არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის მოხსენებამ დაადასტურა საკონსტიტუციო ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის, მან ჩამოთვალა ყველა მიღწევა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქვს ქვეყანას

არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის მოხსენებამ დაადასტურა საკონსტიტუციო ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის, მან ჩამოთვალა ყველა მიღწევა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქვს ქვეყანას

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურმა მოხსენებამ კიდევ ერთხელ აჩვენა და დაადასტურა, რომ ქვეყანაში არსებობს საკონსტიტუციო ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის და საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა გავატარეთ იყო სწორი, ამან გააძლიერა ქვეყანაში დემოკრატია,  კიდევ უფრო დემოკრატიული გახადა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება შინაარსობრივ შეფასებებს, პრეზიდენტმა ჩამოთვალა თანმიმდევრულად ყველა ის მიღწევა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქვს ქვეყანას როგორც დემოკრატიის გაძლიერების, ისე საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკური განვითარების, ევროინტეგრაციის კუთხით. მან ასევე დასვა კითხვის ნიშნები, ბოლო ორი წლის მოვლენებთან დაკავშირებით იმ კონტექსტში, რა გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება ამ ორი წლის განმავლობაში. მინდა, დავარწმუნო საზოგადოება და ქალბატონი პრეზიდენტიც, რომ შემდეგ წელს, როდესაც პარლამენტში მას ექნება ყოველწლიური მოხსენება, მთელი საზოგადოება დაინახავს, ყველას ეცოდინება პასუხი მის მიერ დღეს დასმულ კითხვაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი ამ ბოლო პერიოდში რთულ რეგიონში მაშინ, როდესაც უკრაინაში არის რუსეთის აგრესია, რათა საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება განუხრელად ყოფილიყო დაცული. სწორედ ეს მომენტი, რთული პერიოდი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი ქვეყნის სუვერენულ და ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ეს არის ის ღირებულებები, მნიშვნელოვანი მიზანი და ამოცანა, რომელსაც ჩვენ არ დავუთმობთ არავის. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან განვითარებას. მშვიდობიანი ხვალინდელი დღე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა არის ის, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს პასუხები და რაზეც მზად ვართ, მივიღოთ მნიშვნელოვანი და მტკიცე გადაწყვეტილებები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, „ღიმილისმომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას“.

„ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტს მოიხსენიებდა როგორც არალეგიტიმურს. უკიდურესად შეურაცხმყოფელ კამპანიას აწარმოებდნენ მის მიმართ, დღეს უკრავენ ტაშს ისე, რომ არც ერიდებათ საკუთარი სიტყვების, განცხადებებისა და ქცევის, რაც ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ გააკეთეს, როგორც ისინი ექცეოდნენ ამ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ინსტიტუტს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, შეგვექმნა საქმიანი გარემო პრეზიდენტის ანგარიშისთვის, რათა საშუალება ჰქონოდა, შესრულებული სამუშაო და საკუთარი ხედვა საზოგადოებისთვის მიეწოდებინა. რასაკვირველია, ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით და არ ვეთანხმებით იმ კრიტიკულ მოსაზრებებს, რაც მოვისმინეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანაში არსებული საკონსტიტუციო ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის და პარლამენტში არის რეალური პოლიტიკური პროცესი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.