თითქმის ერთი წელია, რაც მამა ბასილ მკალავიშვილი ციხიდან გათავისუფლდა. იეღოვურ სექტასთან დაპირისპირებული ღვთისმსახური პატიმრობის შემდეგ საკმაოდ შეიცვალა, ციხეში გატარებული ოთხწელიწად-ნახევრის შემდეგ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნა, თუმცა გლდანის ეკლესიაში წირვა-ლოცვას კვლავაც განაგრძობს. თავად ამბობს, რომ ძველ გზას არ ღალატობს, თუმცა ბრძოლის სხვა გზებს ირჩევს.
მამა ბასილი „თბილისელებს“ პატრიარქის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიისა და საპატრიარქოსთან არსებული მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა.
რაც საპატიმროდან გამოხვედით, თითქმის აღარ ჩანხართ, ინტერვიუებსაც კი თავს არიდებთ. ეტყობა, პატიმრობის შემდეგ მშვიდი ცხოვრება არჩიეთ.
– ამ გაუბედურებულ საქართველოს რომ ვუყურებ, ძალიან ვნერვიულობ. რაც საპატიმროდან გავთავისუფლდი, ფიზიკურად ვერ ვარ კარგად, კიდევ ერთი ინფარქტი გადავიტანე, თუმცა ახლა ცოტა გამოვკეთდი. ისე, სულ აქ ვარ, ჩემს ეკლესიაში. ჩემი პატიმრობის დროს აქაურობა მრევლის ძალიან მცირე ნაწილმა მიატოვა, მათ შორის იყო მღვდელი არჩილ ავანიშვილიც. ის უშიშროებამ გადაიბირა, მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა ეკლესია და ახლა წირვა-ლოცვას მამა ვახტანგ მარგიანიც ატარებს. მრევლის შემოწირულობებით ეკლესია გავარემონტეთ, საკურთხეველი და ტრაპეზები მოვაწყვეთ.
როდესაც საპატიმროდან გათავისუფლდით, საპატრიარქოსთან ურთიერთობის აღდგენასა და პატრიარქთან შესაძლო შეხვედრის შესახებ განაცხადეთ. ხომ არ შემდგარა ეს შეხვედრა?
– არა, პატრიარქს არ შევხვედრივარ, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩვენსა და საპატრიარქოს შორის. მე ვერ დაგისახელებთ იმ პიროვნებათა ვინაობას, ვინც საპატრიარქოს მხრიდან იღებს მონაწილეობას ამ მოლაპარაკებაში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დიდი სჯულის კანონზე დაყრდნობით ჩატარდეს სრულიად საეკლესიო და საერო კრება, სადაც მოხდება ჩვენი შერიგება და გაერთიანება. აუცილებლად უნდა აღიარონ ჩემ მიერ ჩატარებული რიტუალები, უნდა ითქვას, რა მოხდა სინამდვილეში მაშინ ჩვენსა და საპატრიარქოს შორის და რის გამო გამოვეყავი მე საპატრიარქოს. მათ უნდა აღიარონ, რომ მე ვიცავდი დიდი სჯულის კანონს, რაშიც, სამწუხაროდ, არ დამიდგა მხარში საპატრიარქოს სამღვდელოება. 1992-1993 წლებში მე მარტოს მიწევდა ბრძოლა იეღოველთა და სხვადასხვა კრიმინალური სექტის, მათ შორის „თავისუფლების ინსტიტუტის“ წინააღმდეგ. მაშინ ამბობდნენ, წარმოუდგენელია ეს სექტა გამრავლდესო, მაგრამ ყველამ ვნახეთ, როგორ გამრავლდნენ ისინი. ეს არის კრიმინალური ხალხი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საფრანგეთში, გერმანიაში აიკრძალა იეღოველთა სექტა და მათ წინააღმდეგ დამსჯელ სანქციებს ატარებენ. მათ საქართველოში მოიკიდეს ფეხი, თორემ აზერბაიჯანში მათი საქმიანობა აკრძალულია, სომხეთშიც არც ერთი იეღოველი არ არის. მე წლების წინ ვაფრთხილებდი კიდეც საპატრიარქოს, რომ ერთ დღეს ეს ხალხი მათ დაუპირისპირდებოდა და შეუტევდა. ჩემი სიტყვები გამართლდა.
როგორია თქვენი პოზიცია ბოლო პერიოდში პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ უხამს კამპანიასთან დაკავშირებით?
– ეშმაკისგან მოვლენილი თეა თუთბერიძე და ლევან რამიშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში მართლმადიდებლური სარწმუნოება მოგვისპონ. თეა თუთბერიძე და სოზარ სუბარი ჩემთან იყვნენ საპატიმროში მოსულები, მაშინ თეა თუთბერიძე სოზარ სუბარის მოადგილე იყო სახალხო დამცველის ოფისში. მე ციხის საავადმყოფოში ვიწექი და თავად მოვითხოვე, რომ სუბარი და თუთბერიძე მოსულიყვნენ. მე იქ ჩხუბი დავუწყე მათ, ყველაფერში „ჩავჭერი“ თუთბერიძე, პასუხი ვერაფერზე ვერ გამცა. ისე გამოიქცა მესამე სართულიდან, უკან არ იყურებოდა. იქ ისეთი ამბები ჩაიდინა, მთელი დეპარტამენტი ფეხზე დააყენა, მთელ ეზოს ესმოდა ჩვენი ყვირილი, მერე პატიმრებმა სტვენა დაუწყეს – აბა, თეას ხომ არ დაუჭერდნენ მხარს?! კივილით გარბოდა კიბეებზე. სოზარ სუბარმა ბოლომდე მშვიდად მომისმინა, ზედმეტი სიტყვა არ უკადრებია ჩემთვის, თუთბერიძემ ვერ გაუძლო ჩემთან საუბარს. მე ვუთხარი მას, რატომ მაშინ არ ამოიღე ხმა, როცა უკანონოდ დამაპატიმრეს-მეთქი? ისიც ვუთხარი, რომ ის იყო სააკაშვილის დაქირავებული პიროვნება ეკლესიის წინააღმდეგ, რაც დღეს უკვე დამტკიცდა. თეასთან ერთად არის ვასილ კობახიძე, საპატრიარქოს ყოფილი მღვდელი, ჩემი განკვეთის დროს, 1994 წელს, ის საპატრიარქოს პრესმდივანი იყო და 30-ე მუხლი მომიყენა. მაშინ ვუთხარი მას: იცოდე, შენ უარესი დღე დაგადგება-მეთქი და, მართლაც, ხან ბაპტისტებთან გადავიდა, ხან სხვებთან ერთად იყო, დღეს საერთოდ აღარაა სასულიერო პირი და საშინელ განცხადებებს აკეთებს. ადამიანი რომ იტყვის – მიმიფურთხებია მართლმადიდებლობისა და პატრიარქისთვისო, იმას რაღა უნდა ელაპარაკო?! პატრიარქს, შეიძლება, სჯულის კანონზე დაყრდნობით ესაუბრო, მაგრამ ვინაა თუთბერიძე რომ თავის თავს ამის უფლებას აძლევს, რა აღმსარებლობა აქვს? ხან ბაპტისტებთანაა, ხან ევანგელისტებთან, ხან კი – ორმოცდაათიანელებთან. თეა თუთბერიძისა და ლევან რამიშვილის სარწმუნოება არის ფული. ეს ხალხი ასრულებენ მსოფლიო ანტიქრისტიანული ძალების, განსაკუთრებით კი – ამერიკისა და ჯორჯ სოროსის დავალებას, რომლებიც აფინანსებენ „თავისუფლების ინსტიტუტს.“ თუ საქართველოში არ იარსებებს მართლმადიდებლობა, არ იარსებებს ქართველი ერიც – სწორედ ესაა ამერიკის მიზანი. როდესაც მე ციხეში ჩამსვეს, ექვსი თუ შვიდი თვე იყო გასული და ჩემთან სამჯერ მოვიდნენ უშიშროებისა და პროკურატურის თანამშრომლები. მათ მოითხოვეს ჩემგან, რომ გაზეთ „24 საათში“ გამომექვეყნებინა ბინძური მასალები პატრიარქის წინააღმდეგ. თუ მე ამაზე თანახმა ვიქნებოდი, დაუყოვნებლივ გამათავისუფლებდნენ ციხიდან. მე არ დავთანხმდი ამ შემოთავაზებაზე, რის შემდეგაც გადაიბირეს სამი ეპისკოპოსი: სწორედ მათ შეუტიეს პატრიარქს, მაგრამ ხალხმა დიდი განგაში ატეხა და ისინიც ცოტა ხანს გაჩერდნენ. როგორც ხედავთ, ახლა კვლავ ხორციელდება შეტევა ეკლესიაზე. შესაფერისი ადამიანის მოძებნა ძალიან გაუჭირდებოდათ, ამიტომაც მოძებნეს „თავისუფლების ინსტიტუტი“.
ხელისუფლება მკვეთრად გაემიჯნა საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას. იქნებ მართლაც ასეთია მათი რეალური პოზიცია?
– ამას ვინ დაიჯერებს? ხელისუფლება ჯერ აკეთებინებს ცუდ საქმეებს და მალულად ამოქმედებს „თავისუფლების ინსტიტუტს“, მერე იწყებს ფორმალურ გამოძიებას. ჩვენ ვიცით არაერთი მკვლელობა, რომელიც შეკვეთილია მთავრობის მიერ და მერე თავად ხელისუფლება იცავდა ამ მკვლელებს. მათ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეხუთე დღესვე გაატარეს რეგისტრაციაში იეღოველთა სექტა, რომელთაც დღეს საქართველოს ყველა რეგიონში აქვთ აშენებული ეგრეთ წოდებული „სამეუფო სახლები“ და, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ, ხელის შემშლელი კი არავინაა. მე დავანახვე ქართველ ხალხს, როგორ უნდა გვებრძოლა ამ კრიმინალურ სექტასთან.
თუმცა, მეთოდები, რომლებიც თქვენ აირჩიეთ, არ იყო სწორი. ბოლო პერიოდში იეღოველთა საწინააღმდეგო განცხადებებს აღარ აკეთებთ, რამე პირობა ხომ არ ყოფილა თქვენ მიმართ წამოყენებული თქვენი გათავისუფლების დროს?
– მე არ ვარ მშვიდად, მე კვლავ განვაგრძობ ბრძოლას მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად. ამას ხალხი კიდევ დაინახავს, მაგრამ ამ ბრძოლას ძველი ხერხებით აღარ ვგეგმავ, არსებობს სხვა გზაც, ქართველი ხალხის დასარწმუნებლად, ჩვენი რელიგიის მტრებთან ბრძოლა აუცილებელია. ადრე, როდესაც ჩვენ მივდიოდით იეღოველთა სექტებთან, თავიდან მე მხოლოდ ვესაუბრებოდი ხოლმე მათ. შემდეგ ისინი პროვოკაციაზე მიდიოდნენ, სჯულს, ხატს და ჯვარს გვიგინებდნენ, მერე იწყებოდა ხელჩართული ბრძოლა. ჩხუბი არც ჩვენ გვინდოდა, მერე გამოვიდოდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და იტყოდა, რომ ჩვენ ჯვრებს ვურტყამდით იეღოველებს თავში. როცა საქმე საქმეზე მიდგა და მე ტელევიზიაში მივედი, ვერც ერთი ასეთი კადრი ვერ მაჩვენეს, სადაც ან პირადად მე, ან ჩვენი მრევლი, ასეთ რამეებს აკეთებდა. ჩვენ ასეთი საქციელი ვერ დაგვიმტკიცეს. ამათ ახლა კი არ დაიწყეს საპატრიარქოზე შეტევა, ეს დიდი ხანია, გრძელდება. როცა მე შევედი სახალხო დამცველის ოფისში და იქ კარგი „საუბარი“ ჩავუტარე იმ ხალხს, ვიცოდი, რასაც გააკეთებდნენ. მე მქონდა ინფორმაცია, რომ მათ დაგეგმეს იარაღის შემოტანა, თითქოს ჩვენ ასლან აბაშიძეს ვეხმარებოდით. მანქანაც მოიყვანეს იმ საღამოს, მაგრამ ხალხმა არ შემოუშვა ისინი. ამის შესახებ ციხეში გავიგე ყველაფერი. თურმე ყოველ ნახევარ საათში რეკავდა ვანო მერაბიშვილი და უბრძანებდა თავის პოლიციელებს, რომ ეკლესიაში იარაღი შემოეტანათ, მაგრამ, ვინაიდან ირგვლივ ბევრი ხალხი და ჟურნალისტი იყო, მათ ეს ვერ შეძლეს, ამიტომაც განახორციელეს მერე თავდასხმა. როცა ციხეში ვიყავი, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ჩემთან და ბოდიში მომიხადეს. იმ ხალხიდან, ვინც ეკლესიაში შემოგვიცვივდნენ 30 პროცენტი დაიღუპა, თითქმის დაბრმავდა თავთუხაშვილი. უამრავი თვითმხილველი არსებობს, რომ ეკლესიაში მოვიდა სამი პიროვნება, ისინი ღამის 2 საათამდე ლოცულობდნენ და ღმერთს პატიებას სთხოვდნენ, მერე სამაჩაბლოში წავიდნენ. ბრძოლის დაწყებამდე, მთელი ღამე საუბრობდნენ თურმე, რომ ეკლესიაში მივედით და ჩვენი საქციელი მოვინანიეთო, თუმცა გამთენიისას ისინი დაიღუპნენ. ის ადამიანებიც მოდიან ეკლესიაში, ვინც აქედან გაყვანის დროს წელში ფეხებს მირტყამდნენ, მაგრამ მე მღვდელი ვარ და ყველას უნდა მივუტევო.
კომუნისტური რეჟიმის დროს, როცა ნახშირგორის ეკლესია აღვადგინე, სამ-სამი დღე დამაპატიმრეს. მაშინ ეკლესიები არ შენდებოდა. მაშინაც მოვუწოდე საქართველოს მოსახლეობას, რომ დადგებოდა დრო და საქართველოში ეკლესიების აღდგენა დაიწყებოდა და არ დამიჯერეს. იმ პერიოდში ვქადაგებდი, რომ რუსების დროშა ჩამოვარდებოდა. ციხეში ყოფნის დროს მქონდა გამოცხადება, რომ რუსები საქართველოს დაბომბავდნენ და არც ეს ირწმუნა ხალხმა. სანამ სააკაშვილი აქ იქნება, რუსეთი არ მოისვენებს. სულ მალე მოგვევლინება საქართველოში ისეთი პიროვნება, რომელიც აკრძალავს პროზელიტიზმს, რასაც ესენი ქადაგებენ. ასეთ მდგომარეობაში დიდხანს არ იქნება ჩვენი ხალხი.
საიდან გამოჩნდება ასეთი ადამიანი, ოპოზიციამ ხალხის იმედები ვერ გაამართლა.
– ამ ოპოზიციას არ უყვარს საქართველო. გურამ შარაძე დღისით მზისით მოკლეს და ოპოზიციას ხმა არ ამოუღია. ესაა ოპოზიცია?! ღმერთი აუცილებლად გამოუჩენს საქართველოს ღირსეულ ადამიანს, სულ მალე მოგვევლინება პიროვნება, ვინც ჩვენს მართლმადიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ხალხს დაიცავს. ერი უნდა გაერთიანდეს პატრიარქის ირგვლივ და ღვთისმშობელი საქართველოს არ გაწირავს.