„2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“ - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის სენატში შეიტანეს და რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს.
მისი ავტორები რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები არიან. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ასევე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის ფონზე.
კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ნატოსთან და ევროკავშირთან კოორდინირებულად, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისა და აშშ-ის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.
კერძოდ კი ითვალისწინებს საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის დახმარების გაზრდას.