„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ჩაშლილ კენჭისყრებს „ქრონიკაში“ გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, პროცედურულად ამის საშუალებას „ქართულ ოცნებას“ კანონი აძლევს, თუმცა მთავარი ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნით ოპოზიციის სურვილია ზეწოლა მოხდეს სასამართლო ხელისუფლებაზე.
„მოგეხსენებათ პროცედურულად კანონით ამის საშუალება არსებობს, ანუ ეს პროცედურული ომი, როგორც ამას ეძახიან ხოლმე, ალბათ გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, მაგრამ აქ მთავარი არა ეს პროცედურული საკითხი, არამედ ფუნდამენტური მიდგომაა, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ის, რასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს, არის პირდაპირი მცდელობა, რომ პოლიტიკური ზეწოლა და ჩარევა მოახდინონ ხელისუფლებაზე, მოხდეს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა. ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მზადება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამორჩეული იყო ამისათვის ერთი ყველაზე ისეთი გვარი, რომლის გარშემოც მოხდა სიტუაციის სტიგმატიზაცია, მთელი სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობის ამ ერთ, თუ ორ სახელსა და გვარზე მიბმა“, - განაცხადა დეპუტატმა.
ქადაგიშვილის თქმით, სიტუაცია სასამართლოებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, იმისგან რადიკალურად განსხვავდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სურათი არის კარდინალურად განსხვავებული. ოთხი ტალღა განხორციელდა სასამართლო რეფორმის და თითოეულმა ამ ტალღამ დადებითი და მკვეთრად დადებითი შეფასება გამოიწვია როგორც ვენეციის კომისიის მხრიდან, ისე საერთაშორისო პარტნიორებში. ვხედავთ, რომ ის, რასაც ჰქვია სასამართლოს მიერ შექმნილი პროდუქტი, სასამართლო პროცესების შედეგები, ამ მხრივაც სურათი არის კარდინალურად გაუმჯობესებული. არა მარტო თვისობრივად, როგორც იტყვიან, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებებია მიღწეული როგორც წინასწარი პატიმრობის, გამამტყუნებელი განაჩენების, გირაოს შეფარდების კუთხით და ა.შ. მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ ყველა ბოლო განაჩენი რაც მიიღო, ყველგან გარკვეულად არის ნახსენები, რომ საქართველოს სასამართლო ფუნქციონირებდა მაღალი მტკიცებულების სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოს და ადამიანთა უფლებების დაცვით. იქ სხვა მხრივ იყო საუბარი, რომ ხდებოდა კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღების დროს გაუგონარი ბულინგი და ზეწოლა. მაგალითად ასეთი იყო გახმაურებული „რუსთავი 2“-ის საქმე, სადაც არ დარჩენილა რომ იტყვიან პოლიტიკოსიდან დაწყებული, საელჩოთი დამთავრებული, რომელიც ზეწოლას არ ახორციელებდა მოსამართლეებზე. რეალურად, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ეს საკითხი განიხილა, ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა. მკვეთრად არის შემცირებული სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების საჩივრების შეტანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.