საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველი სამხედროების მომზადების პროცესს დაესწრო. ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსზე“იმყოფებოდა. აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს. ,,ჰოჰენფელსის’’ საწვრთნელ ბაზაზე ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიან.
სასწავლო ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. შექმნილია იმიტირებული ავღანური ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და ავღანეთში ყოფნისას საჭირო სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობენ, ეგუებიან იმ გარემოს, სადაც სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ.
„ჰოჰენფელსი“-ში მომზადების დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან და ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებენ მისიას. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იქნება. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირადად მენახა, როგორ ემზადებიან ჩვენი ბიჭები ავღანეთისთვის. წვრთნები პრაქტიკულად მიახლოებულია რეალობას, საფრთხეებიც და ის გარემოც, რომელიც მათ დახვდებათ ავღანეთში. სწორედ ამაზე არის გათვლილი ეს მეცადინეობები. მაღალი შეფასებებია ამერიკელი და ჩვენი სამხედროების მხრიდან, თუ როგორია მომზადების დონე. საბოლოო შეფასება თვის ბოლოს იქნება და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს ბიჭებს აქვთ სრული შესაძლებლობა მოემზადონ საკუთარი მისიის ბოლომდე შესასრულებლად. ჩვენც, თავდაცვის სამინისტრო, მთელი მთავრობა მხარს უჭერს მათ.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ და ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ.
"მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსი წარმატებით თანამშრომლობენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას და იმ წვლილს, რომელიც ქართველ სამხედროებს შეაქვთ ISAF-ის ოპერაციაში. საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლები ამაყობენ, რომ ქართველებთან ერთად მსახურობენ ჰელმანდის პროვინციაში," განაცხადა ამერიკელმა გენერალმა რიჩარდ ტრაიონმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების სარდალს გენერალ ლეიტენანტ დონალდ კემპბელს შეხვდება.