ცივილიზებულ სამყაროში სტატისტიკის მეცნიერება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ბარომეტრს წარმოადგენს. სწორედ მისი დახმარებით იგეგმება ქვეყნების ეკონომიკური კონცეფსიები. თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენთვის მომავლის საქმეა, იმ პრეს-კონფერენციამ კი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის შენობაში ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი გიგინეიშვილმა გამართა, ყველაზე საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.
დავიწყოთ იმით, რომ ივლისის თვეში მარტოხელა ადამიანისათვის სიღატაკის ზღვარმა 131 ათასი კუპონი შეადგინა. ამავე პერიოდში, საშუალო ხელფასი 25 ათასი კუპონია. საქართველოს მოსახლეობა 5400 ათასს აღწევს, აქედან 5 მილიონი, ანუ მთელი მოსახლეობის 90-95 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.
ოჯახების რთული მატერიალური მდგომარეობა შობადობაზეც აისახა. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ყოველდღე ყოველ ათას კაცზე 6,1 ბავშვი ჩნდება, ხოლო სიკვდილიანობა 5,2 პრომილეს (ყოველ ათასზე 5,2 კაცი) შეადენს. როგორც ხედავთ, შობადობა და სიკვდილიანობა თითქმის გათანაბრებულია, მოსახლეობის მარტივი კვლავწარმოებაც კი შეწყვეტილია.
საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე და მრეწველობაზე. ბანკთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა წამოიჭრა, ძირითადად კი შეკრებილთ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მასშტაბები აინტერესებდათ.
ბატონმა ლერი გიგინეიშვილმა გადაწყვეტით ვერაფერი გვიპასუხა, ვინაიდან ბანკს ნორმალურ ქვეყნებში, და მათ შორის ჩვენშიც, ავტონომიური სტატუსი აქვს და მის საქმიანობაში თვით პარლამენტიც კი ვერ ერევა. ამდენად, სოციალურ-ეკონომიკურ კომიტეტს, რომელშიც საბანკო სტატისტიკა მაინცა და მაინც სათანადო დონეზე არ დგას, არ აქვს ეროვნული ბანკის საქმიანობის შესწავლისა და მასზე დაკვირვების საშუალება. ამიტომ ფლობს მხოლოდ მწირ ინფორმაციას.
წელს საქართველოში შარშანდელთან შედარებით 28-ჯერ მეტი ფულადი ნიშნები ბრუნავს, მრეწველობის ტემპი გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით ოცდაათჯერ შემცირდა.
რაც შეეხება კუპონის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადებას. გვაცნობეს, რომ მცირე ხანში საქართველოში შეიქმნება ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, სადაც კომერსანტებს საშუალება ექნებათ კუპონი გადაცვალონ სხვა ქვეყნების ვალუტებზე.
ქვეყანაში წარმოების დაცემამ გაზარდა ემიგრაციის ტემპებიც. თუ წინა წლებში ძირითადად არაქართველი ეროვნების მოსახლეობა ტოვებდა საქართველოს, რაც ისტორიულ მიწა-წყალზე დაბრუნების სურვილით იყო გამოწვეული, წელს მიგრაციის პროცესში ქართველებიც აქტიურად ჩაებნენ. თანაც, ემიგრირებული მოსახლეობის ძირითად ნაწილს 20-29 წლის ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ახალგაზრდობა შეადგენს.