„სააკაშვილი რა მაკვარანცხიც არის, ჩვენზე უკეთ ევროპელებმა იციან

„სააკაშვილი რა მაკვარანცხიც არის, ჩვენზე უკეთ ევროპელებმა იციან"

ამბობს, რომ დღეს ყველაზე არასასურველი ჟურნალისტია საქართველოში, 5 წელიწადია Radio France Internationale-ს ბრიუსელის ბიუროშია და ევროკავშირსა და ნატოში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ბევრს უთქვამს, სამშობლოში გიორგი ფოფხაძე სიმართლის თქმისთვის მოიძულესო. თუმცა ფრანგ ჟურნალისტად "მონათლული" ქართველი ჟურნალისტი სიმართლის თქმას არ ერიდება.

11 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართულ ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე თავი ცუდად იგრძენით. განაცხადეთ, რომ მოგწამლეს. საქართველოში ამის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი...

- მოწამვლა ჰოსპიტალში დადგინდა. საავადმყოფოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, ბრიუსელის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ე.წ. დამნაშავე-ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია და საქმეც სწორედ იქს-პერსონის წინააღმდეგ არის აღძრული.

ვის უნდა სჭირდებოდეს თქვენი თავიდან მოცილება?

- ვიღაცას ჩემი ბრიუსელში "მოღვაწეობა" აღიზიანებს. საქართველოს მთავრობაც და ოპოზიციაც ქმნიან წარმოდგენას, რომ მათი "მუშაობა" დასავლეთში მიღებული და დაფასებულია. სინამდვილეში, ევროპაში არავის მოსწონს არც მთავრობის პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაბიჯები და არც ოპოზიციის უაზრო ფაფხური. ოპოზიციას ეხამუშება იმის გაგონება, რომ ევროპაში მათი ვიზიტები "დიდ გასეირნებას" ჰგავს და მათ სერიოზული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები არ ხვდებიან. ამ ყველაფრის დანახვა-გავრცელება არ აძლევთ ხელს..

ზოგადად ქართულ ოპოზიციას გულისხმობთ, თუ რომელიმე ფრთას? რას იტყვით ბოლოს შექმნილ კიდევ ერთ ოპოზიციურ ალიანსზე ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით?

- ოპოზიციაზეც ვფიქრობ იმავეს, რასაც საქართველოს მთავრობაზე. ფრანგს და გერმანელს რომ უყვებიან, მიშა სააკაშვილს პოლიტპატიმრები ჰყავს, სასამართლო არ უვარგა და მედია დამოუკიდებელი არ არისო, თვითონ რას აპირებენ და რას სთავაზობენ საზოგადოებას? ეს უნდა იყოს გამოკვეთილი, თორემ სააკაშვილი რა მაკვარანცხიც არის, ჩვენზე უკეთ ევროპელებმა იციან.

ვერ გამოვდგები ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატად და მისი პოლიტიკური ძალის პიარმენეჯერად, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ირაკლი ოქრუაშვილი პრინციპული ადამიანია და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე ვნახე თქვენ მიერ შედგენილი ქართველი ჟურნალისტების ათეული, რომლებიც ამ ხელისუფლებამ იძულებით შვებულებაში გაუშვა ან თვითონ წავიდნენ საზღვარგარეთ. იქ მეთერთმეტეც უნდა ყოფილიყო - გიორგი ფოფხაძე.

- ასეა, ჩემზე მიუღებელი ჟურნალისტი ახლა საქართველოში არ არსებობს. ქართულ "პოზიციურ და ოპოზიციურ" ტელევიზიებს ფოფხაძის გვარის გაგონებას ურჩევნიათ, ტყვია დაიხალონ. ეს იმ "ტელებუტკების" წარმომადგენლებსაც ეხებათ, ვის გამოც ევროსტრუქტურებში არ დამიტოვებია "საჭირო კაბინეტი", მათ პრობლემებზე ხმის ჩახლეჩამდე არ მეყვირა და საერთაშორისო ორგანიზაციების კართან 24 საათი არ ვმდგარიყავი. ვერავის ვერაფერს დავაძალებ, სირცხვილია, როცა ქართველ ჟურნალისტს "ფრანგ ჟურნალისტად" მოიხსენიებენ. ცუდია, როცა ქართულ ტელე და რადიოსივრცეში მარგინალების "პარადია" და ნინო ივანიშვილი და ზურა კოდალაშვილი უცხოეთში მუშაობენ.

ხშირად ძალიან კრიტიკული ხართ ქართველი ჟურნალისტების მიმართ, მათ დეზინფორმაციაშიც ადანაშაულებთ...

- არსად ისეთი რამ არ ხდება, რაც ქართულ ჟურნალისტიკაში, ირანსა და ბელორუსშიც კი არ არის ამდენი მეხოტბე ჟურნალისტი. ქართული ჟურნალისტიკა (უფრო - ტელესივრცე) ორადაა გაყოფილი - ერთნი მთავრობას ადიდებენ, მეორენი - ოპოზიციას. არადა, ჟურნალისტიკა კრიტიკის, ანალიზისა და სიახლის ზუსტად გადმოცემის ხელოვნებაა... ყველაფერ უბედურებასთან ერთად ქართულ ჟურნალისტიკას პროფესიონალიზმი აკლია. ყველაზე დიდი უბედურება კი მაინც გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაა.

ბატონო გიორგი, რატომ ხართ ასე უარყოფითად განწყობილი რუსი ჟურნალისტის, ოლეგ პანფილოვის მიმართ, აქ მას ბევრი გმირად მიიჩნევს...

- ოლეგ პანფილოვი განსაკუთრებულ ნაძირალათა კატეგორიას განეკუთვნება. "ექსტრემული ჟურნალისტიკაო" რომ გაიძახის, აგვიხსნას, რომელ ექსტრემულ სიტუაციაშია ნამყოფი. რუსების საქციელით აღშფოთებულმა პანფილოვმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და რუსეთიდან თბილისში გადმობარგდაო. არავის გაუჩნდა კითხვა, იყო კი პანფილოვი რუსეთის მოქალაქე? არასდროს ყოფილა! იქნებ პანფილოვმა გვანახვოს პროფესიონალი ჟურნალისტის დამამტკიცებელი საბუთი. უბედურება ისაა, რომ ჩვენს "გენიოს" მთავრობას პანფილოვისნაირი "ვირთხები" სჭირდება და არა - ჟურნალისტები.

როგორია ევროპიდან დანახული საქართველო?

- ევროპელებს ძალიან მოსწონთ საქართველო, დიდ პატივსაც სცემენ ქართულ კულტურას და ისტორიას, მაგრამ პრომოვიდეოებით აშენებული ტურიზმის არ მჯერა.

ჩემი მეგობარი ფრანგები ჩამოვიდნენ ამ ზაფხულს ბათუმში და ზუსტად 3 დღეში დატოვეს "გაპიარებული" ქალაქი. ფასები კატასტროფულად მაღალია, გაღიმებული მიმტანების ნაცვლად დაბღვერილი და გაგულისებული ტიპები დახვდნენ. რაც მთავარია, ზღვაა დაბინძურებულ-გაუბედურებული. ევროპაში საქართველოს პრეზიდენტისადმი უარყოფითი დამოკიდებულებაა. ქვეყნიდან ამდენი მოქალაქე რომ გაგექცევა, 150-მდე პოლიტპატიმარი გეყოლება და შენი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციური ქვეყნის მშენებლობით იამაყებს, კარგი თვალით ვინ შემოგხედავს?

იქნებ გვითხრათ თქვენი აზრი საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რა შანსი დაგვრჩა იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რა პროცესებიც, ბოლო წლებია, საქართველოში მიმდინარეობდა?

- დღეისათვის შანსი ნულოვანია. თუ იმ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც ალიანსის წევრი ქვეყნები გვიყენებენ, აუცილებლად გავხდებით ამ ელიტარული და პრესტიჟული სამხედრო-პოლიტიკური კლუბის წევრი. ჩვენს დღევანდელ შანსებზე კი ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის სიტყვებით გიპასუხებთ: "საქართველოს სჭირდება მრავალი წელი, რათა ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილოს".