ცნობილი საოპერო მომღერალი, წევრი პარტიისა "ერთიანი საქართველოსთვის", ირაკლი ოქრუაშვილის თანამოაზრე ლელიკო ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თავის მოსაზრებას გამოხატავს.
- არსებობს თარიღები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. განა შეიძლება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული დღე არ აღინიშნოს?! 7 ნოემბერიც ასეთი საბედისწერო თარიღია - ხალხი ერთ დღეს 4-ჯერ დაარბიეს ზონდერბრიგადებმა. ლოზუნგების დრო წარსულს ჩაჰბარდა, ახლა საქმე და რეალური მოქმედებაა საჭირო.
"ეროვნული ფორუმის" მსგავსად, ყველა პარტია უნდა გავიდეს რეგიონებში, კარდაკარ იარონ, რადგან იქ საინფორმაციო შიმშილია, ეროვნული დაუმორჩილებლობის გამოცხადების დღისთვის ყველა მზად უნდა იყოს. როცა თბილისში გამოვა ხალხის "კრიტიკული რაოდენობა", რომლისაც მიხეილ სააკაშვილს ცეცხლივით ეშინია, მერე მას რეგიონებიც უნდა აჰყვნენ.
ბოლო ხანს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დემარში გამოუცხადეს კულტურის ცნობილ მოღვაწეებს, ვინ იქნება შემდეგი?
- ცხადია, არ იყო შემთხვევითი, რომ ზოგიერთმა ვაიდემოკრატმა ვიგინდარამ ჯერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე მიიტანა იერიში. მაგრამ ეს არ გაუვიდათ, რადგან მრევლი, მთელი საზოგადოება ფეხზე დადგა. ახლა კი კვლავ ქვეყნის კულტურის, ხელოვნების მოღვაწეებზე ცდილობენ ხელის აღმართვას, მათი მიზანი ერის თვითმყოფადობის, სულიერების, ღირსების განადგურებაა.
იმ საბაბით, რომ ოპერის თეატრის შენობის რემონტი იწყება, ფაქტობრივად, დასს შლიან. პროფესიონალებმა ვიცით, რომ გუნდისა და ორკესტრის თავიდან აწყობას 5-7 წელი მაინც დასჭირდება. ასე რომ, გარემონტებული სცენა ცარიელი აღმოჩნდება. ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ზაზა აზმაიფარაშვილმა აპრილის აქციებისას თქვა: ხალხს არ ეთეატრებაო და ეს არ აპატიეს.
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ჯაიანს, კაცს, რომელმაც კბილებით შეინარჩუნა დევნილი თეატრი, ეუბნებიან: შენ თვითონ დაწერე განცხადება წასვლაზეო. ბოლოს, კი, დარწმუნებული ვარ, რობერტ სტურუამდეც მივლენ - დაუმორჩილებელ დიდ ხელოვანთან, რომელმაც ქართული თეატრი ახალ მწვერვალზე აიყვანა. ახლახან გავიგე, რომ კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ლექსო თორაძისა და ალექსანდრე კორსანტიასთვის შეუთვლიათ, საქვეყნოდ ცნობილ დირიჟორ ვალერი გერგიევთან ერთად არ დაუკრათო!
როგორ ბედავენ ხელოვანებთან ასე საუბარს! ასე რომ, "ტვინების გამორეცხვის" ცნობილი მეთოდით უნდათ, ქართული კულტურა ნინა წკრიალაშვილის დონეზე დავიდეს.