გუშინ, გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, თითქოს ორშაბათს დაგეგმილი პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩაშლა განაპირობა წინასწარ საკონსულტაციო შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრად ზურაბ კერვალიშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრად ირინა სარიშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრად მამუკა გიორგაძის კანდიდატურათა დასახელებამ.
ამავე გაზეთის ცნობით, პარლამენტმა ეს კანდიდატურები უარყო.
როგორც შევიტყვეთ, ინფორმაციის უზუსტობის გამო ირინა სარიშვილი სასამართლოში გაზეთ „რეზონანსის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს, რადგან მსგავსი საკითხი გუშინდელ საკონსულტაციო შეხვედრაზე არ განხილულა.
იმავე მიზეზით ასეთივე ქმედებას მიმართავს მამუკა გიორგაძეც. უცნობია, თუ რას მოიმოქმედებს ზურაბ კერვალიშვილი.
თუმცა ვეჭვობთ, ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა პირველი ორი პირის მაგალითს მიბაძოს - პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა ნამდვილად განიხილეს საკონსულტაციო შეხვედრაზე.
პოლიტიკური პარტიები ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ ზედმეტად კრიტიკულნი რომ არიან თავისუფალი პრესის მიმართ, უდავო ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს მოქმედ პოლიტიკოსთა დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ პოპულარიზაციაში ლომის წილი სწორედ თავისუფალ გაზეთებს მიუძღვით.
ამიტომ სამწუხაროა, როცა პირველი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სპორტული ტერმინი რომ ვიხმაროთ, შენდაუნებურად შენს საწინააღმდეგოდ „სატოპკე პასს“ აუწევ.