შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში მცხოვრები რუსეთიდან დევნილი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის თბილისში ყოფნის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, ბერეზოვსკი საქართველოში არ ყოფილა. თუმცა, სარწმუნო წყარო აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი საქართველოს დედაქალაქს 11 სექტემბერს მართლაც ეწვია და ყოფილი პარტნიორისა და მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის საფლავიც მოინახულა ამასთან, შეხვდა რამდენიმე მაღალჩინოსანს.
ბერეზოვსკის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17 სექტემბერსაც ჩამოფრინდა, თუმცა ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე, უცნობია.
ეს ამბავი გასაკვირია თუნდაც იმის გამო, რომ ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვაზე ოლიგარქი სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა. საინტერესოა, რას უნდა მოასწავებდეს ბერეზოვსკისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებს შორის კედლის დანგრევა.
პატარკაციშვილებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ბერეზოვსკის საქართველოში სტუმრობაზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.
თვით ოლიგარქმა არც დაადასტურა და არც უარყო თბილისში ყოფნის ფაქტი და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს ორჭოფული პასუხი გასცა:
„გასაგებ მიზეზთა გამო, მსოფლიოში ჩემი გადაადგილების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებ. ეფ-ეს-ბე ცდილობს, რომ საერთოდ არასოდეს მქონდეს გადაადგილების საშუალება. ამიტომ კომენტარს არ ვაკეთებ".
ეს პასუხი მარტივად დაახლოებით ასე ჟღერს, - ვიყავი თქვენთან, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ეფ-ეს-ბე კუდში დამდევსო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სტუმრობას არც უარყოფს და არც ადასტურებს, ბერეზოვსკი არ მალავს, რომ საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის იმედი აქვს, - ოპტიმისტი ვარ და ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მექნებაო.
სავარაუდოდ, ბორის ბერეზოვსკიმ თბილისში ინკოგნიტოდ მოგზაურობის დროს, ხელისუფლებისგან ნაწილობრივ მაინც მიიღო გარანტიები ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლის შესახებ.
თუ ასეა, გამოდის, რომ ახლა ხელისუფლებასა და ოლიგარქს შორის დიდი ვაჭრობა მიმდინარეობს.
რა ინტერესები უნდა ამოძრავებდეს ბორის ბერეზოვსკის საქართველოში და რისი მიღება სურს მისგან ხელისუფლებას? ამასთან დაკავშირებით სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ ახლა სააკაშვილის რეჟიმს ისე უჭირს, რომ ბორის ბერეზოვსკის კი არა, თვით მკვდრეთით აღმდგარ პატარკაციშვილსაც შეხვდებოდა სავაჭროდო.
იმასაც ამბობენ, რომ ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი საგანი კვლავაც ტელეკომპანია "იმედია", თუმცა, გაურკვეველია, რისი იმედი აქვს "იმედისგან" ოლიგარქს და რის იმედად დათმობს ხელისუფლება ტელეკომპანიას, როცა გარანტია არა აქვს, რომ დათმობა ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდება.