანაც ვარდების რევოლუციის ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა და შევარდნაძის წინააღმდეგ ამბოხებული და "გაბრაზებული" ხალხის გამარჯვებით დასრულდა, 2007 წლის 2 ნოემბერს 100 000-ზე მეტი ადამიანი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და კონსტიტუციურ ვადებში გამართვის მოთხოვნით და მმართველი პოლიტიკური ძალის შიდა პოლიტიკურ კურსის გასაკრიტიკებლად შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებს თავდაპირველად სამი მოთხოვნა ჰქონდათ: არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, საარჩევნო კანონის დემოკრატიზაცია და დემოკრატიული არჩევნების გამართვა. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციაზე გამოსულთა უმეტესობას სოციალური და სხვა სახის პირადი პრობლემები აწუხებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი ამ უკმაყოფილების გამოყენებას სათავისოდ ცდილობენ.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა აქციის გამართვამდე მთელი საქართველო მოიარეს და ხელისუფლების შიდა პოლიტიკური კურსით უკმაყოფილო საზოგადოებას 2 ნოემბერს დედაქალაქში შეკრებისკენ მოუწოდეს.
დედაქალაქში რეგიონებიდან ჩამოსულთა თუ თბილისიდან გამოსულთა საპროტესტო ტალღა გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ხელისუფლება ან თავად ოპოზიციის ლიდერები ვარაუდობდნენ. ამას გარკვეულწილად სააკაშვილის ხელისუფლების მოხელეებმაც შეუწყვეს ხელი. რადგან ხელისუფლების თუ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსების მძღოლების დაშინება ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყეს. აფრთხილებდნენ, რომ მათ 2 ნოემბრის აქციაზე წასვლის მსურველები დედაქალაქამდე არ უნდა ჩაეყვანათ. ბუნებრივია ამ ამბავმა გაჟონა და საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაზარდა.
პირველი ნოემბერი
სწორედ ხელისუფლების მიერ მიღებული ამ და სხვა "გონივრული" ზომების შედეგი იყო, რომ აქციაში მონაწილეობის მსურველები დედაქალაქისკენ არა 2 ნოემბერს, არამედ ერთი-ორი დღით ადრე დაიძრნენ. სწორედ ამიტომ, საპროტესტო აქცია არა 2 ნოემბრის 2 საათზე, არამედ პირველი ნოემბრის საღამოს დაიწყო.
1 ნოემბრის საღამოს პარლამენტის წინ შეკრებილ "გაბრაზებულ" თბილისელებს პირველი კახეთიდან და მცხეთა-თიანეთის რეგიონიდან ჩამოსულთა კოლონა "სახალხო პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილთან, პარლამენტარ, "კონსერვატიული პარტიის" წევრ კახა კუკავასთან და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებთან ერთად შემოუერთდა.
თუმცა, რეგიონებიდან აქციაში მონაწილეობის მსურველთა ძირითადი ტალღა რუსთაველზე, პარლამენტის წინ ძირითადად 1 ნოემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე გამოჩნდა. დასავლეთ საქრათველოდან, აჭარიდან და სამეგრელოდან დაძრულ პროტესტანტთა კოლონას აქციაში მონაწილეობის მსურველები გზადაგზა იმერეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან უერთდებოდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად რეგიონებიდან ჩამოსული კოლონა, რომელიც 1 500 მანქანისგან შედგებოდა დედაქალაქს პირველი ნოემბრის 21 საათისთვის მოადგა. პარლამენტარებთან, "კონსერვატორ" ზვიად ძიძიგურთან, "რესპუბლიკელ" დავით ბერძენიშვილთან, "ეროვნული ფორუმის" წევრ გიორგი წულაიასთან, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად.
უკვე 1 ნოემბრის 23:00 საათისთვის პარლამენტის წინა და მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებით გადაიჭედა. ხალხის ტალღა ოპერამდე და მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედნამდე" აღწევდა. პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ჯერ კიდევ 1 ნოემბრის საღამოს შენიშნავდნენ, რომ მათი მოთხოვნები გაცილებით მსუბუქი იყო, ვიდრე ამას სააკაშვილი და მისი ვარდების ხელისუფლება იმსახურებდნენ. მაგრამ, რადგან მათ ახალი რევოლუცია აღარ სურდათ და იმედოვნებდნენ, რომ ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში განვითარდებოდა.
ამიტომ, პარლამენტის წინ და დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს არც იმ დღეს და არც 2 ნოემბერს პრეზიდენტის და მთვარობის გადადგომის მოთხოვნა არ გაუხმიანებიათ.
რეპორტაჟი აქციიდან
იმას, რა მოხდებოდა 2 ნოემბერს, მთელი საქართველო სულგანაბული ელოდა. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ოპოზიციიის მოწოდებების შემდეგ პარლამენტის წინ მათი პოლიტიკით უკმაყოფილო მხოლოდ 2-3 ათასი მოქალაქე თუ შეგროვდებოდა.
ოპოზიცია იქადნებოდა, რომ 100 000 ადამიანს შეკრებდა. თუმცა ამის იმედი სინამდვილეში არც ოპოზიციის ლიდერებს ჰქონდათ. პარლამენტის წინ ისინი დაახლოებით 50 000 ადამიანის შეკრებას ვარაუდობდნენ. იმ პირობების გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის აქტივისტები თუ ძალოვანი სტრუქტურის სამოქალაქო ფორმაში გადაცმული თანამშრომლები ავტობუსების, სამარშრუტო ტაქსების, ავტომანქანების მძღოლებს საბუთებს, ტექდათვალიერების პასპორტს ზოგ შემთხვევაში კი ავტომობილის გასაღებს ართმევდნენ, რომ საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეები მათ რეგიონებიდან დედაქალაქში არ ჩამოეყვანათ. პარლამენტის წინ პროტესტის გამოსახატად მისულ მოქალაქეთა რაოდენობამ არა თუ ხელისუფლება, ოპოზიციაც გააკვირვა.
საქართველოს პარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად გამოსული ათეულ ათასობით ადამიანი დღეს ქვეყანაში არსებულ არაერთ პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის პრობლემაზე საუბრობს. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ამ პრობლემების მოგვარების და შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ერთადერთი გზა არჩევნების დროულად გამართვა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაა.
"საპროტესტო აქციაზე ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ გამომიყვანა და იმან, რომ თავმოყვარეობა შემელახა", - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა. „ხელისუფლება სულ ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბრობს, ამ დროს ხალხი შიმშილით იხოცება. ახალგაზრდებს ქუჩებში უმიზეზოდ ხოცავენ და ამაზე პასუხს არავინ არავის სთხოვს", - ასეთია აქციაზე მისული სტუდენტი გოგონას პოზიცია. "კახეთიდან საფერავი ჩამოვიტანე. ყურძენი მაინც ვერ გავყიდე. სააკაშვილს რომ ჰკითხო, ყველაფერი კარგად არის. ამდენ ღვინოს მარტო რა დამალევინებს შვილო. რაკი მთავრობამ ამ ხალხს მოწამლული ღვინო შემოუგზავნა მე, სუფთა კახურ საფერავს მაინც დავალევინებ", - განგვიცხადა საგარეჯოდან ჩამოსულმა 75 წლის მოხუცმა. აქციაზე მოთხოვნა "გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი", მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებას არა თუ დათმობებზე წასვლა, ქუჩაში გამოსულ 100 000-მდე ადამიანთან საუბარიც არ სურდა.
მეტიც, სახელისუფლებო უმრავლესობის ლიდერები მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, რომ ამ აქციის უკან რუსეთი და "ბადრის" ფულები დგას. "გაბადრულ ოპოზიციას" ხალხი შეცდომაში შეჰყავს. არც პრეზიდენტის 4 ნოემბრის სატელევიზიო ინტერვიუში იყო პასუხი იმ კითხვებზე, რომელსაც საზოგადოება სააკაშვილისგან ელოდა. "ამ სატელევიზიო გამოსვლით მიხეილ სააკაშვილს ხალხთან არ უსაუბრია, ისე როგორც ეს პრეზიდენტს შეეფერება. როგორც ჩანს, ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ პრეზიდენტის გადადგომა, რადგან ჩვენ ის არ გვყავს.
ჩვენ გუშინ დავინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პრეზიდენტი, ან არ შეუძლია იყოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ქვეყნის ერთიანობის, საკონსტიტუციო წესრიგის გარანტი უნდა იყოს, ყოველი მოქალაქის ინტერესს უნდა იცავდეს და საკუთარი ხალხის წინაშე პასუხს უნდა აგებდეს. მას ან არ შეუძლია ამის კეთება ან არ სურს. გაერთიანებული ოპოზიცია არ მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, ჩვენ ის არ გვყავს", - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
5 ნოემბერი
გაერთიანებულმა ოპოზიციამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით მიმართა, დაინტერესდეს საქართველოში არსებული ვითარებით. ოპოზიციის ლიდერების და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის მოთხოვნების პასუხად თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში "ბადრიოტიზმის" დასამყარებლად ძალიან დიდი ფული და ენერგიაა მომართული არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
"საქართველოში პატრიოტიზმის ნაცვლად "ბადრიოტიზმი" არ დამყარდება. ამაზე ძალიან დიდი ფული და ენერგიაა მომართული არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. რუსთაველის პროსპექტზე აქცია პარტიის ყრილობას დაემსგავსა, მაგრამ ეს მათი უფლებაა და ქვეყანა ამით არ დაზარალებულა", - აცხადებს უგულავა. მისი თქმით, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს განვითარებას, ქვეყანაში დაწყებულ პროექტებზე მუშაობა გაგრძელდება.
"საქართველო მიდის წინ და ამ პროცესს ვერ შეაჩერებს ვერც ბერეზოვსკი, ვერც პატარკაციშვილი", - განაცხადა თბილისის მერმა. გვიან საღამოს ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განცხადება საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა, პარტია "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. მან დაადასტურა, რომ დაკავებამდე ხელისუფლების მისამართით გახმიანებული ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერი ოქრუაშვილის განცხადებებით ასევე საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე გადაიცემოდა. "ბოდიშს ვიხდი იმ ჩვენებებისთვის, რომლის მიცემაც ჩემი პატიმრობის დროს მაიძულეს. ამით მე ბევრი ადამიანის იმედი ვერ გავამართლე. ყველა ბრალდება, რომელიც სააკაშვილს ჩემს დაკავებამდე წავუყენე – სიმართლეა", - განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ამის დამადასტურებელ ყველა მტკიცებულებას ფლობს.
"არ მაქვს შესაძლებლობა ყველა ეს საბუთი საქართველოში გამოვაქვეყნო, მაგრამ, თუ იქნება ამის თეორიული შესაძლებლობა, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის სასამართლომ განიხილოს ჩემს ხელთ არსებული საბუთები - მე ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებას დავამტკიცებ", - განაცხადა თავდაცვის ექს-მინისტრმა. ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადა იმის დაკონკრეტებაზე, თუ რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე და მის ოჯახზე.
"მე ჯერჯერობით არ შემიძლია ამაზე საუბარი. როდესაც ჩემს პირველ განცხადებას ვაკეთებდი, ვხვდებოდი, რა სახის ზეწოლა იქნებოდა ჩემზე განხორციელებული. ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ, მეგონა, ეს მაშინვე მოხდებოდა, თუმცა მე სამი დღე მომცეს. მე დამაპატიმრეს და სააკაშვილისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელად უნდა გამოვეშვი. სანამ მე ციხეში ვიჯექი მე მომინახულა მთავრობის ნახევარმა შემადგენლობამ, თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილიდან დაწყებული. თვითონ პრეზიდენტი არ მოსულა, ის ასეთ პატივს არ დამდებდა”, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
იმაზე საუბრისას, თუ რა სახის აღიარებებს მოითხოვდნენ მისგან, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისგან მოითხოვდნენ, რომ ეღიარებინა, თითქოს ის ბადრი პატარკაციშვილთან შეთანხმებით მოქმედებდა, რომელიც მას ახალ მთავრობაში პრემიერის პოსტს დაპირდა. ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, მის მაგივრად გირაო სააკაშვილის "კარის ბიზნესმენმა", ვინმე თამაზ ნიჟარაძემ გადაიხადა.
ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი სატელეფონო საუბარი ისმინება და განაცხადა, რომ მას გააჩნია 2005-2006 წლებში საქართველოში სატელეფონო საუბრების მოსმენის არქივი, სადაც, მისი განცხადებით, "ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, მინისტრი თუ მოსამართლე საკუთარ ნომერს და ხმას ამოიცნობს". "დღეს, მე საფრთხეში ვაყენებ ჩემი ოჯახისა და მეგობრების უსაფრთხოებას. მაგრამ ვაფრთხილებ, თუნდაც ერთი თმის ღერი რომ ჩამოვარდეს მაგათი თავებიდან, ვპირდები სააკაშვილს, რომ შურს ვიძიებ, სადაც არ უნდა იყოს ის. არავინ იფიქროს, რომ მე რომელიმე ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ, მე დავბრუნდები საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება”. - განაცხადა ოქრუაშვილმა.
პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას ოქრუაშვილმა განაცხადა: "მინდა ბოდიში მოვიხადო მათ წინაშე, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას, იმისათვის რომ ამჟამად მე თქვენთან ერთად არ ვარ და მიუნჰენში ყოფნა მიწევს. იძულებული ვარ ლტოლვილად ვიქცე, მაგრამ მე მალე დავბრუნდები".
თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს ხელისუფლებამ სამი პრინციპული შეცდომა დაუშვა: "პირველი ისაა, რომ მე ეთერში ბრალდებებით გამოსვლის უფლება მომცეს. მეორე - ის, რომ მე გამომიშვეს. და მესამე - რომ დაიჯერეს, საჯარო საქმიანობით აღარ ვიქნებოდი დაკავებული", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
"ყოველ 5 წუთში ერთხელ მესმოდა კითხვა, სად არის ოქრუაშვილი. ამ კითხვაზე პასუხი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა გასცა.როდესაც ქვეყნის პირველ პირს ასეთი მძიმე ბრალდებები წარედგინება, მან ან ეს ბრალდებები უნდა გააბათილოს, ან ობიექტური გამოძიების ჩატარებას შეუწყოს ხელი. ირაკლი ოქრუაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კონკრეტული მტკიცებულებებით დაამტკიცოს ყველა ის ბრალდება, რომელიც მან ხელისუფლების და პრეზიდენტის წინააღმდეგ პირველი სატელევიზიო გამოსვლისას თუ ახლა წარადგინა", - განუცხადა "ჯორჯიან-თაიმსს" ოქრუაშვილის ადვოკატმა და მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.
7 ნოემბერი დილის 8 საათი - დარბევა
თავდაპირველად, ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ რუსთაველზე შეკრებილი ხალხი "იყვირებდა, იყვირებდა და დაიშლებოდა". თუმცა, მათი მოლოდინი არ გამართლდა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადაში გამართვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
სააკაშვილის ხელისუფლებამ მოშიმშილეთა წინააღმდე წინამორბედის ხერხი გაიმეორა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადრიანი დილით, როდესაც აქციაზე ყველაზე ნაკლები მონაწილე რჩება მაშინ დაარბია. ცემეს მოშიმშილე აქციის მონაწილეები. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს ოპოზიციური გაერთიანების რამდენიმე ლიდერი. მათ შორის გოგა ხაინდრავა. ნაცემია პარლამენტარი ლევან გაჩეჩილაძე.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილმა მოშიმშილეთა დარბევა 7 ნოემბერს გადაწყვიტა. "რესპუბლიკელების" და "კონსერვატორების" განცხადებით, "ბოლშევიკური" სულისკვეთებით გამსჭვალულმა ხელისუფლებამ ეს დარბევა დიდი ოქტომბრის ბოლშევიკური, სოციალისტური რევოლუციის 90-ე წლისთავს მიუძღვნა.
ოპოზიციის ლიდერები, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიუხედავად დარბევისა, ძალადობისა, აქციის მიმდინარეობა არ შეწყდება და საზოგადოების დაკვეთა: "საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში" და "საქართველოს სააკაშვილის გარეშე" შესრულდება.