საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საბურთალოს ქუჩაზე სამი პირი: 1985 წელს დაბადებული ლუკა გ. - ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1985 წელს დაბადებული ლაშა ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ე. წ. „ნარკოკომის“ შესახებ მიღებული შეტყობინების გადამოწმებისას, საბურთალოს ქუჩაზე, ლუკა გ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად მყოფი გიორგი ს. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. იგი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ „ემერჯენს“-ის კლინიკაში გადაიყვანა. აღნიშნულ ბინაში ასევე იმყოფებოდნენ თავად ლუკა გ. და ლაშა ს, რომლებიც ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკული ნივთიერება „ოპიუმი“-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლუკა გ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კოლტ“–ის და „სტეჩკინი“–ს მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ერთჯერადი შპრიცი ამოიღეს, რომლებშიც 0,0321 გრ „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.
გამოძიება ლუკა გ–ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), ხოლო ლაშა ს–ს და გიორგი ს–ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
გამოძიებას აწარმოებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახური.