8 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს ათ საათზე ნატახტართან შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ მოკლა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების რეგიონალურ ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომელი, 45 წლის ფრედ ვუდროფი.
9 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომელშიც მაღალი შეფასება მიეცა განსვენებული დიპლომატის პროფესიულ თვისებებს და იმ წვლილს, რომელიც ბატონმა ვუდროფმა შეიტანა აშშ-სა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარებაში.
9 აგვისტოსვე, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო აშშ-ს ელჩი საქართველოში კენტ ბრაუნი. შევარდნაძემ თანაგრძნობა გამოუცხადა საელჩოს თანამშრომლებს და დაღუპულის ოჯახს და გამოთქვა იმედი, რომ ეს ტრაგიკული ინციდენტი გავლენას არ მოახდენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პროცესზე.
9 აგვისტოს ამერიკის საელჩომ საქართველოში გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია:
„აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები და ფრედ ვუდროფის მეგობრები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი ტრაგიკული დაღუპვის გამო, კვირას საღამოს თბილისის მახლობლად ატეხილი უაზრო სროლის შედეგად. ბატონი ვუდროფი გახლდათ აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების რეგიონალური ურთიერთობათა სექტორის თანამშრომელი.
იგი დროებით იყო მოვლინებული თბილისში სამუშაოდ და სულ რამდენიმე დღეში უნდა გამგზავრებულიყო სამშობლოში. საელჩოს თანამშრომლები გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ფრედის მეუღლეს და შვილებს.
დარწმუნებული ვართ, ჩვენს მწუხარებას იზიარებს ყველა ჩვენი ქართველი მეგობარი და კოლეგა - ვინც კი ფრედს იცნობდა - მისი დაღუპვის გამო, რომელიც გამოიწვია ძალადობის უაზრო გამოვლენამ.“
გუშინ თბილისს ეწვია აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯეიმზ უილსი. ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა არ იქონიებს გავლენას საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაზე.
„პრეზიდენტი ქლინთონი უდიდეს პატივს გცემთ იმისთვის, რასაც დღეს თქვენ საქართველოში აკეთებთ“ - უთხრა მან შევარდნაძეს.
გუშინვე დაღუპული დიპლომატის ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს.